“ენერჯიმ” “სამედიცინო–აკადემიას” შანსი არ დაუტოვა

“ენერჯიმ” “სამედიცინო–აკადემიას” შანსი არ დაუტოვა

მოქმედმა ჩემპიონმა „ენერჯი–ინვესტმა“ დებიუტანტ „სამედიცინო–აკადემიას“
რუსთავში უმასპინძლა და ისე იოლად მოუგო. ამ გამარჯვებით რუსთაველები ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

ეს იყო სუპერლიგის მე–3 ტურის პირველი მატჩი. ტური ნაადრევად იმიტომ
დაიწყო, რომ რუსთაველები პარასკევს საკალათბურთო მატჩს ვერ უმასპინძლებდნენ და ამ
შეხვედრამ 2 დღით აქეთ გადმოიწია. მე–3 ტურის დარჩენილი 4 მატჩი შაბათს, თბილისის
სპორტის სასახლეში გაიმართება.

ახლაგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა „სამედიცინო–აკადემიამ“
საწყის მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როცა გასული სეზონის ფინალისტ სსაუ–ს
ტოლსწორად ებრძოლა, ხოლო „ჭიათურა“ 30 ქულით დაამარცხა. თუმცა რუსთავში ვერაფერი
გააწყო მწყობრად მოთამაშე და „ენერჯი–ინვესტთან“ და საბოლოოდ 41 ქულით დამარცხდა.

სროლა არ წაუვიდა თბილისელთა ლიდერ მერაბ ბოქოლიშვილს, რომელმაც 11 ორქულიანიდან
ყველა ააცილა. სამაგიეროდ, მიზანში ესროდა რუსთაველთა გამოცდილი ფორვარდი ზვიად
ბაბიაშვილი, რომელიც ფარქვეშეთის ბატონ–პატრონი იყო და პირველ ტაიმში 11 ფარიდან
ასხლეტილი ბურთი მოიხელთა, მთლიანობაში კი 18 ქულა ჩააგდო.

რუსთაველებს აკლდათ კოტე ტუღუში, რომელიც გაციებული იყო და მატჩს
თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა. თუმცა ამ დანაკლისმა მასპინძლებს ხელი არ შეუშალა,
რომ პირველივე ტაიმში მოეთავებინათ მეტოქისთვის ხელი. დიდი შესვენებისთვის „ენერჯი–ინვესტი“
46:18 იგებდა, რის შემდეგაც თამაშმა ინტრიგა დაკარგა და მეორე ტაიმმა ფორმალური
სახე მიიღო. ახალგაზრდები ეცადნენ, მაგრამ ჩამორჩენის შემცირება ვეღარ მოახერხეს.