გალერეა
VIDEO
მეორე წრის მეორე ტური დასრულდა. ბოლო მატჩში მაყურებელი
საინტერესო თამაშის მოლოდინში იყო, თუმცა ბრძოლა არ შედგა – “დინამომ”
იოლად დაამარცხა “სოხუმი” და ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ვაჟა კვარაცხელიას
გუნდმა ლეგიონერების გარეშე ითამაშა – პეტერ ივანიჩი უხელფასობის გამო სერბეთში გაბრუნდა,
ჯერემი საიმონსი იგივე მიზეზის გამო მოედანზე არ გავიდა, ჯოშუა ჯექსონმა კი ტრავმის
გამო არ ითამაშა, თუმცა ჯანზე რომც ყოფილიყო, სოხუმელთა ღირსებას სავარაუდოდ არ დაიცავდა.
ფინანსურ პრობლემებზე სოხუმელებმა მატჩის წინა და შემდგომ
პრესკონფერენციებზე ისაუბრეს. გუნდის წევრებს 5 თვეა, ხელფასი არ აუღიათ და ლეგიონერებმა
ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი. უცხოელი მოთამაშეების გარეშე დარჩენილმა “სოხუმმა”
ლიდერ “დინამოს” წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პირველი მეოთხედი 15:31 წააგო
და მომდევნო პერიოდებშიც ვერას გახდა. სოხუმელებმა ერთადერთი, ბოლო მეოთხედი – ისიც
1 ქულით მოიგეს, მთლიანობაში კი 34 ქულით წააგეს – 59:93.
დინამოელებს ჩერნოგორიელმა სტევან მილოშევიჩმა ულიდერა
22 ქულა-11 მოხსნით. 14 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა ქიენ კარტერმა, ხოლო ბესიკ ლეჟავამ
და გიორგი გამყრელიძემ პირად ანგარიშზე 11-11 ქულა ჩაიწერეს. “სოხუმში”
21 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე იყო, რომელმაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ხმამაღალი
განცხადება გააკეთა “სოხუმში” არსებული გაუსაძლისი პირობების გამო. 13 ქულა
ჰქონდა გრიგოლ შვანგირაძეს, ხოლო 12 – ვახტნგ ქადარიას.
სუპერლიგის მომდევნო ტური 14 და 15 თებერვალს, ბათუმსა
და თბილისში გაიმართება.
სტატისტიკა
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): ვულოცავ
,,დინამოს’’ დამსახურებულ გამარჯვებას, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ფავორიტები იყვნენ.
აწყობილი და ძალიან ძლიერი გუნდია, კარგად დაკომპლექტებული და ყველანაირი პირობით უზრუნველყოფილი.
რაც შეგვეხება ჩვენ, უკვე მეხუთე თვეა სერიოზული ფინანსური პრობლემები გვაქვს, საკანდელიძე-ქორქიას
გათამაშების ფინალში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად ასეთი პრობლემებისა. ახლა
კი, ვარჯიშებსაც ვეღარ ვატარებთ და ნამდვილად არ ვიცი, როგორ გაძლებს გუნდი სეზონის
ბოლომდე, თუ უახლოეს მომავალში არ მოგვარდება ეს პრობლემები. თამაშის ხარისხიც თანდანათ
ფუჭდება.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’
მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მადლობა
,,სოხუმს’’ და ვაჟა კვარაცხელიას იმისთვის, რომ დღესაც ითამაშეს და მიუხედავად პრობლემებისა,
ბიჭები მოტივირებული არიან. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, დღეს ნამდვილად კმაყოფილი ვარ
არა იმიტომ, რომ ამხელა სხვაობით მოვიგეთ, არამედ იმიტომ, რომ ბიჭებმა ყველა დავალება
ზუსტად შეასრულეს. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და მეც მათ პირველ რიგში ამას
ვთხოვ. მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი არის ამ ყველაფრის მამოძრავებელი და ნამდვილი კაპიტანი,
მადლობას ვეტყვი ბიჭებს. წინ ძალიან რთული
გასვლითი თამაში გვაქვს ბათუმში და შევეცდებით, წარმატებით ვიასპარეზოთ.
ირაკლი ჩლაიძე(,,სოხუმი’’):
მინდა მივულოცო ,,დინამოს’’ დღევანდელი გამარჯვება და
წარმატებები ვუსურვო მომავალში. რაც შეგვეხება ჩვენ, მე, როგორც გუნდის კაპიტანმა,
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშეს, ლეგიონრებიდან დაწყებული,
რომლებიც ამდენი ხანი უხელფასოდ თამაშობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ გუნდის წარმატებისთვის.
ჯერემი საიმონსმა ფინანსური პრობლემების გამო დღეს არ ითამაშა და მისი ძალიან კარგად
მესმის, პეტრას ივანიჩმა დატოვა გუნდი. მადლობას ვეტყვი მათ ამდენი ხნის განმავლობაში
თავდადებული ბრძოლისთვის. რაც შეგვეხება ქართველ მოთამაშეებს, ჩვენ მაქსიმალურად მოვინდომეთ,
რომ ვარჯიშები არ გაცდენილიყო და ყველა თამაში ღირსეულად ჩაგვეტარებინა, თუმცა თავს
ზემოთ ძალა აღარაა. იმის მაგივრად, რომ ნორმალურმა მოთამაშემ თანდათან მოუმატოს, ჩვენ
პირიქით, უკან მივდივართ. არადა, ყველას ახსოვს, როგორ კარგად დავიწყეთ სეზონი, მოვიგეთ
დუდუ დადიანის მემორიალი და კარგი თამაში ვაჩვენეთ საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის
ფინალში ,,დინამოს’’ წინააღმდეგ. მივმართავ
მინდია გულუას და მოვუწოდებთ, თუ სურს ,,სოხუმის’’ გუნდი დასაცინი არ გახდეს და კიდევ
შეძლოს მეტოქეების წინააღმდეგ ღირსეული თამაშის ჩვენება, დაუყონებლივ დაფაროს დავალიანება.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს,
რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ძალას გვაძლევდნენ.
ჩვენი გუნდის დღევანდელი მდგომარეობა ჩემთვის ძალიან საწყენია.
ასევე, მივმართავ ფედერაციას(ან მათ, ვისაც ეს ეხება),
რომ შეიქმნას ისეთი სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე გამოდიან
და არ არიან არაფრისგან დაზღვეულები, ექნებათ ანაზღაურების მიღების გარანტია და იქნებიან
დაცულები.
გიორგი გამყრელიძე(,,დინამო’’):
მივულოცავ ჩვენს
გუნდს მოგებას და მადლობა სოხუმის ბიჭებს,
რომლებიც ასეთი მდგომარეობის მიუხედავად ბოლომდე იბრძვიან და გუნდის ღირსებას იცავენ.
დღევანდელი თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებოდით და ვფიქრობ, კარგი თამაში ვაჩვენეთ.
უკვე ბოლომდე შეთამაშებულები ვართ, ახალი მოთამაშეც შეეწყო გუნდს და ნამდვილად წინ
მივიწევთ. ყველაფერს ვიზავთ იმისთვის, რომ ბათუმშიც წარმატებას მივაღწიოთ.