დუდუ დადიანის მემორიალის ფინალი: სოხუმი VS არმია

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალი: სოხუმი VS არმია

დუდუ დადიანის თასისთვის “სოხუმი” და “არმია” იბრძოლებენ. ფინალში ვადამდე ადრე გასულ “სოხუმს” დღეს “არმია” შეუერთდა, რომელმაც “ბ” ჯგუფის ბოლო მატჩში “ოლიმპი” 55:47 დაამარცხა.

ამ მატჩს ინციდენტი ახლდა, რომელიც მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მოხდა, როცა “არმია” 2 ქულით – 45:43 იგებდა. მსაჯმა, ირაკლი ბერიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან რიჩარდ მათიაშვილი გააძევა, რასაც ამ მოთამაშის რეაქცია და არეულობა მოჰყვა.
საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მსაჯებმა მოედნიდან ოლიმპელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გიორგი მარხვაშვილიც გააძევეს. არმიელმა მიხეილ ბერიშვილმა 8 საჯარიმო ესროლა, საიდანაც 7 ჩააგდო და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
არადა, მთელი თამაშის განმავლობაში ოლიმპელები იგებდნენ. გუნდები დაცვაზე იყვნენ ორიენტირებულნი, რასაც მოთამაშეთა შეცდომებიც ემატებოდა და ბურთიც ძალიან იშვიათად ვარდებოდა. მეორე მეოთხედი 6:5 დასრულდა, ხოლო მესამე პერიოდში ანგარიში 25:17 იყო “ოლიმპის” სასარგებლოდ. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ოლიმპელები 41:34 იგებდნენ, თუმცა არმიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, ზვიად ბაბიაშვილმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ბექა წივწივაძემ ზუსტი გარღვევით “არმია” დააწინაურა – 45:43. სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი, რის შემდეგაც არმიელებმა გამარჯვება გაინაღდეს.
ამ დრამატულ მატჩამდე ერთი შეხვედრა გაიმართა. ფინალს მიღმა დარჩენილი გუნდების მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. “შსს-აკადემიამ” და “ქუთაისმა” წინა ტურებში “სოხუმთან” წააგეს და ფინალში გასვლის შანსი დაგარგეს. ამ გუნდების მატჩში გამარჯვებული ჯგუფში მეორე ადგილზე გადიოდა, რაც მე-3 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებას აძლევდა.
“შსს-აკადემიაში” ბექა ჩიკვილაძის დებიუტი შედგა, რომელიც გახდა კიდეც მატჩის გმირი. ჩიკვილაძემ ამ მატჩში 3 სამქულიანი ჩააგდო და სამივე ბოლო მეოთხედში. გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე ქუთაისელები 10 ქულით – 62:52 იგებდნენ, რაც მათი ცენტრის, აკაკი დვალიშვილის დამსახურება იყო. დვალიშვილმა 27 ქულით და 14 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ აკადემიელები 10 ქულით აგებდნენ, ბოლო პერიოდი მძლავრად დაიწყეს და გამართული თამაშის წყალობით გამარჯვებასაც მიაღწიეს. თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე “ქუთაისი” 66:57 იგებდა, როცა აკადემიელებმა საკუთარ მოედანზე გაუვალი დაცვა დააყენეს, შეტევაში კი ჩიკვილაძემ იყოჩაღა. მომდევნო 4-წუთიანი მონაკვეთი დრაგან პეტრიჩევიჩის გუნდმა 21:4 მოიგო და 78:70 დაინაურდა. შეხვედრის ბედიც აქ გაირკვა. ქუთაისელებმა, რომლებსაც მოგებამდე 1 ნაბიჯი აკლდათ, ბოლო წუთებზე გამოჩენილი ინერტულობის გამო შეხვედრა დათმეს – 73:78.
გამარჯვებულებს 17 ქულით ჩიკვილაძემ ულიდერა, მერაბ ბოქოლიშვილმა 15 მოაგროვა, ხოლო ილია ლონდარიძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

შსს აკადემია – ქუთაისი 78:73

ოლიმპი – არმია  47:55