სტატისტიკა გალერეაVIDEO
მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა “ბათუმმა”
თბილისში მეორე მატჩიც მოუგო “შსს-აკადემიას” და ნახევარფინალში გასვლაზე
სოლიდური განაცხადი გააკეთა. პირველად, ქართული კალათურთის ისტორიაში, მეოთხედფინალური
სერია 3 მოგებამდე გრძელდება და ეს “შსს-აკადემიისთვის” ნახევარფინალში გასვლის
შანსია.
სხვა თემაა, ამ შანსს როგორ გმოიყენებენ შსს-ელები,
დღესდღეობით კი ნახევარფინალში გასვლის უპირობო ფავორიტები ბათუმელები არიან. კობეშავიძის
გუნდს სერიის მოგებამდე 1 გამარჯვება აკლია, მომდევნო მატჩები კი ბათუმშია დაგეგმილი.
თუკი აჭარლებმა 3 მაისს მშობლიურ არენაზე იმარჯვეს, ნახევარფინალში გავლენ, არადა,
4 მაისს ბათუმი კიდევ 1 მატჩს უმასპინძლებს.
გამარჯვების შემოქმედნი ბათუმელთა მთლიანი გუნდია, თუმცა
განსაკუთრებით გამოსარჩევია ჯუნიორ ქედუგინისა და ჯერემი სეფოლდის გარჯა, რომლებმაც
ტაიმები გაიყვეს – პირველ ნახევარში ქედუგინი დომინირებდა, მეორეში კი “შსს-აკადემიას”
წარმატების ყველა მცდელობა სეფოლდმა ჩაუხშო.
ბათუმელებმა თავიდანვე მწყობრი დაცვა დააყენეს და სწრაფი
შეტევებით ხეირობდნენ. მასპინძელთა დაცვა კი ვერ იყო ეფექტური, რითაც ბათუმელი ლეგიონერები
სარგებლობდნენ დ ქულას ქულაზე იხვეჭდნენ. გამოსარჩევია ქედუგინის შედეგიანობა, რომელმაც
პირველ ტაიმში 18 ქულა ჩააგდო. სტუმართა უპირატესობაც შესაბამისად იზრდებოდა და პირველი
მეოთხედის ბოლოს 6, ხოლო დიდი შესვენებისთვის 13 ქულა შეადგინა.
მესამე პერიოდში აკადემიელებმა თამაში გამოასწორეს და
ჩამორჩენაც მინიმუმამდე შეამცირეს. პერიშ ბრაუნმა ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო და როცა
მისი სროლის შემდეგ ანგარიში 53:54 გახდა, ბათუმელებისთვის ყველაფერი თავიდან დაიწყო.
ლიდერობა ჯერემი სეფოლდმა იტვირთა, რომელმაც დარჩენილ დროში 4 სამქულიანი და ამაზე
მეტი ორიანი ჩაადო.
ბოლო პერიოდი ბათუმელთა 5-ქულიანი ლიდერობით დაიწყო,
მაგრამ თამაში ისე ჩამთავრდა, რომ სიტუაცია არ დაძაბულა. სეფოლდის, ქედუგინის ქულებმა
და მისი თანაგუნდელების საიმედო დაცვამ აჭარულ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა
– 89:82.
ბათუმელთაგან 27-27 ქულით საუკეთესონი სეფოლდი და ქედუგინი
იყვნენ. ამ უკანასკნელმა 7 მოხსნა და 8 პასიც მიითვალა. 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა
შეხვედრა ჯეიმი ჯექსონმა, ნიკა რამიშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. აკადემიელებში
21 ქულით პერიშ ბრაუნი გამოირჩა, ხოლო მილე ილიჩმა შეხვედრა 15 ქულითა და 12 მოხსნით
დაასრულა.
მომდევნო მატჩი 3 მაისს, ბათუმში გაიმართება და მასპინძლეთა
გამარჯვების შემთხვევაში სერია დასრულდება. “შსს-აკადემია” რომ ნახევარფინალში
გავიდეს, ზედიზედ 3 მატჩი უნდა მოიგოს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
არჩილ ჟღენტი
(შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „ბათუმს“
ღირსეულ გამარჯვებას, ორივე შეხვედრაში საკუთარ კედლებში დავმარცხდით. მიზეზს თამაშის გაანალიზების შემდეგ გავარკვევთ.
სერია სამ მოგებამდე გრძელდება და თუ პირველი წრის შემდეგ გუნდმა მოახერხა და უკეთესად
ითამაშა, იმედი მაქვს ახლაც შევძლებთ თამაშის გაუმჯობესებას და ბათუმში წავალთ საბრძოლველად.
მე მჯერა ჩემი გუნდის და ვნახოთ რა იქნება.
მიხეილ კობეშავიძე (ბათუმის მთავარი მწვრთნელი):
ყველაფერი თავიდან იწყება, ჯერ არაფერი დამთავრებულა
და კიდევ ვიმეორებ რომ მე ვიწყებ დღეიდან.
ჩემთვის სერიაში 0:0-ია და ბათუმში მივდივარ სათამაშოდ, საკუთარ მოედანზე, ჩვენს მაყურებელთან.
ეს გამარჯვება დავიწყებულია ჩვენი გუნდისთვის და სერიაში დაწინაურდება ჩვენთვის არ
არსებობს.
პერიშ ბრაუნი
(შსს აკადემია): ვულოცავ ბათუმს. თავისი საქმე გააკეთა. არაჩვეულებრივი
გუნდია. ბიჭებმა იბრძოლეს და მოიგეს.
ნიკა რამიშვილი
(ბათუმი): რისთვისაც ჩამოვედით თბილისში, ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ. 2-დან 2-ვე მატჩი
მოვიგეთ. ბათუმში ორი შეხვედრიდან
ერთიც რომ მოვიგოთ მიზანი მიღწეული იქნება და ნახევარფინალში გადავალთ. დავეთანხემი
მწვრთნელს, რომ სერია ჩვენთვის ახლა იწყება. წინ ძალიან დაძაბული თამაშები გველოდება
და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.