ბრიფინგი კალათბურთის ფედერაციაში და უკმაყოფილება სპორტის მინისტრის მოქმედებებზე

ბრიფინგი კალათბურთის ფედერაციაში და უკმაყოფილება სპორტის მინისტრის მოქმედებებზე

  საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დღეს კალათბურთის ფედერაციაში შეფასდა.

 ეროვნული გუნდის შედეგები ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა და მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა შეაფასეს.

სანაკრებო თემიდან ჟურნალისტებთან შეხვედრა იმ საკითხებზე გადავიდა, რომლებიც დღესდღეობით აქტუალურია და რომელიც კალათბურთის ფედერაციის საპრეზიენტო არჩევნებს უკავშირდება. ჟურნალისტები დაინტერესებულნი იყვნენ იმ თემით, რომელზეც გუშინ ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა პირველი არხის გადაცემა ”არენაში” ისაუბრა. კერძოდ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ კალათბურთის ფედერაციის მომავალ არჩევნებში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, კერძოდ კი მინისტრი ლევან ყიფიანი ერთ-ერთ კანდიდატ მიხეილ ახვლედიანს ლობირებს.

ის რაც გადაცემა ”არენაში” ისაუბრა, ბესიკ ლიპარტელიანმა დღეს ფედერაციაში გამართულ ბრიფინგზე განავრცო. თავდაპირველად ლიპარტელიანის შეფასებას შემოგთავაზებთ ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით:
ბესიკ ლიპარტელიანი:
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2013 წლის ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა. შედეგი შეიძლება ძალიან კარგი არ ყოფილა, თუმცა ნაკრების წლევანდელი შესაძლებლობების გათვალისწინებით დამაკმაყოფილებლად ჩავთვლით ნაკრების გამოსვლას. გვაკლდა ორი წამყვანი მოთამაშე – ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. მიუხედავად დანაკლისისა, ბიჭებმა ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლეს და თითოეულ თამაშზე მაქსიმუმი გააკეთეს. სამწუხაროდ, ჯგუფიდან ვერ გავედით და წინა ევრობასკეტის შედეგი ვერ გავიმეორეთ, თუმცა შანსები დიდი გვქონდა. პირველი თამაში ბიჭებმა იდეალურად ჩაატარეს, გავიმარჯვეთ და 12-ვე კალათბურთელს მიეცა თავის გამოჩენის შანსი. ხორვატიასთან დაძაბულ ბრძოლაში დავმარცხდით, ფორტუნა რომ ჩვენს მხარეს ყოფილიყო, გავიმარჯვებდით კიდეც. ხორვატია ძალიან ძლიერი ნაკრებია და საუკეთესო 3 გუნდს შორის შესვლაც შეუძლია.  დასვენების დღის შემდეგ ბიჭებმა ძალები მოიკრიბეს და სლოვენიასთან არაჩვეულებრივად ითამაშეს, პირდაპირ ვიტყვი, ეს თამაში მოგებული იყო და მიკერძოებულმა მსაჯობამ წაგვაგებინა.  ერთადერთი ჩავარდნა ჩეხეთთან გვქონდა, ფიზიკურად ბიჭები ძალიან გადაიღალნენ, ფაქტობრივად, მთელმა ჩემპიონატმა 5 მოთამაშეზე გადაიარა. ჰიკმანმა ფეხი 2-ჯერ გადაიბრუნა და თან, გაციებული იყო, მანუჩარ მარკოიშვილი კი გამაყუჩებლებით თამაშობდა და მინდა მადლობა გადავუხადო მას ასეთი თავდადებისთვის. თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ნაკრებს თავისი შესაძლებლობების 50%-ით მაინც დაეხმარა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ დღეს ჩვენი ნაკრები ევროპაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და თანაბრად შეუძლია თამაში გრანდების წინააღმდეგ.
ამის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კერძოდ მინისტრ ლევან ყიფიანის არასამართლიან მოქმედებებზე ისაუბრა:
