გუშინ იმერეთში 2 მატჩით დაწყებული სუპერლიგის მე-14 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ეს გახლავთ გადატანილი ტური, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში უნდა გამართულიყო, თუმცა ეროვნული ნაკრების შეკრების გამო გადაიდო. გუშინდელ მატჩებში ლიდერთა სამეულის წარმომადგენლებმა – ქუთაისმა და თსუ-მ გაიმარჯვეს და დღეს კიდევ ერთი – სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი დელტა თამაშობდა და მოგების შემთხვევაში პირველობას იბრუნებდა.
გურჯაანის გუნდს სოლიდური მეტოქე ჰყავდა – კავკასია, რომელიც ცხრილის შუაშია, თუმცა პოტენციით ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა დელტასთან მატჩი ჩინებულად დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ 29:17 იგებდნენ. ირაკლი ხოშტარიამ გურჯაანელთა დაცვა გაამაგრა, რომელიც მეორე პერიოდიდან ბევრად ეფექტურად ამოქმედდა და დელტამ უკვე დიდ შესვენებამდე გაათანაბრა თამაში. მარტალია, ეს ანგარიშში არ გამოიხატა, თუმცა გურჯაანელები რომ სწრაფად და შედეგიანად ათამაშდნენ, ეს ცხადი გახდა.
დიდ შესვენებაზე კავკასია 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა, რომელიც მესამე პერიოდში საერთოდ გაქრა და წავიდა ქულა-ქულაში თამაში. შეხვედრის ბოლომდე ხან ერტი გუნდი გალიდრდებოდა, ხანაც – მეორე. მატჩის ბოოსწინა წუთზე ლუკა მაზიაშვილის სამქულიანით კავკასია 83:81 დაწინაურდა, თუმცა დელტას “ორმაგმა კოშკმა” – ბექა ბექაური-გიორგი ტურძილაძის ტანდემმა ჩინებულად ითამაშა და ზედიზედ ორჯერ ბექაურის პასით ტურძილაძემ გამარჯვების ბურთები ჩააგდო. წინ გასული დელტას ჩამოტოვება კავკასიამ სამულიანით განიზრახა, თუმცა მაზიაშვილის პერიმეტრიდან ნასროლი მიზანს ასცდა და ტერი კოლინსის ზუსტი საჯარიმოების შემდეგ ყველაფერი გურჯაანელთა სასარგებლოდ გადაწყდა – 87:83 (სტატისტიკა).
დელტაში 17 ქულით ბომბარდირი მერაბ ბოქოლიშვილი გახდა. 14 ქულა და 11 მოხსნა ბექა ბექაურმა მიითვალა. 14 ქულა დაგროვდა ტურძილაძის ანგარიშზეც. კავკასიაში 30 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ჯავაუნ დენიელსი. 18 ქულა ლუკა მაზიაშვილმა მოაგროვა.
დელტა ისევ პირველ ადგილზე გამაგრდა, კავკასია კი ცხრილის შუაშია. მომდევნო მატჩში თბილისი არენაზე რაში გაუ-ს უმასპინძლებს.