გიორგი მარკოიშვილის უნიკალური რეკორდი: 75 !!!

გიორგი მარკოიშვილის უნიკალური რეკორდი: 75 !!!

გიორგი მარკოიშვილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების აბსოლუტური რეკორდსმენია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის ფორვარდმა დღეს “ბათუმთან” მატჩში 75 ქულას მოუყარა თავი.

ერთი კვირის წინა გიორგიმ “მაკაბისთან” დაპირისპირებისას 71 ქულა ჩააგდო და მატჩის შემდეგ დანანებით აღნიშნა: რომ მცოდნოდა, საქართველოს პირველობების რეკორდი 74 ქულა იყო, როგორმე 4 ქულასაც მოვაგროვებიო… გუშინ მარკოიშვილმა “ბათუმთან” შეხვედრის უკანასკნელ წამებზე სამქულიანი გამოიყენა და დინამოელი დავით ჩიქოვანის 90-იანი წლების შუაში დამყარებული რეკორდი ქულით გააუმჯობესა.თსუ-ს ფორვარდის სრული მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 40 წუთი, 75 ქულა (29-დან 21 ორქულიანი, 22-დან 9 სამიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2-2 პასი-ჩაჭრა. საყურადღებოა, რომ მარკოიშვილმა 9-დან 6 სამქულიანი მეოთხე ათწუთეულში მიითვალა.მართალია, გოირგის სტატისტიკაზე უკეთესად არ გამოიყურება, მაგრამ მიმდინარე სეზონში პირველად დაფიქსირდა სამმაგი დუბლი, თანაც ერთბაშად ორი: თსუ-ს კაპიტანმა შიო ხეცურიანმა 26 ქულა, 17 შედეგიანი გადაცემა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო მისი თანაგუნდელი შალვა კოხრეიძე 11 ქულით, 12 მოხსნითა და 13 პასით გამოირჩა.თუ სტუდენტთა შორის საუკეთესო მე-11 ნომერი, მარკოიშვილი იყო, ზღვისპირელთაგანაც მეთერთმეტეს, ლაშა კეშელავას ჰქონდა ეფექტური მონაგარი – 41 ქულა.“ბათუმთან” მატჩში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. თსუ-მ საქართველოს პირველობების ისტორიაში ყველაზე მეტი, 162 ქულა ჩააგდო.ვიდრე მოედანზე თსუ და “ბათუმი” გამოვიდოდნენ, “მაკაბიმ” და “ნტდ-თბილისმა” ითამაშეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ნუგზარ კანდელაკის ნტდ-ელებმა უპრობლემოდ დაამარცხეს მეტოქე – 71:39. სხვათა შორის, 39 ქულა საქართველოს მიმდინარე პირველობის ანტირეკორდია. ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ნაკლები, 27 ქულა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის ანგარიშზეა, რასაც ოთხი წლის წინ “ბასკოსთან” მატჩში დასჯერდა.