სუპერლიგის მე-9 ტური დრეს ბათუმში დასრულდა. აჭარაში ჩასულმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა გაუ-მ ბათუმი დაამარცხა – 76:85 (სტატისტიკა).
ბათუმელებმა წინა ტურში რუსთავში იმარჯვეს, გაუ-მ კი ტრავმირებული ძირითადი გამთამაშებლის, ლუკა წივწივაძის გარეშე პირველი მატჩი ლიდერ გურჯაანთან გამართა და ბრძოლაში დათმო. ბათუმსაც და გაუ-საც 3 მოგების წილ 4 მარცხი ჰქონდათ, ცხრილში გვერდიგვერდ იყვნენ და მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ.
რაკი მასპინძელი იყო, ბევრი ფავორიტად ალბათ ბათუმს მიიჩნევდა, თუმცა დავით როგავას გაწვრთნილმა გაუ-მ მორიგი მძლავრი მატჩი ჩაატარა. მთელს შეხვედრას ლაიტმოტივად გაჰყვებოდა ბათუმელთა მცდელობა, როგორმე რამე შეეცვალა, რადგან რაც მოედანზე ხდებოდა, მასპინძლებს კარგს არაფერს უქადდა.
გაუ-მ ლიდერობა თავიდანვე მოიპოვა და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა. 2-3, ხან 4-7 ქულით გაუ გამუდმებით წინ იყო. ბუბა ბერიშვილი წუთშესვენებებს იღებდა, ტაქტიკას ცვლიდა, მაგრამ სტაბილურად მოთამაშე გაუ-ელებს, უფრო კი მათ ლეგიონერებს ვერაფერს აკლებდა. გაუ-ს ერთ-ერთი მძლავრი კოზირი ისაა, რომ ამ გუნდს ტოლძალოვანი ლეგიონერები ჰყავს. გუნდის ყველა უცხოელს შეუძლია მატჩის გმირი გახდეს და ხან ერთი, ხან მეორე, ხან კი ორი ან სამი ერთად გამოიჩენს ხოლმე თავს და შედეგიც სახეზეა: გაუ-ს დღეს სუპერლიგაში 5 გამარჯვება აქვს, რაც სუპერლიგის გუნდებიდან მხოლოდ გურჯაანმა (7 მოგება) და თსუ-მ მოახერხა. ანუ გაუ ლიდერთა შორისაა და ეს ამ გუნდის დაბალანსებულად შერჩეული შემადგენლობისა და გამართულად თამაშის შედეგია.
მთელი თამაში ისე გაილია, ბათუმის მცდელობა, გაუ-ს დასწეოდა, მცდელობადვე დარჩა. როგავას გუნდმა დამაჯერებლად შეინარჩუნა ბოლო წამებამდე ლიდერობა და სასურველ შედეგსაც მიაღწია. გაუ-ს რიგებში ამჯერად ენდრიუ ლუისი გამოირჩა, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 17 ქულა და 9 მოხსნა აიზია სმოლის ანგარიშზეა. გასული სეზონის აღმოჩენამ (ტიტებში), მიქაელ უგრეხელიძემ 14 ქულა, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. ბათუმელთა რიგებში 20 ქულით, 9 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო გაუ-ს მთავარი მწვრთნელის ძმა, რევაზ როგავა. 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი ლუკა კალატოზიშვილმა მიითვალა. ოთარ ბულიავას ანგარიშზე 11 ქულა და 6 მოხსნა აკუმულირდა.
სუპერლიგის მორიგი მატჩი 13 დეკემბერს გაიმართება. მე-4 ტურის გადადებულ შეხვედრაში ქუთაისი თსუ-ს უმასპინძლებს.