დავით მინაშვილი კალათბურთის შესახებ

დავით მინაშვილი კალათბურთის შესახებ

საკალათბურთი სუპერლიგის ვებ-გვერდზე განახლდა  რუბრიკა  ,,N1″ (კალათბურთი პირველია),  რომლის სტუმარი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი დავით მინაშვილია. ის სუპერლიგის მე-3  ტურის ცენტრალურ შეხვედრას დაესწრო,  სადაც ერთმანეთს ,,არმია” და  ,,შსს აკადემია” დაუპირისპირდნენ.

სპორტი
ვიქნები ბანალური და ვიტყვი, რომ სპორტი მთელი ჩემი ცხოვრებაა. ბავშვობიდან მეც, ისევე როგორც ჩემი თაობის უდიდესი ნაწილი, დაკავებული ვიყავი სპორტით, თუმცა მას შემდეგ, რაც გავაანალიზე, რომ ჩემგან დიდი სპორტსმენი არ გამოვიდოდა, გადავწყვიტე სპორტს სხვა კუთხით დავკავშირებოდი. სრულიად გააზრებულად გადავდგი იმ დროისთვის არაპოპულარული ნაბიჯი და ჩავაბარე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტშ, რომელიც  იყო ერთადერთი სასწავლებელი, სადაც  მეორად პროფესიად შეგეძლო სპორტული ჟურნალისტიკა აგერჩია. იქ სწავლა სპორტული თვალსაზრისითაც საკმაოდ სასარგებლო იყო. თავიდანვე შეგნებული და გააზრებული მქონდა, რომ მთელი ცხოვრება სპორტისთვის უნდა მიმეძღვნა. 90-იან წლებში ნამდვილად რთული იყო რაიმეს დაგეგმვა და ნამდვილად გამიმართლა, რომ პრაქტიკებზე მოვხვდი საქართველოს რადიოში (დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი რადიო).  ჩვენი კათედრის გამგემ, ავთო ცაბაძემ შეგვატყობინა, რომ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბეში” სჭირდებოდათ პრაქტიკანტები, რომლებიც სპორტზე იმუშავებდნენ. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. სპორტში შემთხვევით არ მოვხვედრილვარ, ეს სრულიად გააზრებული გადაწყვეტილება იყო.
 
კალათბურთი
ისე მოხდა, რომ ჩემი დღევანდელი მოღვაწეობა მთლიანად ფეხბურთით შემოიფარგლება, თუმცა იყო დრო, როცა ძალიან დიდ დროს ვუთმობდი კალათბურთს. სპორტის ეს სახეობა ყველაზე დინამიური და სანახაობრივია მსოფლიოში, აქედან გამომდინარე კალათბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, როცა სპორტის სასახლეში ,,დინამოს” თამაშები იმართებოდა. დღეში რამდენიმე თამაში ტარდებოდა და მთელ დროს იქ ვატარებდი. ეს ჩემთვის ნამდვილი ზეიმი იყო. ახლა როგორც მაყურებელი ისე ვარ ჩართული. სამწუხაროდ, ფეხბურთი და კალათბურთი ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა და ეროვნულ ჩემპიონატს აქტიურად ვერ ვადევნებ თვალს, თუმცა არის პერიოდი, როცა მთელი ქვეყანა კალათბურთით ცხოვრობს. ეს ეხება ნაკრების ასპარეზობას. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ფეხბურთზე ვარ გადართული, პირდაპირ ვიტყვი, კალათბურთი ყველაზე დინამიური და გამორჩეული სანახაობაა. როცა სახლში ვარ, თავისუფალ დროს ყოველთვის კალათბურთის მატჩების ყურებაში ვატარებ. განწყობის ასამაღლებლად და დასასვენებლად ეს არაჩვულებრივი საშუალებაა.  ნბა-ს ევროპულ კალათბურთზე წინ ვაყენებ თავისი შოუთი და სანახობით, ცოცხლად ამის ნახვა ბედნიერებაა. ჩვენი თაობა ისეთ დროს გაიზარდა, როცა ნბა არ იყო ადვილად მისაწვდომი, მხოლოდ ფრაგმენტულად ვუყურებდით. მეგონა იქ სასწაულები ხდებოდა და მართლაც ასეა. როცა ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა ნბა-ს თამაშები, შემეძლო ღამეები გამეთენებინა რომ ჯორდანის თამაშისთვის მეყურებინა. ერთადერთი ოცნება დამრჩა, რომ ნაციონალური საკალათბურთო აკადემიის თამაშს დავეწრო ამერიკაში.
 
