ინტერვიუ კობა კირთაძესთან

ინტერვიუ კობა კირთაძესთან

ქუთაისს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო სკოლა აქვს. ქუთათურებს ყველა ასაკში ჰყავთ გუნდები და საქართველოს ჩემპიონობაც არაერთხელ მოუგიათ. მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური შანსი ქუთაისელებს 20-წლამდელებში აქვთ, სადაც მათ გუნდს კობა კირთაძე ხელმძღვანელობს.

  იმერულმა კლუბმა ჩემპიონატი მძლავრად დაიწყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ 1-2 წრეში გამართული მატჩების უმეტესობა საკუთარ მოედანზე ჩაატარა. ქუთაისელებმა ამ კვირაში თბილისში 2 შეხვედრა გამართეს – “შსს-აკადემიასთან” ოვერტაიმში წააგეს, “ჰიუნდაისთან” მატჩიც ბრძოლაში დათმეს. შსს-სთან მატჩში ზედმეტი ემოციურობის გამო მსაჯმა მოედნიდან გააგდო.
  ჩვენს ვებ-გვერდთან მიცემულ ინტერვიუში “ქუთაისის” 20-წლამდელთა გუნდის მწვრთნელს აღნიშნულ ინციდენტთან ერთად ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ვესაუბრეთ…
– პირველ რიგში როგორ შეაფასებთ მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს?
– გუნდები ასე თუ ისე კარგად არიან დაკოპლექტებულნი. მიმდინარე სეზონში  6 გუნდი მონაწილეობს და კარგია, რომ 4 წრედ იმართება ჩემპიონატი.  მოთამაშეებს ბევრი მატჩის ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ. ასევე მისასალმებელია, რომ ბევრ გუნდში პატარა ასაკის ბავშვები თამაშობენ და გამოცდილებას იღებენ.  ჩემი გუნდიდან გამომდინარე სამწუხარო ის იყო, რომ ფინანსური პრობლემების გამო მეორე წრე ვერ ვითამაშეთ და ახლა ორმაგად  გვიწევს დატვირთვა.
– სწორედ აღნიშნული ფინანსური პრობლემების გამო  1-ელ და მე-2  წრეში თქვენმა გუნდმა  გასვლით მატჩებზე მეტი საშინაო  შეხვედრები ჩაატარა, როგორ მოახერხეთ სხვა გუნდების დაყოლიება, რატომ მოგცეს ამის საშულება მეტოქეებმა…
– ეს საკითხი უშუალოდ ფედერაციამ მოაგვარა და ამისთვის მადლობა მას. წაგება არ ჩაგვითვალეს, არადა გამოუცხადებლობის გამო თავისუფლად შეეძლოთ ამის გაკეთება, რადგან პრობლემა ჩვენში იყო, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელობამ ხელი მაქსიმალურად შეგვიწყო და რაც შეეძლო, გააკეთა. მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დაფინანსებას, ქალაქის ახალ  ხელმძღვანელობასთან გვქონდა შეხვედრები  და სხვადასხვა საკითხიც განვიხილეთ. მათი მხრიდან გარკვეული დაპირებები მივიღეთ,  ამ სეზონს ფინანსური პრობლემების გარეშე ჩავამთავრებთ და ეს საკითხი მეტნაკლებად დალაგდა. სამწუხაროა, რომ შეკრება ვერ მოვახერხეთ და სათანადო პირობებში ვერ მოვემზადეთ, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ახლა მხოლოდ  მომავალზე ვფიქრობთ.
– რა ცვლილებები და სიახლეებია ქუთაისი2010-ის კლუბში, იგეგმება თუ არა ახალი პროქტები?
– წინა სეზონში არმიის გუნდის პრეზიდენტი იყო სოსო გაბრიჩიძე, ეს პიროვნება ქუთაისელია და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. მან მიიღო ჩვენი შეთავაზება და დაგვთანხმდა, რომ კლუბის პრეზიდენტი იქნება.  დაგვპირდა, რომ ყველანაირად გვერდში დაგვიდგება და პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება. ოფიციალურად ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს ამის თაობაზე, რადგან 3 დღეა თბილისში ვიმყოფები, თუმცა აღნიშნული საკითხი თითქმის გადაწყვეტილია.
– ფინანსური პრობლემების გარდა კიდევ რა პრობლემები არსებობს კლუბში?
შემდეგი პრობლემა ის არის, რომ ქუთაისში არ არსებობს საკალათბურთო სკოლა. არსებობს მხოლოდ კომპლექსური სკოლები, თუმცა თუ კალათბურთისთვის ცალკე სკოლა არ შეიქმნება, მომავალი თაობა ვერ გაიზრდება. ამ საკითხის დაყენებას წლებია ვცდილობთ.  ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე  ვისაუბრეთ  პრობლემებზე  და შეგვპირდნენ მდგომარეობის გამოსწორებას.  ქუთაისის მერი, გუბრენატორი და  სპორტის სამსახურის უფროსი საქმის კურსში არიან  და მათი მხრიდან დაპირებებიც გვაქვს.  ქუთაისი 2010-ის კლუბი და 20-წლამდელები ერთ ვერტიკალშია, ხოლო  ასაკობრივები –  ცალკე, კომპლექსური სკოლის სახელით მონაწილეობენ ასაკობრივ ლიგებში და ეს მიუღებელია, რადგან  კლუბი არსებობს და  ორივე ორგანიზმი ერთი წყაროდან, მერიიდან  ფინანსდება. რეალურად მათ გაერთიანებას არაფერი უშლის ხელს. კლუბს ეყოლება ერთ ვერტიკალში ასაკობრივი გუნდები, როგორც ეს სუპერლიგის სხვა კლუბებს ჰყავთ (მაგ: არმია, შსს აკადემია, დინამო, სოხუმი…) და  ეს ბავშვები აღარსად გაიფანტებიან.  სამწუხაროდ, წინა სეზონში 7-8 კალათბურთელი თბილისის სხვადასხვა გუნდში გადავიდა, არქდა ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. რაც მალხაზ კოხრეიძე დაინიშნა მწვრთნელად,  რამდენიმე ბავშვი  დავაბრუნეთ. ისინი ჩვენი აღზრდილები არიან და ეს  ბავშვები ქალაქს  უნდა გამოადგნენ. ასევე გაგვაჩნია დიდი პრობლემა დარბაზის იატაკის სახით, მეცოდებიან ეს ბიჭები, რადგან  ამ იატაკზე ვარჯიში ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. ეს საქმე  საკმაოდ  დიდ თანხებს საჭიროებს და იმედია, მთავრობა მაქსიმალურად დაგვეხმარება.

