სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მე-2 წრის მე-7 ტურის 2 მატჩი, რომელიც
29 დეკემბერს უნდა გამართულიყო და გადადებულ იქნა, დღეს ჩატარდა. პირველ შეხვედრაში
„სოხუმი“ „მგზავრებს“ შეხვდა და 93:81 დაამარცხა.
„მგზავრებმა“ განსხვავებული 2 ტაიმი ითამაშა. პირველში
სიოხუმელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საწყისი პერიოდის 20:18 მოგების შემდეგ,
მეორე 18:21 დათმო და დიდი შესვენებისთვის 1 ქულით ჩამორჩა. „სოხუმმა“ მაღალ დონეზე
ჩაატარა მესამე პერიოდი, რომელიც 29:20 მოიგო და მოპოვებული უპირატესობა ბოლო ათწუთულშიც
არ დაუთმია.
საბოლოოდ სოხუმელებმა 93:81 იმარჯვეს და ჩემპიონატში
მე-6 გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო შედეგი დავით ბარბაქაძემ დააფიქსირა, რომელმაც
34 ქულა მიითვალა. 17 ქულა დაგროვდა ოთარ ბულიავას ანგარიშზე, გიორგი ჯგერენაიამ კი
სოხუმელებს 11 ქულა მიაშველა. „მგზავრებში“ 19-19 ქულით საუკეთესონი იყვნენ კაშიმ რენსომი
და კორი ალენი. ავთო ლომინაშვილის ანგარიშზე 12 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ნუგზარ ჭეიშვილი, სოხუმის მთავარი მწვრთნელი: მგზავრები სხვა გუნდი იყო წინა ტურში და სხვა გუნდი დაგვხვდა ახლა. გავაანალიზეთ ტაიმებს შორის რა უნდა გვეთამაშა, და შედეგიც მივიღეთ, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული თამაში შემოგვთავაზა მოწინააღმდეგემ. კარგი გუნდია მგზავრები, მოხარული ვარ, რომ კარგ გუნდს ქმნიან.
ბუბა ბერიშვილი, მგზავრების მთავარი მწვრთნელი: პირველ რიგში ვულოცავ სოხუმს გამარჯვებას. ჩემი აზრით შეცდომები გვქონდა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც. ძალიან ბევრი ავაცილეთ, სადაც გარდამტეხი მომენტი იყო და უნდა ჩაგვეგდო, ვერ გამოვიყენეთ.