სტატისტიკა გალერეაVIDEO
სუპერლიგის პლეი
ოფი საინტერესო მატჩით დაიწყო. მეოთხედფინალებიდან პირველად “შსს-აკადემიასა”
და “ბათუმს” შორის სერია გაიხსნა. მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა ბათუმელებმა
შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და მოპოვებული გამარჯვებით მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.
მეოთხედფინალური
სერია 3 გამარჯვებამდე გრელდება, ჯერ ყველაფერი წინაა, მაგრამ დღევანდელი გამარჯვებით
ბათუმელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ამ წყვილში მოედნის უპირატესობა განსაკუთრებულად
ფასობს, რადგან ერთ-ერთი რეგიონის გუნდია, ხოლო ბათუმში გულშემატკივართა აქტივობასაც
თუ გავითვალისწინებთ, ნათელი გახდება, თუ რაოდენ ფასობდა დღევანდელი გამარჯვება კობეშავიძის
გუნდისთვის.
არადა, მატჩი
“შსს-აკადემიის” უპირატესობით დაიწყო და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ
“ბათუმს” ძალიან გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა, თუმცა მხოლოდ პირველ მეოთხედსა
და მეორეს პირველ ნახევარში. არჩილ ჟღენტის გუნდმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა,
თუმცა მისი შენარჩუნება ვერ მოხერხა.
პირველი მეოთხედი
აკადემიელებმა 19:10 მოიგეს, მეორე პერიოდიდან კი ბათუმელებმა დაცვა გაამაგრეს, შეტევაში
კი მეტი სიზუსტე გამოავლინეს. სტუმართა ლეგიონერები, ჯუნიორ ქედუგინი და ჯეიმი ჯექსონი
უხვქულიანობით გამოირჩეოდნენ, ბათუმელთა ვეტერანი სნაიპერი ლაშა კეშელავა კი მშობლიურ
გუნდს 3-ქულიანებით შეეშველა და სტუმრები დაწინაურდნენ. პირველი ნახევარი ფრედ დასრულდებოდა,
რომ არა ბათუმელი ნიკა რამიშვილის შორეული სამქულიანი, რომელიც ახალგაზრდა კალათბურთელმა
მოედნის საკუთარი ნახევრიდან, სირენის თანხლებით ჩააგდო – 34:31.
მესამე მეოთხედიდან
ბათუმელებმა კიდევ უფრო გააუმჯობესეს თამაში – კეშელავამ კიდევ 2 სამიანი ჩააგდო, ლეგიონერებმაც
უმატეს შედეგიანობას, ხოლო ბოლო პერიოდის დასაწყისში სტუმრება 11:0 გაქცევა მოაწყვეს
და მათმა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია. საბოლოო, თამაში ისე ჩამთავრდა, ვითარება
არ დაძაბულა. “ბათუმმა” 74:62 იმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
გამარჯვებულებს
ჯუნიორ ქედუგინმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 15 ქულა
ჰქონდა ლაშა კეშელავას, ხოლო ჯეიმი ჯექსონმა 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. შსს-ელთაგან
14-14 ქულით პერიშ ბრაუნი და ლევან ფაცაცია გამოირჩნენ, ილია ლონდარიძემ კი ორმაგი
დუბლი მიითვალა – 10 ქულა, 16 მოხსნა.
ამ გუნდების მეორე
შეხვედრა ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე დაიწყება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ ,,ბათუმის’’ გუნდს, კარგად ითამაშეს და ღირსეული გამარჯვება
მოიპოვეს. რაც შეგვეხება ჩვენ, იმ პერიოდში, რაც არჩილ ჟღენტი გუნდის მთავარი მწვრთნელია,
ასეთი ცუდი თამაში ჯერ არ ჩაგვიტარებია – არანაირი გუნდურობა, არაზუსტი შორი სროლები,
არაფერი გამოგვივიდა. თუმცა, გავარჩევთ დღევანდელ მატჩს, ვიდეოანალიზს გავაკეთებთ და
ვეცდებით, გამოვასწოროთ შეცდომები. კარგია, რომ პლეი ოფები 3 მოგებამდე გრძელდება და
ნამდვილად უძლიერესი და ღირსეული გაიმარჯვებს. შანსი გვაქვს და ვეცდებით, ხვალ სხვა
თამაში ვაჩვენოთ.
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): შანსებზე ვერაფერს
ვიტყვი და პროგნოზსაც ვერ გავაკეთებ. დღეს ვიბრძოლეთ და ასე იქნება ყველა თამაშზე,
თბილისშიც და ბათუმშიც. ბიჭებს ვულოცავ ამ გამარჯვებას, თუმცა მთავარი ბრძოლა ჩვენთვის
ხვალ იწყება. დღევანდელი დღე უკვე ჩავლილია და ყველაფერი წინაა.
ლერი კვანტალიანი(,,შსს აკადემია’’): მივულოცავ მეტოქეს
გამარჯვებას. დავეთანხმები მწვრთნელს, ბევრი ხარვეზი გქვონდა და იმედია, ხვალ სხვანაირ
თამაშს ვაჩვენებთ
ნიკა რამიშვილი(,,ბათუმი’’): მივულოცავ ჩვენს
გუნდს და გულშემატკივარს ამ წარმატებას. კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს გამარჯვება ყველანაირი
თვალსაზრისით ძალიან გვჭირდებოდა. თავიდან გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ გამოვასწორეთ თამაში
და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. პლეი ოფების სერია 3 მოგებამდე გრძელდება და დარწმუნებული
ვარ, საინტერესო თამაშები გველოდება. წარმატებებს ვუსურვებ მეტოქესაც და ჩვენს გუნდსაც.