ფედერაციისა და ნაკრების მიმართ იყო ზეწოლა, სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ფედერაციას შედეგი არ ჰქონოდა. ჩვენ გვქონდა პასუხისმგებლობა ევროპის ჩემპიონატზე გასულ ეროვნულ და ასაკობრივი ნაკრებების წინაშე, ამიტომ თავს ვიკავებდით კომენატრების გაკეთებისგან, თუმცა დღეს დასამალი აღარაფერია. გააკეთეს ის, რასაც მინისტრიც და მიშა ახვლედიანიც რამდენიმე თვის წინ აცხადებდნენ – ასაკობრივი ნაკრებებების მწვრთნელებს კლუბები დაატოვებინეს.  სეზონის დასრულებისთანავე კლუბიდან გაუშვეს გია კაზანჯიანი, რომელიც უშუალოდ მინისტრის დაქვემდებარებულ გუნდ ”ოლიმპში” მუშაობდა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშები ჰქონდა და სწორედ ამ დროს გაუშვეს ”რუსთავიდან” 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ყოფნისას მოხსნეს კლუბიდან ”ქუთაისის” მწვრთნელი, დავით უსტიაშვილი და იყო მცდელობა ”არმიის” მწვრთნელის, კოტე ტუღუშის გაშვებისაც, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა გაერკვა სიტუაციაში და კოტე კლუბში დარჩა. თანაც ამ ყველაფერს მწვრთნელები პრესის საშუალებით იგებდნენ. მინისტრს სურს მისი უახლოესი მეგობარი მიხეილ ახვლედიანი მოიყვანოს ფედერაციაში პრეზიდენტად. ხორციელდებოდა ზეწოლა მწვრთნელებზე და ამ ფაქტებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი განიხილავს.  აქ არ არის საუბარი ბესო ლიპარტელიანზე, აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია, ყველას უნდა მიეცეს საშუალება თავისი გეგმები და აზრები საჯაროდ გამოხატოს. ის რაც უკვე გაკეთდა, სწორი მიმართულებით უნდა წავიდეს.
ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის დროს მინისტრს ერთხელაც არ მოუკითხავს ნაკრების მდგომარეობა, არც მოგებას მოჰყოლია რაიმე გამოხმაურება და არც წაგებას, არავინ დაინტერესებულა რა სჭირდებოდათ ბიჭებს, როგორ იყვნენ. ნაკრები 19-24 აგვისტოს თბილისსში იმყოფებოდა შეკრებაზე, თუმცა მინისტრს არც უნახავს ბიჭები, არც ერთ ვარჯიშს არ დასრებია და არც გაუცილებია.  სათამაშო სახეობებში ნამდვილად არ ვართ განებივრებულები საქართველოს ნაკრების კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე თამაშით.  მარტო აქედან გამომდინარე, კალათბურთელები ცოტა მეტ ყურადღებას იმსახურებდნენ, მაგრამ ყურადღება საერთოდ არ ყოფილა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ისაუბრა ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ არვიდას საბონისის თბილისში ვიზიტზეც:
”თქვენ კარგად გახსოვთ რომ მარტის თვეში თბილისში იყო ჩამოსული ლეგენდარული კალათბურთელი, არვიდას საბონისი, რომელსაც ჰქონდა ჩამოტანილი თავის პროექტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს კალათბურთი ამა თუ იმ ქვეყანაში. მაქსიმალურად ვეცადეთ და ისე გავაკეთეთ, რომ შემდგარიყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და არვიდას საბონისს შორის.
პრემიერ-მინისტრთთან 45 წუთიან შეხვედრაზე  განხილული იყო ეს პროექტი. ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ მისცა ლევან ყიფიანს დავალება და უთხრა ფედრაციასთან ერთად განეხორციელებინა ეს პროქტი, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილ.
ფედერაციის ყრილობასთან დაკავშირებით ფედერაციის პრეზიდენტმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
იმის შესახებ, რაც არშემდგარ ყრილობაზე მოხდა და რაც მას წინ უსწრებდა, მოვამზადეთ წერილი, რომელიც გადაგზავნილია პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში. წერილში დეტალურადაა აღწრილი, ვისგან და რა სახით მიდიოდა ზეწოლა და ახლა ველოდებით პასუხს.
მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ლიპარტელიანის მხრიდან შემდეგი განცხადება გაკეთდა:  
მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ არჩევნები ჯანსაღ გარემოში ჩატარდეს. შევხვდები კლუბებს, სკოლებს და საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებსაც გავაცნობთ წესდებას და ვუზრუნველყოფთ, რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან პირობებში ჩატარდეს.

დავით უსტიაშვილი:
ფაქტიურად მარტო ვიყავით  ევროპის ჩემპიონატზე, არავის მოვუკითხივართ და რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდია. საქართველოს ნაკრების შესახებ შეგიძლიათ უცხოელი სპაციალისტების კომენტარებს გაეცნოთ და ნახავთ რას ფიქრობენ ისინი ჩვენზე. საქართველო  გახდა ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი.