სუპერლიგის ორი მეოთხედფინალური სერია მე-5 მატჩამდე მივიდა. თსუ-სა და კავკასიის წყვილში გადამწყვეტი შეხვედრაა დანიშნული და იგივე ამბავია გაუ-სა და ორბის წყვილში. დღეს, ტყიბულში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა გაუ-მ დაძაბულ ბრძოლაში ორბი 73:69 (სტატისტიკა) დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
სერიის საწყისი 2 მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა, სადაც ორჯერვე ორბმა იმარჯვა და ორმაგ მოედნის უპირატესობას დაეუფლა. დავით როგავას გაწვრთნილი გაუ ტყიბულში საბრძოლველად გაემგზავრა და ზედიზედ 2 შეხვედრაში იმარჯვა. ისე გამოვიდა, რომ გუნდებმა მეტოქის მოედანზე 2-2 შეხვედრა მოიგეს და საქმე მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომელიც თბილისი არენაზე 30 აპრილს, 16:30 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება სერიის დღეს გამართულ მე-4 მატჩს, ის ძალიან დაძაბული გამოდგა. მართალია, გაუ-მ მეორე პერიოდი 21:12 მოიგო და ლიდერობას დაეპატრონა, თუმცა ორბი ბევრით არ რჩებოდა და სტუმრებს აქტიურად კვალში ედგა. მესამე პერიოდი მასპინძლებმა 4 ქულით – 23:19 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 3 ქულითღა ჩამორჩებოდნენ.
შეხვედრა სტუმართა ლიდერობით განახლდა და ასე გაგრძელდა ბოლო წუთებამდე, როცა ორბმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა (61:61), შემდეგ კი წინაც გავიდა – 65:63. დაჩენილ 5 წუთში გაუ დაცვამ გადაარჩინა, რითაც ხელს უშლიდა მასპინძლებს შეტევების დაგვირგვინებაში, ხოლო შეტევაში საკვანძო სროლები ჩააგდო მიქაელ უგრეხელიძე. მისმა ორქულიანმა ლიდერობა დაუბრუნა გაუ-ს (66:65), ხოლო სამქულიანი სროლის შემდეგ თავისი გუნდი 71:65 დააწინაურა.
მართალია, მატჩის დასრულებამდე 2,30 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ სტუმრების გააზრებულმა თამაშმა გაუ გამარჯვებამდე მიიყვანა. თბილისურმა გუნდმა საბოლოო ჯამში 3-ქულიანების ხარჯზე მოიგო. ორბმა მეტოქეზე მეტი ორიანი და საჯარიმო ჩააგდო, აი, სამქულიანებში კი გაუ-მ 4-ით მეტი შოი სროლა ჩააგდო, რაც საბოლოო შედეგზე აისახა.
გამარჯვებულთაგან 15 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი აიზია სმოლმა დააფიქსირა. 23 ქულა მიითვალა თევის სმიტმა, ენდრიუ ლუისის ანგარიშზე კი 14 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. ორბში 26 ქულით საუკეთესო იყო რაიან ჰოლანდი, 14-14 ქულა სოსო გოგნაძემ და მაიკლ ედვარდსმა მიითვალეს.
გაუ გავა ნახევარფინალში თუ ორბი, ამას 30 აპრილს, თბილისი არენაზე დანიშნული სერიის მე-5 მატჩი გადაწყვეტს.