დასრულდა სუპერლიგის მე-20 ტური, რომლის შემდეგაც ცხრილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ეს უფრო ცხრილის ქვედა ნაწილს ეხება, სადაც ის გუნდები უნდა გაირკვნენ, ვინც პლეი ოფში გავა, ლიგას დატოვებს, ანაც დასარჩენად საკვალიფიკაციოში ითამაშებს. დღეს გამართული სამივე შეხვედრა მეტად პრინციპული იყო.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გაუ და ბათუმი დაუპირისპირდნენ. არც ერთ მათგანს პლეი ოფში გასვლა არ ჰქონდა გარანტირებული, თუმცა ბათუმელებს თეორიული გათვლით ლიგის დატოვების საშიშროება ემუქრებოდათ. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. გაიმარჯვა გაუ-მ, რომელმაც პლეი ოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა, დამარცხებულ ბათუმს კი ლიგიდან გავარდნის თეორიული შანსი კიდევ უფრო გაუძლიერდა.
საქმე იმაშია, რომ ბათუმს 7 მოგება აქვს და შესაძლებელია, თუკი დარჩენილი ორივე შეხვედრა დათმო, მე-10 ადგილი დაიკავოს და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალისტთან მოუწიოს საკვალიფიკაციო ტურნირში თამაში. ზღვისპირელებს თამაშები დარჩათ შინ მარგვეთთან და თბილისში თსუ-სთან.
გაუ-მ ბათუმის ძლევით სუპერლიგაში მე-10 გამარჯვება მოიპოვა და მე-4 ადგილზე გამაგრდა. შეხვედრა 93:89 (სტატისტიკა) დასრულდა, რაშიც ლომის წილი 27 ქულით ენდრიუ ლუისს, ხოლო 19 ქულითა და 12 მოხსნით აიზია სმოლს მიუძღვით.
ბათუმის მსგავსად, საფრთხეში ჩაიგდო თავი კავკასიამ. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ისევ წააგო, ამჯერად – რაშთან და არავინ იცის, დარჩენილ მატჩებში ნაჩვენები შედეგით რომელ ადგილს დაიკავებს. შესაძლოა, წარუმატებლობის შემთხვევაში, კავკასიასაც ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარებამ მოუწიოს. ეს ყველაფერი აღარ აწუხებს გამარჯვებულ რაშს, რომელმაც ჩამორჩენის მიუხედავად დიდებული ბოლო პერიოდი ჩაატარა და კავკასიის ძლევით გასავარდნ ზონას ხომ საბოლოოდ აერიდა, პლეი ოფში ცალი ფეხით შეაბიჯა. ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ 82:77 (სტატისტიკა) იმარჯვა, რაშიც მთავარი წილი ევან მილიგენს მიუძღვის – 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი. 20 ქულა უკრაინელმა იგორ ჩუმაკოვმა მიითვალა.
დაბოლოს, ყველაზე დრამატული მატჩი. მართალია, რუსთავში გამრთულ შეხვედრაში ბრძოლა ნაკლები იყო – გორის ივერიონმა დამაჯერებლად დაამარცხა მასპინძელი, თუმცა შეხვედრას არ აკლდა ტექნიკური ჯარიმები და თამაშიდან გაძევებული მწვრთნელები. 2 აუტსაიდერის მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. დამარცხებული სუპერლიგაში დარჩენის შანსს გვარიანად იმცირებდა და ეს უფრო მეტად ბოლო ადგილზე მყოფ რუსთავს ეხებოდა. რუსთაველებმა ვერაფერი დაუპირისპირეს აქამდელი მთავარი მწვრთნელის გარეშე მოთამაშე გორელებს და შეხვედრა 86:99 (სტატისტიკა) დათმეს.
გორის ივერიონის მთავარმა მწვრთნელმა, დიმიტრი ჯაკობოვმა პოსტი ბოლო დროს გახშირებული წაგებების და გუნდში არსებული ვითარების გამო დატოვა. დარჩენილი 3 მატჩისთვის გუნდის ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელი აღარ მოიყვანა და გუნდის სადავეები ჯაკობოვის ასისტენტს, გიორგი ჩაჩხიანს გადააბარა. ჩაჩხიანმა ტაიმზე ოდნავ მეტი დრო გაძლო საკუთარ პოზიციაზე და მსაჯთან გაპროტესტებული მომენტის გამო 2 ტექნიკური ჯარიმით მოედანი დატოვა. მას არ აპატიეს საკამათოო ეპიზოდის გაპროტესტება და ერთ ეპიზოდში მიღებული 2 ტექნიკურის გამო დარბაზი დაატოვებინეს.
ამას გორელებზე არ უმოქმედია. პირიქით, ივერიონის მოთამაშეები ერთ მუშკად შეიკრნენ და თამაში ისე ჩაამთავრეს, რუსთაველებს წარმატების შანსი არ დაუტოვეს. ივერიონში 25 ქულით საუკეთესო იყო კვენტინ ჰარდრიქტი. 17 ქულა და 5 მოხსნა მეთ ნორმანმა მიითვალა. 17 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი გეგი ბაქრაძის ანგარიშზეა. რუსთაველთაგან 19 ქულითა და 7 პასით ლუკა ბულაშვილი გამოირჩა.
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, 21-ე ტური 4-5-6 აპრილს გაიმართება.