დინამოს დაგეგმილი გამარჯვება კაკტუსთან

დინამოს დაგეგმილი გამარჯვება კაკტუსთან

 სტატისტიკა
 გალერეა მიმდინარე სუპერლიგის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა
„დინამომ“ მორიგი, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სუპერლიგის მე-5 ტურის ბოლო მატჩში
ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელები „კაკტუსს“ დაუპირისპირდნენ და დაგეგმილი გამარჯვება
გაიფორმეს – 88:70.

გასული სეზონის ფინალისტი „დინამო“ მიმდინარე სუპერლიგაში
ჩემპიონობის რეალური კანდიდატია და ეს სტატუსი დღევანდელ მატჩშიც დაადასტურა. „კაკტუსი“
არაა ურიგო გუნდი – არჩილ ჟღენტის გაწვრთნილებმა მიმდინარე სეზონში 1 წაგების წილ
2 მოგება იზეიმეს და ამ შედეგით საკმაოდ კარგი პრესტიჟიც შეიძინეს. თუმცა „დინამოსთან“
კაკტუსელებმა საკუთარი ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოავლინეს. უფრო ზუსტად კი ამის საშუალება
მათ გამართულად მოთამაშე „დინამოს“ კალათბურთელებმა არ მისცეს.

პირველი პერიოდი „დინამომ“ 24:18 მოიგო, ხოლო მეორეში
20:18 იმარჯვა და დიდი შეხვენებისთვის ხოშტარიას გუნდი 8 ქულით დაწინაურდა. მეორე ნახევარში,
როცა კაკტუსელებს მატჩის გადასარჩენად გააქტიურება მართებდათ, ისევ დინამოელებმა იმარჯვეს
და პირველ ტაიმში მოპოვებული ლიდერობა უფრო დამაჯერებელი გახადეს.

საბოლოოდ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა „დინამომ“
18-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა და ის ლიდერობა, რომელსაც პირველი ტურიდან ესწრაფვის,
კიდევ უფრო გაიმყარა. დინამოელებს 16 ქულითა და 6 პასით დეონტა ვონმა ულიდერა. 16 ქულა
მიითვალა მიხეილ ჭოჭუამაც, ხოლო ლევან ფაცაციას ანგარიშზე 14 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
კაკტუსელთა შორის 17-17 ქულით საუკეთესონი იყვნენ ტაილერ უაიტი და დავით ლომიძე.

სუპერლიგის მომდევნო, მე-6 ტური თბილისში გაიმართება. 
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (“კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას. დინამო ამ დროისათვის ჩვენზე ძლიერია და ჩვენც ჩვენის მხრივ ვერ გამოვიყურებოდით კარგად დღეს. წაგებას რა თქმა უნდა მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ. 
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): ვემზადებოდით ამ მატჩისთვის, 1 კვირა გვქონდა და ამ მხრივ ნამდვილად კარგი იყო ამხელა შესვენება. ვიცოდით მეტნაკლებად თუ როგორ სტილს თამაშობდა კაკტუსი, აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა ჩვენი დავალებები, რომლებიც მიუხედავად მოგებისა, ვერ გავაკეთეთ. არის მომენტები, როდესაც ჩავარდნა გაქვს. თუ ჩვენ გვინდა რო ვიყოთ სტაბილური გუნდი, ვიფიქროთ მაღალ მიზნებზე, ეს ჩავარდნები უნდა გამოვრიცხოთ და შედეგები გავაუმჯობესოთ ზოგადად ჩვენი თამაში. ვაგრძელებთ, ჯერ მთელი სეზონი წინაა.