დინამომ რეგულარული ჩემპიონატი მოიგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა 

თბილისის ,,დინამომ’’ ბოლო ტურში ,,სოხუმი’’ 113:74 გაანადგურა
და რეგულარული ჩემპიონატი მოიგო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა რეგულარული
ჩემპიონატი 11 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულეს და პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან
მოედნის უპირატესობა გაინაღდეს.

მატჩის წინ ცნობილი
გახდა, რომ სოხუმის შემადგენლობაში არ ითამაშებდნენ ირაკლი ჩლაიძე, გიორგი ჯგერენაია,
დარიუს გილმორი, ლაშა ფარღალავა და დავით დეკანოიძე. სოხუმს არ ჰყავდა მთავარი მწვრთნელი
ვაჟა კვარაცხელიაც და ამ სოლიდური დანაკლისის გათვალისწინებით დინამოს გამარჯვება ადვილად
სავარაუდო იყო.

დინამოელთაგან
5 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს აცდა, რომელთაგან საუკეთესო ლაშა გამყრელიძე იყო 18 ქულითა
და 14 პასით. 18 ქულა დააგროვა რიჩარდ მათიაშვილმა, 17 – ბესო ლეჟავამ, გარიკ შერმანმა
ორმაგ დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 10 მოხსნა, გიორგი ორმოცაძემ კი 13 ქულა მიითვალა.
სოხუმელთაგან 15 ქულით ბომბარდირი ბექა ბექაური გახდა.

,,დინამო’’ მეოთხედფინალურ
სერიაში ,,მგზავრები-არმიას’’ შეხვდება, ხოლო ,,სოხუმი’’ – ,,შსს აკადემიას’’. რეგულარული
ჩემპიონატის ბოლო მატჩში ,,მგზავრები-არმია’’ ,,რუსთავს’’ შეხვდება. მატჩის შედეგს
სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ გააჩნია. ,,რუსთავი’’ მე-4 ადგილზეა, ხოლო ,,მგზავრები-არმია’’
– ბოლოზე.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მწვრთნელი): როგორც წინასამატჩო
პრესკონფერციაზე აღვნიშნე, ჩვენთვის არ იყო ეს თამაში გადამწყვეტი.  შედეგიც სახეზეა. თან,  წამყვანი მოთამაშეები გვაკლდა. ვულოცავ ,,დინამოს’’
პირველ ადგილს და გამარჯვებასაც, ჩვენ წინ გვაქვს პლეიოფი და მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მოვიგეთ
დიდი ანგარიშით, ბიჭებმა ბოლომდე იშრომეს და იბრძოლეს, თუმცა ,,სოხუმი’’ არ არის ის
გუნდი, რომელსაც ასეთი სხვაობით მოუგებ, ლიდერი მოთამაშეები არ ჰყავდათ და მოტივაციაც
აკლდათ. ჩვენ უფრო მონდომებულები ვიყავით და ამიტომ დაფიქსირდა ასეთი სხვაობა. ამ გუნდს
დიდი რესურსი აქვს, ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენთვის ყველაფერი გარკვეულია
და მოვემზადებით მეოთხედფინალებისთვის.