მერვედფინალური სერია დაიწყო გურჯაანის დელტასა და გორის ივერიონს შორის. მოედნის უპირატესობა რეგულარულ ჩემპიონატში მესამეზე გასულ გურჯაანელებს აქვთ, რომლებმაც დღეს საკუთარ ქალაქში გორელებს უმასპინძლეს და რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარეს. მატჩის უდიდესი ნაწილი ანგარიში ივერიონს მიჰყავდა. მესამე პერიოდის ბოლოსწინა წუთზე სტუმრები 13 ქულასაც იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 3 ქულით – 77:80 (სტატისტიკა) დათმეს.
სწორედ 3 ქულა იყო ის მაქსიმუმი ოდენობა, რამდენითაც ამ მატჩში დელტა ლიდერობდა. ეს ნიშნავს, რომ გურჯაანელები მთელი თამაშის მანძილზე წვალობდნენ, წინ გასულ გორელებს კუდში მისდევდნენ, თუმცა საჭირო დროს, გადამწყვეტ მომენტში, მეტოქეზე მტკიცე ნერვები და შემსრულებლური ოსტატობა გამოავლინეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
ივერიონი სუპერლიგის დებიუტანტია, თუმცა პირველივე სეზონში თასის გათამაშების ფინალში გავიდა, სუპერლიგის პლეი ოფის პირველ წრეში კი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს ხვდება და სერიის პირველივე მატჩში ღირსეულად ითამაშა. ეჭვი არაა, ივერიონი ხვალინდელ მატჩში ეცდება გამარჯვების მოპოვებას და დელტისთვის მოედნის უპირატესობის ართმევას. შესაბამისად გურჯაანელ ქომაგებს, რომლებიც დღევანდელ მატჩზე დარბაზში არ ეტეოდნენ, საინტერესო ბრძოლა და სანახაობა ელით. გურჯაანში რომ საკალათბურთო ბუმია, არახალია. დელტას და კლუბის საკალათბურთო სკოლას დიდ ყურადღებას აქცევენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმღვანელები. გურჯაანის მერი, გიორგი მაჭავარიანი და მისი მოადგილე, ლერი გელენავაც დღევანდელი მატჩის წინ გუნდის წარმომადგენლებს საჯაროდ შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.
დღევანდელი მატჩის ლიდერები გურჯაანელთა მხრიდან ქართველები იყვნენ: საბა ლობჯანიძემ 17 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე კი 20 ქულა და 6 პასი დაგროვდა. ივერიონში 25 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით რიკარდო ლინჩი გამოირჩა. 17 ქულა ჰქონდა კვენტინ ჰარდრიქტს, გეგი ბაქრაძემ მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა.
სერიის მეორე მატჩი გურჯაანის სპორტკომპლექსში 20 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.