დინამო წაუგებელ სერიას აგრძელებს (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა
გალერეა თბილისის
“დინამომ” სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “შსს-აკადემია” 36 ქულით
გაანადგურა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მე-5
გამარჯვება მოიპოვა და “არმიასთან” ერთად სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს.
მატჩის ბედი მესამე
მეოთხედში გადაწყდა, რომელიც დინამოელებმა 23:4 (!) მოიგეს. დიდ შესვენებამდე კი თამაშს
ინტრიგა ჯერ ჰქონდა შერჩენილი, რადგან სხვაობა ისეთი დიდი არ იყო, როგორიც მესამე პერიოდის
ბოლოს დაფიქსირდა.
დრაგან პეტრიჩევიჩის
გაწვრთნილი შსს-ელები პირველ მეოთხედში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს. მეორე
პერიოდი დინამოელთა 5-ქულიანი ლიდერობით დაიწყო, თუმცა ჩერნოგორიელი ცენტრის, სტევან
მილოშევიჩის აქტიურობის შედეგად “დინამო” ფარქვეშ გაბატონდა და უპირატესობა
ანგარიშშიც გამოხატა – 44:31.
მილოშევიჩმა საბოლოოდ
მიმდინარე სეზონის რეკორდი გაიმეორა მოხსნებში. მის ანგარიშზე 22 ქულასთან ერთად
21 მოხსნა დაგროვდა. სტევანმა ვერ გააუმჯობესა ქუთაისელი აკაკი დვალიშვილის ანალოგიური
შედეგი, რომელიც ამ უკანასკნელმა მე-3 ტუში, “მაკაბისთან” მოაგროვა.

დინამოელებმა
“შსს-აკადემია” საბოლოოდ 85:49 დაამარცხეს და ჩემპიონატში ასპარეზობას უდანაკარგოდ
აგრძელებენ. სტივენ მილოშევიჩთან ერთად “დინამოს” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი
წილი დაიდო მილოშ პეშიჩმა,რომელმაც 17 ქულა დააგროვა, მიხეილ ჭოჭუასა და ბესო ლეჟავას
ანგარიშზე კი 11-11 ქულა დაგროვდა. დამარცხებულთაგან ათქულიანი ზღვარი მხოლოდ ილია
ლონდარიძემ დაძლია, რომელმაც 12 ქულა დააგროვა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მთელი ათი დღე ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ყველა კომბინაცია გვქონდა გავლილი, ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს ის  დავალებები, რომლებითაც ხელი შეუშალეს ,,შსს აკადემიას’’ მოგებაში. მეტოქე გუნდს დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს ჩვენ ვიყავით ფავორიტები. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს კარგი თამაშისთვის.  წარმატებას ვუსურვებ აკადემიას მომავალში, დარწმუნებული ვარ მოუმატებენ და კარგ შედეგს აჩვენებენ.
დრაგან პეტრიჩევიჩი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, პირველი 15 წუთი კარგ კალათბურთს ვთამაშობდით და თანაბრად მიდიოდა თამაში, მაგრამ მეორე პერიოდის ბოლო ხუთ წუთში უმარტივესი შეცდომები დავუშვით, რამაც ,,დინამოს’’ საშუალება მისცა კომფორტულად ეგრძნო თავი და დიდი უპირატესობა მოეპოვებინა. დიდი არჩევანი არ მქონია არც შეცვლებზე. მრცხვენია იმის, რაც მესამე პერიოდში მოხდა, საშინლად ჩავატარეთ მესამე მეოთხედი, თუმცა არ მრცხვენია ამ მოთამაშეების, ისინი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეები არიან, მათთან ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც შეიძლება დღეს არ ჩანს, თუმცა ისინი ბოლოს აუცილებლად აჩვენებენ შედეგს და ჩვენს შრომას. დღევანდელი მარცხი უნდა დავივიწყოთ და ხვალიდან ,,რუსთავის’’ წინააღმდეგ სათამაშოდ მოვემზადოთ.
მიხეილ ჭოჭუა(,,დინამო’’): მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულეთ, ნაკლები შეცდომა დავუშვით, კარგად ვითამაშეთ და ამან განაპირობა დღევანდელი შედეგი.

ვილი ისიანი(,,შსს აკადემია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და თამაშისთვისაც აშკარად კარგად იყვნენ მომზადებულები. შორი სროლები არ წაგვივიდა და ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა შევეცდებით მომავალ შეხვედრებში იგივე ხარვეზები არ გვქონდეს.