სტატისტიკა
გალერეა
ვიდეოსუპერლიგის მე-7
ტური საინტერესო მატჩით დასრულდა. ერთმანეთს ჩემპიონატის 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა.
“დინამოს” და “არმიას” ამ ტურამდე ყველა მატჩი მოეგოთ და სწორედ
დღევანდელ მატჩს უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი დარჩებოდა ერთპიროვნული ლიდერი. შეხვედრა
საინტერესოდ დაიწყო, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა საბოლოოდ იოლი
გამარჯვება მოიპოვეს.
შეხვედრა არმიელთა
8:0 გაქცევით დაიწყო. ბექა წივწივაძის და გიორგი შარაბიძის სამქულიანებს მიხეილ ბერიშვილის
შედეგიანი გარღვევა მოჰყვა, რის შემდეგაც კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ხელჩასაჭიდად
დაწინაურდა. შარაბიძემ, რომელიც ნომინალური ცენტრია, მეორე სამქულიანიც ჩააგდო, რის
შემდეგაც თავდაცვის სამინისტროს გუნდი 11:2 გალიდერდა.
“დინამო”
მალე გამოერკვა და ქულების გროვება იწყო. ცენტრი სტივენ მილოშევიჩი ფარქვეშ გამაგრდა,
თუმცა დინამოელებმა ძირითადი უპირატესობა პერიმეტრიდან მოიპოვეს. ბესო ლეჟავამ, მიხეილ
ჭოჭუამ და გიორგი გამყრელიძემ შორი და საშუალო სროლები ჩააგდეს, რითაც ჩამორჩენა შეამცირეს
და “არმიამ” პირველი მეოთხედი 4 ულით – 20:16 მოიგო.
მეორე პერიოდიდან
ხოშტარიას გუნდის უპირატესობა აშკარა გახდა. დინამოელებმა დაცვა გააძლიერეს, რამაც
შეტევაში ხელ-ფეხი გაუხსნა და ეს შედეგზეც აისახა. დინამოელები პირველად ქიან კარტერის
სამქულიანით დაწინაურდნენ (30:29), რის შემდეგაც საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ აღარ
დაუყენებიათ. მეორე მეოთხედი “დინამომ” 24:11 მოიგო და დიდი შესვენებისთვის
9 ქულით დაწინაურდა.
მეორე ტაიმში
არმიელებმა ვითარების შეცვლა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. “დინამო” ლიდერობას
პერმანენტულად ზრდიდა და საიმედო დაცვით მეტოქეს გასაქანის საშუალებას არ აძლევდა.
ბოლო მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, როცა დინამოელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააბიჯა
და ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა.
“დინამომ”
საბოლოოდ 79:61 მოიგო და ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 მოგებით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი
გახდა. გამარჯვებაში ყველაზე მოზრდილი წილი ბესო ლეჟავამ დაიდო 20 ქულით. 15-15 ქულა
დააგროვეს მიხეილ ჭოჭუამ და გიორგი გამყრელიძემ, ხოლო სტევან მილოშევიჩმა ორმაგი დუბლი
შეასრულა – 12 ქულა, 14 მოხსნა. “არმიაში” 12 ქულა მიითვალა ბექა წივწივაძემ,
ხოლო ზვიად ბაბიაშვილმა 11 ქულა-10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ვაგრძელებთ
წაუგებელ სერიას, რაც ყველაზე მთავარია. დღეს მეტოქედ გვყავდა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი,
მეტნაკლებად ვიცოდით რა თამაშს ითამაშებდა. ეს გამარჯვება ბიჭების დამსახურებაა, ძალიან
ბევრს შრომობენ და შედეგიც სახეზეა. მე უბრალოდ ვეხმარები მათ, ისინი ერთი, შეკრული
გუნდია. მიუხედავად გარკვეული ჩავარდნებისა,
შევძელით საკმაოდ ძლიერი გუნდის დამარცხება.
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,დინამოს’’ დამსახურებულ და ღირსეულ გამარჯვებას. როგორც აღვნიშნე, მთავარ
ფავორიტს ვეთამაშებოდით, ,,დინამო’’ ძალიან ძლიერ გუნდია და სერიოზულად ვემზადებოდით
მათ წინააღმდეგ სათამაშოდ. რაღაც მომენტში გქვონდა შანსები, როცა ვასრულებდით დავალებებს
, თუმცა აქაა განსხვავება კარგ და ცუდ გუნდებს შორის. ,,დინამომ’’ არ დაუშვა უხეში
შეცდომები , ჩვენ კი ყველა შეცდომისთვის დავისაჯეთ. თუმცა დაგვრჩა 2 მნიშვნელოვანი
თამაში და შევეცდებით მალე დავივიწყოთ ეს მარცხი, გავაანალიზოთ შეცდომები და მოვემზადოთ
მორიგი შეხვედრებისთბის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ,,დინამო’’ მთავარი პრეტენდენტია ჩემპიონობის
და ფინალში გასულ გუნდს სწორედ მათ წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
ლაშა გამყრელიძე(,,დინამო’’): მივულოცავ ჩვენს
გუნდს გამარჯვებას. ვეთამაშებოდით ერთ-ერთ ძლიერ გუნდს, რომელსაც ჩვენსავით წაუგებელი
სერია ჰქონდა. იყო ფსიქოლოგიური წნეხიც. მთელი კვირის მანძილზე განსაკუთრებულად ვემზადებოდით
და ვვარჯიშობდით. მიუხედავა ანგარიშში სხვაობისა, საკმადო დაძაბული შეხვედრა იყო და
ბოლომდე ვიბრძოდით. წინ რთული თამაშები გველის, განსაკუთრებით გასვლა ,,ქუთაისთან’’
და იმედია, პირველ წრეს წარმატებით ჩავამთავრებთ.
ზვიად ბაბიაშვილი(,,არმია’’): პირველ რიგში,
მივულოცავ ,,დინამოს’’. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი ერთდროულად ბევრი
შეცდომა დავუშვით, რამაც განაპირობა ჩვენი მარცხი. ძალიან კარგად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის
და მოსაგებადაც განწყობილები ვიყავით, თუმცა ,,დინამომ’’ გვაჯობა. იმედია, მომავალში
შევძლებთ ხარვეზების გამოსწორებას.
დინამო -არმიას ფოტოები მოგვაწოდა ს/კ “არმიას” პრეს-სამსახურმა