დინამომ არმიის დამარცხებით პირველობა მოიპოვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა
გალერეა 
Video

 სუპერლიგის რეგულარული
ჩემპიონატის გამარჯვებული დიდი ალბათობით თბილისის “დინამო” გახდება, რითაც
ირაკლი ხოშტარიას გუნდი პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობას მოიპოვებს.
ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც დინამოელებმა დღეს, სპორტკომპლექს “არენაში”
მიმდინარე ტურის ცენტრალურ მატჩში “არმია” დაამარცხეს.

ეს გუნდები ცხრილში
I-II ადგილებს
იყოფდნენ და პირად შეხვედრას უნდა გაეცა პასუხი იმისთვის, თუ ვინ გახდებოდა ერთპიროვნული
ლიდერი. ხოშტარიას გუნდმა არმიელების დამარცხება იოლად მოახერხა და თითქმის გამორიცხულია,
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 ტურის შეხვედრა წააგოს და პირველობა დათმოს.

“დინამოსა”
და “არმიის” მატჩში საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, რაც მხოლოდ პირველ
ტაიმში გამართლდა. საწყის მეოთხედში დაცვით თამაში გაჩაღდა და ეს შედეგზეც აისახა
– “დინამომ” 10-წუთეული 12:9 მოიგო. მეორე პერიოდში დინამოელებმა დაცვა კიდევ
უფრო გაამაგრეს, რითაც შეტევაშიც გზა გაეხსნათ. დიდ შესვენებამდე ხოშტარიას გუნდმა
უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა – 36:27.

მატჩის ბედი მესამე
მეოთხედში გადაწყდა, რომელიც დინამოელებმა 25:11 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 23 ქულით
დაწინაურდნენ. ბესო ლეჟავას შორეულმა სროლებმა და სტევან მილოშევიჩის ფარქვეშა შედეგიანობამ
შედეგი გამოიღო, “დინამო” ყველა სათამაშო რგოლში დალაგებულად და რაც  მთავარია, შედეგიანად თამაშობდა და დამსახურებულადაც
გაიმარჯვა.

“დინამოში”
23 ქულით ბომბარდირი ბესო ლეჟავა გახდა, ჩერნოგორიელმა სტევან მილოშევიჩმა კი მატჩის
ერთადერთი ორმაგი დუბლი – 21 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. არმიელთაგან 16 ქულით ბომბარდირი
ლაშა ფარღალავა გახდა, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
მივესალმები მეტოქე გუნდს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. იცით, რომ ცუდი სიტუაცია
გვქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს თამაში ბევრ რამეს წყვეტდა, წინ კიდევ გვაქვს
მატჩები, თუმცა სწორედ დღევანდელი შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი დაიკავებდა
პირველ ადგილს. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, ყველამ მოახერხა ფსიქოლოგიური პრობლემის
გადალახვა. ვეცდებით დანარჩენი თამაშები წარმატებით ჩავატაროთ და პლეი ოფზე ვიფიქროთ.

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას, მატჩის წინ ვშიშობდი, რომ  რთული პერიოდის შემდეგ ,,დინამო’’ სულ სხვა სახით
წარდგებოდა ჩვენ წინაშე და ასეც მოხდა, ნამდვილად საჩემპიონო გუნდია და ერთ-ერთი საუკეთესო
თამაში ჩაატარეს. ჩვენი მხრივ, მოვემზადეთ, მაგრამ რადიკალურად სხვა სურათი დაგხვდა,
მოედანზე სულ სხვა ,,არმია’’ გავედით და ეს, პირველ რიგში, ,,დინამოს’’ კარგი თამაშის
დამსახურებაა. თამაშის შემდეგ გუნდის კაპიტანს ვთხოვე, რომ დაგვეწერა მსაჯებზე საჩივარი.
წაგებას მსაჯებს ნამდვილად არ ვაბრალებთ, ამაში მათი წვლილი შეიძლება ძალიან მცირე
იყოს, უბრალოდ მინდა კითხვებზე პასუხი მივიღო.ერთადერთი გზა, როგორც ჩანს, ისაა, რომ
დავჯდე და თამაშს ვუყურო, მსაჯებისგან კონკრეტულ პასუხებს ვერ ვიღებ. იმედი მაქვს,
ამჯერად მივიღებ პასუხებს, რომლებსაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ.

ბესიკ ლეჟავა(,,დინამო’’):  ჩვენთვის ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი
იყო როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე, სატურნირო მდგომარეობისთვისაც. წარუმატებელი
სერიის შემდეგ გვჭირდებოდა ეს მოგება. ყველამ ერთად გავაანალიზეთ შეცდომები, ვიმუშავეთ
და დღეს შედგეგი სახეზა. ვეცდებით, მომავალში აღარ გვქონდეს ისეთი ჩავარდნა როგორიც
ახლა გვქონდა, უფრო ყურადღებით ვიყოთ და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ზვიად ბაბიაშვილი(,,არმია’’): პირველ რიგში,
მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. სერიოზულად ვემზადებოდით
ამ შეხვედრისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ. დავეთანხმები კოტეს, მსაჯებს
არაფერს ვაბრალებთ, ,,დინამომ’’ თამაშით გვაჯობდა და დამსახურებულად მოიგეს, მაგრამ
მსაჯების მხრიდან იყო შეცდომები და არა მხოლოდ დღევანდელ თამაშში, ეს ყველაფერი დაგროვდა
რამდენიმე მატჩში. ჩვენ  გუნდს სერიოზული ამბიციები
აქვს, კონკრეტული მიზნებისთვის ვიბრძვით და მსაჯებთან გვაქვს კონკრეტული კითხვები.
იმედი გვაქვს, გაგვარკვევენ სიტუაციაში.