თბილისის სპორტის სასახლეში მეორე ნახევარფინალური შეხვედრა იწყება ,,დინამოსა” და ,,რუსთავს” შორის. გუნდების მწვრთნელებმა თამაშის დაწყებამდე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): იმ მცირე დროში, რაც გვქონდა, ბიჭებთან გუშინდელ შეცდომებზე ვისაუბრე. ის, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე სტაბილურად კარგად მაღალი პროცენტით ესვრის 3-ქულიანებს, არ ნიშნავს, რომ წაგებას უნდა შევეგუოთ. რთული ბრძოლა გველის, თუმცა შევეცდებით თამაშში გარდატეხა შევიტანოთ და გუშინდელი შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
ბადრი კიკვიძე(,,რუსთავის” მწვრთნელი): სერიის ყველა მატჩი რთული და დაძაბული იქნება. გუშინ სერიოზული ტრავმა მიიღო მიშა ჭოჭუამ და დღეს გამოგვაკლდება, თუმცა მაინც ვიბრძოლებთ მოსაგებად. ვფიქრობ, წარმატების კარგი შანსი გვაქვს, მითუმეტეს, რომ სერიის მომდევნო ორი შეხვედრა რუსთავში გაიმართება. ჯერ ყველაფერი წინ არის და ვნახოთ, რა მოხდება.