გურჯაანის დელტა არის პირველი გუნდი, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგაში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ეს მე-13 მატჩში შეძლო, რის შემდეგაც მიმდინარე სუპერლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა. გურჯაანელები აქამდეც ყოფილან პირველ პოზიციაზე, თუმცა ეს მეტოქე თსუ-ს ნაკლული თამაშების გამო, ახლა კი დელტა დაკარგული ქულებითაც გაპირველდა, რაც ამ სეზონში პირველად მოხდა.
გუშინ, თსუ-ს ქუთაისთან წაგების შემდეგ დელტამ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. გურჯაანს ნასტუმრები კიდევ ერთი რეგიონის გუნდი – ტყიბულის ორბი 98:93 (სტატისტიკა) დაამარცხა და ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი შეიქნა. აღსანიშნავია, რომ დელტასთვის მოგება იოლად არ მოსულა. მართალია, მასპინძლები პირველი ნახევრის შემდეგ 11 ქულით (51:40) დაწინაურდნენ, თუმცა ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ორბმა თამაშში დაბრუნება მოახერხა და ანგარიშიც მე-3 პერიოდის დაწყებიდან 7 წუთის თავზე გაათანაბრა – 65:65.
ამის შემდეგ წავიდა თანაბარი თამაში, რომელშიც ხან მცირედით, ხანაც 5-7 ქულით მასპინძლები ლიდერობდნენ. ასე მივიდა თამაში ბოლო წუთამდე, როცა ტერი კოლისმა 2-ქულიანი ბონუს-საჯარიმოთი ჩააგდო და დელტა 95:87 დააწინაურა. თითქოს აქ ყველაფერი გადაწყდა, თუმცა ორბი არ დანებდა – რაიან ჰოლანდმა ორქულიანი, ხოლო კენი კუპერმა სამიანი 17 წამის ინტერვალში ჩააგდეს და თამაშის დასრულებამდე 36 წამით ადრე სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა – 95:93.
სტუმრების აღებული ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ ტერი კოლინსმა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და 3 ქულით ჩამორჩენილ ორბს გასათანაბრებლად 20 წამი დარჩა. სტუმართათვის სამწუხაროდ, ჯონ ნეიგლიმ ბურთი დაკარგა და როცა ტყიბულელებმა მორიგი ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, ყველაფერი გაირკვა – ტერი კოლინსმა 1 საჯარიმო ჩააგდო, მასპინძლები 4 ქულით გაალიდერა და სტუმართათვის მიუწვდომელი გახადა
გამარჯვებულებს 24 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით ბაირონ მაქსველმა ულიდერა. 16 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი დააგროვა ტერი კოლისმა, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. ორბში 25 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო რაიან ჰოლანდი. 20 ქულა დააგროვა ჯონ ნეიგლიმ, კენი კუპერის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-14 ტური 8, 9 და 10 მარტს, 4 სხვადასხვა ქალაქში – რუსთავში, ტყიბულში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.
ფოტო: Deltagurjaani
სრული მატჩის ტრანსლაცია