სტატისტიკა გალერეასუპერლიგის პირველი ტურის 4 მატჩი, რომელიც 3 დღეზე
გადანაწილდა, დასრულდა. ბოლო შეხვედრას დღეს
თბილისის სპორტის ახალმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ „დინამო“ და „ოლიმპი“
წარსდგნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა, რომლებმაც მიმდინარე სეზონში
უკვე 2 ტიტული მოიგეს, ოლიმპელთა ძლევა დიდად არ გასჭირვებიათ.
„დინამომ“ 9 ოქტომბერს დუდუ დადიანის თასი, ხოლო
15-ში სუპერთასი მოიგო და მიმდინარე სეზონის ფავორიტის იმიჯი შეიქმნა. დინამოელები
„ოლიმპს“ დადიანის მემორიალზე შეხვდნენ და 10 ქულით სძლიეს, თუმცა ამით წინდაწინ გამარჯვებულის
განსაზღვრა შეუძლებელია. დღევანდელ მატჩში ოლიმპელებმა მეორე პერიოდში გვარიანად ანერვიულეს
მეტოქე.
პირველი მეოთხედის 11:14 წაგების შემდეგ „ოლიმპი“ მეორეში
16:22 ჩამორჩა, თუმცა კარგი დაცვისა და სწრაფი შეტევების შედეგად, რასაც ხანგამოშვებით
ზუსტი სამქულიანებიც ეშველებოდა, ლეონიდ ივატინის გუნდმა დაწინაურება მოახერხა. ამერიკელი
ლეგიონერებისა და რევაზ როგავას შედეგიანობით ოლიმპელებმა 22:15 მოიგეს მეორე მეოთხედი
და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 33:29.
მესამე პერიოდში დინამოელებმა თამაში გამოასწორეს და
გუნდური თამაშის წყალობით ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს, მერე კი დაწინაურდნენ და მეტოქე
უკან მოიტოვეს. მიხეილ ჭოჭუას, ნოდარ გოგოძის, ილია ლონდარიძის და ნიკოლა მარავიჩის
მექულეობით „დინამო“ ჯერ 36:35 დაწინარდა, შემდეგ კი დეონტა ვონმა, ლევან ფაცაციამ,
მიხეილ ბერიშვილმა და ლევან გრძელიძემაც იხეირეს და ხოშტარიას გუნდი 10 ქულით –
48:38 გალიდერდა.
ბოლო პერიოდში ვითარება არ შეცვლილა. ოლიმპელებმა ვერ
მოახერხეს გამართულად მოთამაშე დინამოელების გატეხვა და შეხვედრაც 11-ქულიანი სხვაობით
– 68:57 დასრულდა. „დინამოში“ 15 ქულით ბომბარდირი გახდა მიხეილ ბერიშვილი. 13 ქულა
მოაგროვა ნოდარ გოგოძემ, ხოლო დეონტა ვონმა მისთვის მცირედ 5 ქულას 12 შედეგიანი გადაცემა
დაურთო და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. |“ოლიმპში“ 16 ქულით საუკეთესო იყო ვალტერ
პიჩფორდი.
სუპერლიგის მეორე ტური 21, 22 და 24 ოქტომბერს – შესაბამისად
ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი) – მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანის თასი და სუპერთასი მოვიგეთ, თუმცა სუპერლიგაში პირველი
შეხვედრა იყო და ბიჭები ცოტა თავდაჯერებულები იყვნენ. ამის გამო მეორე მეოთხედში კითხვის
ნიშნის ქვეშ დადგა გამარჯვების საკითხი, მაგრამ საბოლოოდ მოვახერხეთ მობილიზება და
გამარჯვების მოპოვება. გვყავს რამდენიმე ახალწვეული. ასე რომ, გვჭირდება შეთამაშება
და ვეცდებით, შემდეგი შეხვედრის გასამართად, რომელიც ბათუმში გვაქვს, ვიყოთ უკეთ მომზადებული
როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად.
დავით როგავა (ოლიმპის მწვრთნელი) – მივულოცავ დინამოს გამარჯვებას. ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესშია. ძლიერი მეტოქეა დინამო, ჩემპიონობის ერთერთი კანდიდატი. ვეცდებით გამოვასწოროთ ის შეცდომები რაც ამ თამაშში გვქონდა. მესამე პერიოდში გვქონდა ჩავარდნები. მეორე პერიოდში კარგად ვითამაშეთ. განვიხილავთ ამ თამაშს და ვეცდებით შემდეგ თამაშში, რომელიც რუსთავში გვაქვს უკეთ წარმოვაჩინოთ თავი.