ბათუმმა სამედიცინოსთან იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ბათუმმა სამედიცინოსთან იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ბათუმის გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
მე-7 ტურის პირველი მატჩი რამდენიმე წუთის წინ ბათუმში დამთავრდა, სადაც მასპინძლებმა
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი 82:73 დაამარცხეს.

აუტსაუდერების შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ,,მედიკოსები” ბათუმში სეზონის პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავიდნენ და ბოლომდეც იბრძოლეს,
მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერას გახდნენ. ბათუმის დარბაზი სავსე არ იყო, თუმცა ვინც დარბაზში
მოვიდა, მშობლიური ქალაქის გუნდს მხურვალედ ქომაგობდა. სწორედ ქომაგებზე და საკუთარი
მოედნის ფაქტორზე ისაუბრა მატჩის შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ,
როცა კომენტარი ვთხოვეთ.

თანაბარი შეხვედის ბოლო წუთებზე მასპინძლებმა გადამწყვეტი
ბურთები ჩააგდეს და ამის ხარჯზე გაიმარჯვეს. საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ანგარიში
მასპინძელთა სასარგებლო (73:70) იყო და თსსუ უტევდა. ბათუმელებმა დაცვაში კარგად ითამაშეს,
მედიკოსებს ბურთი ჩაუჭრეს და დავით ყველაშვილმა 2 საჯარიმოთი „ბათუმი“ 5 ქულით დააწინაურა.
მატჩის ბედი კი დასრულებამდე 1 წუთით ადრე გადაწყდა, როცა ლაშა კეშელავას ზუსტ ჯარიმებს
მასპინძელთა 77:70 დაწინაურება მოჰყვა.

ბათუმელთა შორის საუკეთესო სწორედ კეშელავა იყო. ვეტერანმა
ბათუმელმა კალათბურთელმა 21 ქულა და 13 მოხსნა მოინაგრა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა გიორგი
ნანიტაშვილმა პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა. მასპინძელთაგან 15-15 ქულა დააგროვეს
ნიკა რამიშვილმა და ივანე მაისურაძემ.

მედიკოსთა შორის საუკეთესო 16 ქულით დავით რევაზაშვილი
იყო, ხოლო ზურა მაისურაძემ 15 ქულა დააგროვა.

მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს:

მიხეილ კობეშავიძე, „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი:

„ეს იყო 2 თანაბარი დონის გუნდის შეხვედრა და მატჩის
ბედი ბოლო წუთებზე ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საკუთარი კედლების
ფაქტორი და გულშემატკივართა მხარდაჭერაა. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენი
გუნდის გამოცდილმა კალათბურთელებმა – ლაშა კეშელავამ და ვანო მაისურაძემ. ბოლო მომენტში
ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ, რაღაც ეპიზოდში გაგვიმართლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება
მოვიპოვეს“.

 კახა შენგელია, თსსუ-ს მთავარი მწვრთნელი:

„დასანანი მარცხი განვიცადეთ. მოგება როგორც მასპინძლებს,
ასევე ჩვენც შეგვეძლო, მაგრამ გადამწყვეტ ეპიზოდში ბათუმელებს გაუმართლათ. რა თქმა
უნდა, იყო ჩვენი შეცდომებიც, რის გამოსწორებაზეც ვიმუშავებთ და ვეცდებით, მომავალ მატჩებში
წარმატებას მივაღწიოთ“.