დინამომ ბათუმში დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

დინამომ ბათუმში დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკასუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრას უმასპინძლა დღეს ბათუმმა,
სადაც სათამაშოდ მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანის მემორიალისა და სუპერთასის გამარჯვებული „დინამო“ ჩავიდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, რომლის ბედიც
ბოლო პერიოდში, სტუმართა სასარგებლოდ გადაწყდა.

ბათუმელებმა შეხვედრა შედეგიანად დაიწყეს და ლიდერობა
დებიუტშივე რომ მოიპოვეს, 24 წუთამდე ლიდერობდნენ. ერთხანს მასპინძელთა უპირატესობამ
11 ქულასაც უწია – ეს პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მოხდა, როცა ილია შემოსიუკის
შედეგიან სამქულიანს ზღვისპირელთა 44:33 დაწინაურება მოჰყვა. ტაიმის დარჩენილ მოკლე
დროში მიხეილ ჭოჭუას, ნიკოლა მარავიჩისა და მიხეილ ბერიშვილის შედეგიანობით დინამოელებმა
ჩამორჩენის შემცირება 5 ქულამდე შეძლეს – 43:48.

მესამე პერიოდში დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით
14:4 გაქცევა მოაწყეს და 62:56 დაწინაურდნენ. გადამწყვეტი პერიოდის წინ დინამოელებს
1-ქულიანი ლიდერობა შერჩათ და თამაში თანაბარ კალაპოტში ჩადგა.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელები მცირე ლიდერობას
ინარჩუნებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს, საფინალო სირენამდე 3:40 წუთით ადრე სტუმრები
8 ქულით დაწინაურდნენ – 83:75. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ბათუმელებმა კარგი დაცვისა
და შედეგიანი შეტევის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ბესო ლეჟავამ ერთი სამქულიანი
და  ერთიც ორქულიანი ჩააგდო, შემოსიუკმა კი 3 საჯარიმო მიითვალა – 83:83 თამაშის დასრულებამდე 1:20 წუთით
ადრე.

დასკვნით ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა მიხეილ ბერიშვილმა
და განსაკუთრებით ნიკოლა მარავიჩმა.  მათმა გააზრებულმა გარჯამ დინამოელებს მნიშვნელოვანი
გამარჯვება მოუტანა. ბერიშვილმა დამაწინაურებელი ორიანი ჩააგდო, რის შემდეგაც მარავიჩმა
დინამოელთა 2 აცილებული ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და საჯარიმოები მიითვალა –
87:83. შეხვედრას მიხეილ ბერიშვილმა დაუსვა წერტილი, რომელმაც ლეჟავას ნასროლი მოხსნა და ზუსტი
საჯარიმოებით „დინამო“ ბათუმელთათვის მიუღწეველი გახადა.

გამარჯვებულთა შორის 21 ქულით ბომბარდირი გახდა მიხეილ ბერიშვილი,
18 ქულა მოაგროვა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო ნიკოლა მარავიჩმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.
ბათუმელთაგან 23 ქულით საუკეთესო შედეგი ბესო ლეჟავამ დააფიქსირა, ხოლო ილია შემოსიუკის
ანგარიშზე 22 ქულა და 5 პასი დაგროვდა. ორმაგი დუბლი – 13 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა
შეხვედრა კრისტოფერ ფელჩერმა. 
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია
(“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): ახალ სეზონზე პირველი გასვლითი თამაში
გვქონდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბათუმის კარგი თამაში, განსაკუთრებით პირველ ნახევარში.
ორივე გუნდი ახალი შეკრებილია ჯერ კიდევ შეთამაშება გვჭირდება. მე–2 ნახევარში კორექტირება
შევიტანეთ მონახაზში და თამაში ქულა–ქულაში წარიმართა. შემდეგ შეხვედრამდე მოსამზადებლად
ცოტა დრო გვაქვს, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით აღმოვფხვრათ ხარვეზები. “ბათუმს” კი წარმატებებს
ვუსურვებ მომავალ თამაშებში.
 დავით უსტიაშვილი
(“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოვიდა. თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ თამაში ქულა–ქულაში გადაიზარდა. “დინამო” ძალიან კარგი გუნდია
და შეიძლება ითქვას რომ შეხვედრის ბოლო წუთმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. ჩემი გუნდის თამაშით
კმაყოფილი ვარ, ახალი შეკრებილები ვართ და შეთამაშება გვაკლია. მჯერა რომ თამაშიდან
თამაშამდე აუცილებლად მოვუმატებთ და გამოვასწორებთ შეცდომებს.