ბათუმმა შსს-ს სერია 3:1 მოუგო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ბათუმმა შსს-ს სერია 3:1 მოუგო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა

“ბათუმი” ნახევარფინალშია. მიხეილ კობეშავიძის
გაწვრთნილმა აჭარულმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში 84:69 დაამარცხა
“შსს-აკადემია” და საერთო ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

თბილისში აკადემიელთა ორჯერ დამარცხების შემდეგ “ბათუმი”
აჭარაში იმ იმედით დაბრუნდა, რომ ორიდან ერთ შეხვედრას მაინც მოუგებდა მეტოქეს და ასეც
მოხდა. ბათუმელებმა საწადელს მეორე მატჩში მიაღწიე. გუშინ შსს-ელებთან 72:78 დმარცხების
შემდეგ დღეს უფრო მობილიზებულად ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. მასპინძლები
მცირედით ლიდერობდნენ, შსს-ელები ბათუმელებს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმდა
დიდი შესვენების შემდეგ კვანძი გაიხსნა. “ბათუმის”კალათბურთელებმა შედეგიანად
ითამაშეს – კემერონ მაკკევრის, ჯუნიორ ქედუგინის და ჯერემი სეფოლდის ქულებით მესამე
მეოთხედი 24:13 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 16 ქულით – 61:45 დაწინაურდნენ.

გადამწყვეტი ათწუთეული კვლავ ბათუმელთა უპირატესობით
განახლდა და ნიკა რამიშვილის მიერ ზედიზედ ჩაგდებული 4 ქულის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობამ
24 ქულას მიაღწია – 70:46. თამაშის დასრულებამდე 7:45 წუთი რჩებოდა და ამ დროში ამხელა
ჩამორჩენის აღმოფხვრა არარეალური იყო.

საბოლოოდ “ბათუმი” მშვიდად მივიდა გამარჯვებამდე
და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მასპინძლებს 23 ქულით და 7 პასით ქედუგინმა ულიდერა,
16-16 ქულა დააგროვეს რამიშვილმა და მაკკევრიმ, ხოლო ჯერემი სეფოლდის ანგარიშზე 12
ქულა დაგროვდა. ფარქვეშ აქტიურობდა ავთანდილ ელიაშვილი, რომელმაც ბურთი 13-ჯერ მოხსნა.
აკადემიელთგან 22 ქულით პერიშ ბრაუნი გამოირჩა, 13-13 ქულა კი ლევან ფაცაციამ და მილე
ილიჩმა დააგროვეს. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულას 14 მოხსნაც დაამატა.

მაშ ასე, 4-დან 3 ნახევარფინალისტი ცნობილია. ფინალში
გასასვლელ სერიაში, რომელიც 9 მაისს დაიწყება, “ბათუმი” “დინამოს”
დაუპირისპირდება. “არმია” კი მეტოქეს “ქუთაისისა” და “სოხუმის”
დაპირისპირებიდან ელის. სერიაში ანგარიში 2:2-ია და გადამწყვეტ მატჩს 6 მაისს ქუთაისი
უმასპინძლებს.

 

მატჩიშემდგომი კომენტარები

მიხეილ კობეშავიძე
(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): რაც გუშინ ვერ გააკეთეს ბიჭებმა,
დღეს შეძლეს.  დიდი ბრძოლა იყო და შეიძლება
ითქვას, რომ ეს იყო ჩვენი გუნდის იდეალური თამაში 
სერიის პირველი მატჩის შემდეგ. ქართველმა კალათბურთელებმა  ჩინებულად იასპარეზეს და ყველამ კარგად გააკეთა
თავისი საქმე. მადლობა ჩემს გუნდს და გულშემატკივარს, რომელმაც დარბაზში შესანიშნავი
ატმოსფერო შეგვიქმნა და თამაში გაგვილამაზა.

არჩილ ჟღენტი
(შსს  აკადემიას მთავარი მწვრთნელი):
გუშინდელი თამაშის შემდეგ 4 მოთამაშე გვყავდა ტრავმირებული – პერიშ ბრაუნი, რევაზ როგავა,  ლევან ფაცაცია და ილია ლონდარიძე. ჩვენი გუნდის
ექიმებმა ყველაფერი  გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. 

 რაც შეეხება
თამაშს, მე პირადად ასლან აბაშიძის დროს „ბასკოს“ თამაშები გამახსენდა, იმდენად  ცუდი მსაჯობა იყო (ეს არ ეხება მაკა კუპატაძეს).  მივულოცავ „ბათუმს“ და წარმატებებს ვუსურვებ.