სტატისტიკა გალერეასუპერლიგის 23-ე ტურს თბილისი მასპინძლობს. ოთხივე შეხვედრა
დღეს ოლიმპიურ სასახლეშია დაგეგმილი. პირველი მატჩი დასრულდა, რომელშიც ლიდერმა „დინამომ“
„ბათუმს“ უმასპინძლა და გაჭირვების გარეშე – 95:64 დაამარცხა.
ბათუმელებმა საბოლოოდ დაკარგეს ამერიკელი ლეგიონერი
კრის ფელჩერი, რომელსაც წელის პრობლემები ჰქონდა და საოპერაციოდ სამშობლოში გაემგზავრა.
შესაბამისად, ბათუმელთა პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა. ბათუმელებმა დღევანდელ
მატჩში წინააღმდეგობა ფაქტობრივად ვერ გაუწიეს „დინამოს“ და დიდი სხვაობით დამარცხდნენ.
პირველი პერიოდი დინამოელებმა 24:14 მოიგეს, ხოლო დიდი
შესვენებისთვის თბილისელები უკვე 15 ქულით იგებდნენ. მატჩის ბედი მესამე პერიოდის ბოლოს
გაირკვა, რომელიც დინამოელებმა 26:14 მოიგეს და ბოლო მეოთხედს 27-ქულიანი ლიდერობით
შეხვდნენ.
გამარჯვებულთა შორის 21 ქულით ბომბარდირი გახდა მიხეილ
ჭოჭუა. 15 ქულა დააგროვა ლევან გრძელიძემ, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა,
8 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. „ბათუმში“ 15 ქულით საუკეთესო იყო იგორ კრივცოვი, 14
ქულა მიითვალა ილია შემოსიუკმა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
2 ტურის წინ განვაცხადე, რომ გვჭირდებოდა მოგებები
რეგულარულში პირველი ადგილის გასანაღდებლად. ეს მისია უკვე შესრულებულია და დარჩენილ
მატჩებს პლეი ოფისთის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.
ლაშა ოჩხიკიძე (ბათუმის მწვრთნელი):
ვერ ვითამაშეთ სამწუხაროდ, რადგან როგორც მოგეხსენებათ ტრავმები გვაწუხებს. ფელჩერი ამერიკაში გაემგზავრა ტრავმის გამო, ამას დაემატა რამიშვილი ტრავმაც. დინამო ძლიერი გუნდია და ადვილი არაა გამკლავება და ვულოცავ გამარჯვებას.