სუპერლიგის 21-ე ტური “დინამოსა” და “სოხუმის” მატჩით დასრულდა. ერთ-ერთი ლიდერისა და აშკარა აუტსაიდერის დაპირისპირება დაძაბული ვერ გამოდგა. ფავორიტად მიჩნეულმა დინამოელებმა მორიგი გამარჯვება ისე მოიპოვეს, რომ პრობლემები არ შეჰქმნიათ.
აღსანიშნავია, რომ გია კაზანჯიანის გაწევრთნილმა “სოხუმმა” იბრძოლა, მაგრამ წარმატების მისაღწევად ძალები არ ეყო. პირველი პერიოდი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში გაილია და დინამოელთა 4-ქულიანი ლიდერობით – 26:22 დასრულდა. მეორეში კი მოქმედმა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “დინამომ” უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა და დიდი შესვენებისთვის 51:41 გალიდერდა.
მეორე ნახევრიდან თამაში ინერციით გაგრძელდა. “სოხუმმა” ერთ ეპიზოდში 6 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა დინამოელებმა უმალ შედეგიანი შეტევებით უპასუხეს და 80:63 დაწინაურდნენ. საბოლოოდ კი მოქმედმა ჩემპიონმა 93:75 მოიგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. გამარჯვებულთაგან ხუთმა მოთამაშემ გადალახა 10-ქულიანი ზღვარი და მათ შორის საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე – 18 ქულა, 8 მოხსნა. 17 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა ალექსანდრე მიტროვიჩმა, ხოლო რეივენ ლის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. “სოხუმში” 20 ქულით საუკეთესო იყო სერგეი პრიმაკი, ხოლო ბიშოპ დენიელსმა შეხვედრა 18 ქულით და 9 პასით დაასრულა.
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 9, 10 და 11 მარტს, საქართველოს 4 ქალაქში – რუსთავში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„შედეგი მისაღებია, ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვება, იმ წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, რომელიც გამოვიარეთ. დანაკლისის მიუხედავად, ვეცდებით, მომავალ თამაშებში ეტაპობრივად გამოვასწოროთ ხარვეზები და თამაშის ხარისხი.“
გია კაზანჯიანი – „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„ტრავმის გამო კიდევ ერთი ლეგიონერი – კვან უოლერი დავკარგეთ, ყველანაირად ვცდილობთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები რაც დაგვრჩა. დღეს ახალგაზრდებსაც მივეცით შანსი და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგით არ ვარ კმაყოფილი, თამაშის ხარისხს არაუშავდა. ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და მან ღირსეულად მოიგო, ვულოცავ „დინამოს“.”