დასამახსოვრებელი მატჩები
დღემდე მწარედ მახსოვს ისლანდიასთან წაგება. ამ პერიოდში მე მიმყავდა თამაშები და ბოლო წამებზე იქ დამარცხება ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. ეს თამაში ძალიან ცუდ მოგონებად რჩება.  მოგებული თამაშები საბედნიეროდ ბევრი გვახსოვს. დასამახსოვრებელი მატჩებიდან გავიხსენებდი ოლიმპიადის ფინალს. საღაამოობით, თუკი ჩვენი სპორტსმენები არ გამოდიოდნენ,  ყოველთის კალათბურთზე მივდიოდით. ძირითადად ამერიკის თამაშები იყო და ყოველთვის კარგი მატჩები იმართებოდა. ეს დაღლილი დღის შემდეგ დასვენების, განწყობის ამაღლების და ძალების აღდგენის საუკეთესო გზაა. გამიმართლა და მოვხვდი ამერიკა-ესპანეთის თამაშზე წინა რიგში. ვუყურებდი ფინალს და გაოცებული ვიყავი ამ დიდი ადამიანების, ნამდვილი ლეგენდების პროფესიონალიზმით.  ეს არ არის მხოლოდ თამაში და ლამაზი ეპიზოდები, არამედ გულისხმობს გულშემატკივართან, პრესასთან მოქცევას. ამ ყველაფერს იმ დროის საუკეთესო კალათბურთელები, კობი ბრაიანტი და ლებრონ ჯეიმსი იმდენად დიდ დროს უთმობდნენ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, კალათბურთი მარტო ბურთის ჩაგდება და ლამაზი თამაში არ არის. ისინი იმიტომ არიან დიდი ვარსკვლავები და გამორჩეულები, რომ  იციან რა და როგორ აკეთონ მოედნის მიღმა.

   ფოტო: გიორგი ჯიქია 
საქართველოს ეროვნული ნაკრები
ნაკრების ასპარეზობის პერიოდში საკმაოდ ჩართული ვიყავი და  არაერთხელ შემიფასებია ნაკრების გამოსვლა დადებითად იმ ფონზე, როცა ორი ძალიან ძლიერი ლიდერი გვაკლდა. ყველამ დავინახეთ, რას წარმოადგენს ზაზა ფაჩულია. ნბა მხოლოდ ახლა დაიწყო და უკვე ვხედავთ, რა დიდი ძალაა ის და როგორ აკლდა ნაკრებს. გვაკლდა თორნიკე შენგელია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ნამდვილი ვარსკვლავი გახდება. მას ნამდვილად აქვს ყველანაირი მონაცემი ითამაშოს უდიდესი კალათბურთი. რა თქმა უნდა, როგორც გულშემტკივარს რაღაცეებზე გული მწყდებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის შეფასება არ შეიძლება მხოლოდ ერთი ეპიზოდით. ჯამში ჩვენმა ნაკრებმა ბევრი შეძლო.  წარმატება, პირველ რიგში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იყო. არ არის სწორი  მორაგბეთა ნაკრებთან შედარება, მათთვის გაცილებით ადვილია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა, ვიდრე კალათბურთელთათვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ყველა უპირობო აუტსაიდერად მიგვიჩნევდა, თუმცა პირველივე თამაშმა დაგვანახა, რომ ამ ბიჭებს დიდი კალათბურთის თამაში შეუძლიათ. დღეს კალათბურთის მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში არაა ისეთი, რომ მათ მეტი მოვთხოვოთ, ნამდვილად მაქსიმუმი გააკეთეს. მე ამაყი ვარ, რომ ამ ნაკრების გულშემატკივარი ვარ და  რაც არ უნდა იყოს, ბოლომდე ნაკრების ქომაგად დავრჩები.
 
