სტატისტიკა
გალერეა
დასრულდა
სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა ,,დინამოსა’’ და ,,სოხუმს’’
შორის. ,,დინამომ’’ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა, იოლად დაამარცხა რამდენიმე ლიდერის
გარეშე დარჩენილი მეტოქე და პირველი წრე სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულა.
მატჩის
ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა. ,,დინამომ’’ პირველი მეოთხედი 8 ქულის სხვაობით
მოიგო,მეორე პერიოდი კიდევ უფრო უკეთ ჩაატარა და ლიდერობა დიდი შესვენებისთვის 22 ქულამდე
გაზარდა.
ფაქტი
იყო, ,,სოხუმს’’ ამ სხვაობის აღმოფხვრა გაუჭირდებოდა. მართალია, მეორე ნახევარში მაყურებელმა
უფრო თანაბარი თამაში იხილა, თუმცა ფარღალავას და შვანგირაძის კარგი თამაში საკმარისი
არ აღმოჩნდა.
შეხვედრა
ისე დამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. ფავორიტად მიჩნეულმა ,,დინამომ’’ ერთ-ერთი აუტსაიდერი,
საბოლოოდ, 104:78 დაამარცხა.
,,დინამოს’’ გამარჯვებისკენ ილია ლონდარიძე გაუძღვა,
რომელმაც 25 ქულა მიითვალა. 19 ქულა და 6 პასი ჰქონდა ბესო ლეჟავას, 18 ქულა, 6 მოხსნა
და 5 პასი დაგროვდა გიორგი ვახანიას ანგარიშზე, ლაშა გამყრელიძემ თავი 7 შედეგიან გადაცემას
და 13 ქულას მოუყარა, რიჩარდ მათიაშვილს კი 12 ქულა ჰქონდა.
სოხუმელთა
რიგებში 18-18 ქულით ლაშა ფარღავალა და გრიგოლ შვანგირაძე გამოირჩნენ.
სუპერლიგის
პირველი წრის ბოლო შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ ,,მგზავრები-არმია’’
ჩავა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი
მწვრთნელი): პირველ რიგში, მოგილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ
წელს და გისურვებთ წარმატებებს. დღეს ამ წლის ბოლო თამაში გვქონდა. უკანასკნელი თამაშები
არცთუ სახარბიელოდ ჩავატარეთ, წინა ტური წავაგეთ, თასის თამაშები მოვიგეთ, თუმცა არა
მარტივად და დამაჯერებლად. მნიშვნელოვანია, რომ სეზონის ნახევარი პირველ ადგილზე დავასრულეთ
და მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს ამისთვის. არ მინდა კონკრეტული მოთამაშეები გამოვყო,
თუმცა უნდა აღვიშნო, რომ არაჩვეულებრივი კაპიტანი გვყავს, რომელიც პროფესიონალურად
ასრულებს თავის საქმეს როგორც მოედანზე, ის მოედნის გარეთ. ასევეა რამდენიმე მოთამაშე
მასთან ერთად. გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და იმედი მაქვს, მეორე
წრიდან კიდევ უფრო მოუმატებენ, თუ სერიოზული შედეგის მიღწევა გვინდა. კონკრეტულად თამაშს რაც შეეხება, მეორე პერიოდში
უკვე მოვიპოვეთ დიდი უპირატესობა და ყველას მივეცი მოედანზე გამოსვლის საშუალება. მადლობას
ვეტყვი ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც მოვიდა და ბოლომდე გვერდში გვედგა.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): ვულოცავ ,,დინამოს’’ ამ გამარჯვებას, ლოგიკური იყო,
მათ უნდა მოეგოთ. ჩვენ 2 კვირაზე მეტია 5-5-ზე არ გვითამაშია, ლიდერი მოთამაშეები ტრავმირებულები
არიან, რამდენიმე ავად იყო და, ფაქტობრივად, 6 კაცი ვვარჯიშობდით. ცუდი სტარტი და პირველი
ნახევარი გვქონდა ამ სეზონში, თუმცა იმედია იანვრიდან გამოვასწორებთ. ასევე, უნდა ვიფიქროთ
ახალი მოთამაშის დამატებაზეც.