სტატისტიკა
გალერეა
დღევანდელი სათამაშო დღე არათანაბარ მეტოქეთა მატჩით
დასრულდა. ჩემპიონობის ერთ-ერთმა კანდიდატმა “დინამომ” სუპერლიგის აუტსაიდერი
“მაქაბი” ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე – 95:61 დაამარცხა.
პირველი და მეორე მეოთხედები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.
“დინამომ” საწყისი პერიოდი 27:9 მოუგო “მაქაბის”, მეორეში კი
26:9 იმარჯვა. შესაბამისად, დიდი შესვენებისთვის ირაკლი ხოშტარიას გუნდი 53:18 იგებდა.
გამარჯვებულის ვინაობა ყველასთვის ცნობილი იყო, დარჩენილ დროში მაქაბის ახალგაზრდებმა
სათამაშო პრაქტიკა მიიღეს, ხოლო დინამოელებმა რომლებსაც უფრო შორსმიმავალი გეგმები
აქვთ, სათამაშო კომპონენტები და კომბინაციები დახვეწეს.
მესამე მეოთხედში “დინამომ” თავის ისედაც
უზარმაზარ ლიდერობას 2 ქულაც შემატა და ბოლო პერიოდში მოდუნდა. “მაკაბიმ”
დასკვნითი 10-წუთეული 24:21 მოიგო, თუმცა 34-ქულიან მარცხს ვერ ასცდა.
დინამოელებს სერბმა მილოშ პეშიჩმა ულიდერა, რომელაც
თავი 20 ქულას მოუყარა. 16-16 ქულა დააგროვეს ბესო ლეჟავამ და ქიენ კარტერმა. სტევან
მილოშევიჩის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. “მაქაბიში” ყველაზე შედეგიანი,
21 ქულისა და 11 მოხსნის მიმთვლელი გიორგი ფერიაშვილი გახლდათ, ლევან რევაზაშვილმა კი პირად ანგარიშზე 14 ქულა
ჩაიწერა.
მე-5 ტური ხვალ, “ბათუმისა” და “სოხუმის”
მატჩით დასრულდება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’
მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ
,,დინამოს’’ დამსახურებულ გამარჯვებას. შედეგი
ლოგიკური და რეალურია. ,,დინამო’’ ,,არმიასთან’’ ერთად ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია,
ევროპის ჩემპიონატის ზოგიერთი მატჩი ჩამოუვარდეს კიდეც მათ შეხვედრას. მე ყოველთვის
,,დინამოს’’ გულშემატკივრად ვრჩები. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რევაზაშვილს
არ წაუვიდა თამაში, თუმცა დღეს ჩვენ ისედაც განწირულები ვიყავით. ჩვენმა თამაშმა მისცა
მეტოქეს საშუალება ყველას ეთამაშა, მეორე ხუთეულიც ნამდვილად კარგ ფორმაშია. გვაკლდა
მაიზერ რევაზაშვილი, ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელიც. ვულოცავ კიდევ ერთხელ ,,დინამოს’’. როცა რევაზაშვილები
დაგვემატებიან, იმედია უფრო მედგარ წინააღმდეგობას გავუწევთ მეტოქეებს.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’
მთავარი მწვრთნელი): მადლოვას ვეტყვი
,,მაკაბის’’, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა. ჩვენ
დღეს ფავორიტები ვიყავით. შევეცადე, ყველას ეთამაშა, ძირითადად ახალგაზრდებს მივეცით დრო. ამით უპირატესობა
შედარებით გავანიავეთ, თუმცა ეს არ არის მთავარი. ვფიქრობ, ,,მაკაბი’’ რევაზაშვილების
დამატების შემდეგ კიდევ უფრო კარგ თამაშს აჩვენებენ.
ბესიკ ლეჟავა(,,დინამო’’):
მადლობა მოწინააღმდეგეს,
რომელიც ყველანაირად ეცადა წინააღმდეგობა გაეწია. თუმცა დღეს ჩვენ აშკარა ფავორიტები
ვიყავით. ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია შემდეგი თამაშებისთვის, მივყვებით მწვრთნელის სისტემას,
ვცდილობთ ყველა თამაშზე შევასრულოთ მისი დავალებები და ნაკლები შეცდომა დავუშვათ. წინ
უფრო რთული და სერიოზული შეხვედრები გველის და ეს იყო რეპეტიცია, რათა მინიმუმამდე
დაგვეყვანა შეცდომები. მადლობას ვეტყვი ჩვენს გულშემატკივრებს, როლმებიც გვერდში გვიდგანან
და მაქსიმალურად შევეცდებით მათი იმედები გავამართლოთ.