სუპერლიგა
სუპერლიგა არის ყველაზე კარგად შეფუთული და მიწოდებული ეროვნულ ჩემპიონატებს შორის. ეს არ აქვს სპორტის არც ერთ სხვა სათამაშო სახეობას და ვფიქრობ ყველამ მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის, რასაც აკეთებთ. დაბრენდვა და  პიარი სპორტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ზოგიერთი თვლის, რომ საიმიჯო დეტალები არაა მნიშვნელოვანი, თუმცა ეს საჭირო კი არა, აუცილებელია და თქვენ ამ  ყველაფერს მაყურებელს სწორად და ლამაზად აწვდით.  დარბაზში შემოსვლისთანავე იგრძნობა სად ხარ მოსული და ეს მისასალმებელია.
სუპერლიგის მატჩებზე როცა ვახერხებ, ყოველთვის მოვდივარ. შარშანდელ ფინალებს აქტიურად ვადევნებდი თვალყურს და ვესწრებოდი კიდეც. წელს ნაკლები დრო მაქვს და ამიტომ პრესის და ელექტრონული მედიის საშუალებით ვეცნობი ხოლმე სიახლეებს.
 
ისევ  კალათბურთი
სკოლის პერიოდში დღე არ გავიდოდა, რომ კალათბურთი არ გვეთამაშა. მოყვარულის დონეზე საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. ინსტიტუტშიც გვიწევდა თამაში, შიდა ტურნირებზეც ვიღებდით მონაწილეობას. ძალიან მიყვარდა და მსიამოვნებდა.  გამოვარჩევდი ცენტრის პოზიციას, არაჩვეულებრივი სანახავია გოლიათების თამაში. მონაცემები რომ მქონდეს აუცილებლად ცენტრი ვიქნებოდი J  რაც შეეხება გამორჩეულ  მოთამაშეს, ვფიქრობ კალათბურთი არის ერთადერთი სახეობა, რომელშიც წარსული ჯობდა აწმყოს. ზოგადად, სხვა სახეობებში, თუნდაც ფეხბურთსა და ჩოგბურთში ჩნდებიან ხოლმე ახალი ლეგენდები, კალათბურთში კი ჯორდანის შემდეგ თითქოს რაღაც შეჩერდა და დღეს რამდენიც არ უნდა ვიდაოთ, მე ჩემს პოზიციაზე დავრჩები, რომ ამაზე დიდი კალათბურთელი  ჯერ არ გამოჩენილა.  ჯორდანს არა მხოლოდ საუკეთესო კალათბურთელად, არამედ წინა საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად ვთვლი. მის გამო ,,ჩიკაგოს” ვგულშემატკივრობდი.  
საბედნიეროდ, ქართველებს  ბევრი კარგი კალათბურთელი გვყავს. არ მინდა ვინმე გამომრჩეს… ყველას თავის ხიბლი აქვს.
 
გულშემატკივარი
გულშემატკივარმა აუცილებლად უნდა იაროს თამაშებზე და მიზეზი რომ ცივა ან ცხელა კალათბურთზე არ ვრცელდება. მითუმეტეს, სპორტის სასახლეში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოვიდნენ და თავიანთ გუნდებს უქომაგონ. ის სკეპტიკური დამოკიდებულება, ეროვნული ჩემპიონატის დონე დაბალია, ძალიან მაღიზიანებს. ზეპირად საუბარი გაუმართლებელია. თუ მოხვედი რამდენჯერმე და არ მოგეწონა, მერე გაქვს ამის თქმის უფლება. მაგრამ როცა თამაშებზე არ დადიხარ, ეს არასწორი მიდგომაა. იგივე ხდება ფეხბურთშიც და სხვა სახეობებშიც. უნდა მოვუწოდოთ გულშემატკივარს, აქტიურად იარონ თამაშებზე. აქ არ ჩამოვა ჯორდანი, თუმცა ბევრი კარგი ახალგაზრდაა, რომლებისთვისაც გულშემატკივრის მხარდაჭერა დიდი სტიმული იქნება. ეს საკითხი ალბათ კლუბების მოსაწესრიგებელიცაა.  თავის დროზე ბევრს აღიზიანებდა, როცა მთელი ჯარი მოდიოდა და დარბაზი ,,არმიის” გულშემატკივრებით ივსებოდა.  არადა  იმ თამაშს სხვა ხიბლი ეძლეოდა. შაბათ დღეს  ქალაქში განსაკუთრებული არაფერი ხდება და  არც ერთი ლარის გადახდაა პრობლემატური. ქართულ კალათბურთს აქვს დიდი ტრადიციები და იმის პოტენციალიც, რომ იყოს კიდევ უფრო განვითარდეს. ამას კი გულშემატკივრის მხარდაჭერა  სჭირდება. ეს არ უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ ნაკრების გულშემატკივრობაში.უნდა  მოვიდეთ დარბაზში და აქ ვუქომაგოთ. ეს გულშემატკვირის ვალდებულებაა.