მორიგი დიდი პრობლემა გვაქვს  მწვრთნელებთან და მსაჯებთან დაკავშირებით. წინა თაობა უკვე ასაკში შევიდა,საჭიროა ახალი თაობა და ახალი სისხლი. ვცდილობთ მოვიყვანოთ ყოფილი კალათბურთელები და ამ კუთხით ვამუშაოთ, მაგრამ ჯერჯერობოთ სათანადოდ ამ პროცესში ვერ ჩაერთნენ, რადგან ეს ძალიან რთულია.  უნდა გიყვარდეს შენი პროფესია და სულითა და გულით აკეთო საქმე. გვსურს,  მოვიზიდოთ ახალგაზრდები, მაგრამ არ გვაქვს სხვადასხვა კურსებისა და სემინარების ჩატარების საშუალება. ისინი განათლებას მხოლოდ წიგნებითა და  ინტერნეტის საშუალებით იღებენ,  მწვრთნელებს მხოლოდ  160 ლარი აქვთ ხელფასი და, რა თქმა უნდა,  მოტივაცია და დაინტერება ამით ნაკლებად არსებობს.  
კიდევ ერთი ძირითადი პრობლემა სპორტისა და სწავლის შეთავსების საკითხია, ეს პრობლემა ალბათ ყველას აწუხებს.  ჩვენ ადრე განათლების სამინისტროს მივეკუთვნებოდით, ამჟამად კი – სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. 20-წლამდელებში სკოლის მოსწავლეები ასპარეზობენ და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. სკოლაში გაცდენები ბავშვებს არასაპატიოდ არ უნდა ეთვლებოდეთ, რადგან ისინი ქუჩაში უსაქმურად კი არ არიან, შეჯიბრებებზე გამოდიან და ქალაქის ღირსებას იცავენ და, ღმერთმა ქნას, მალე ქვეყნის სახელიც დაეცვათ. უნდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ ხელს გვიწყობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი და მაქსიმალურად ეხმარება სტუდენტებს. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს და ეს პრობლემა სკოლაშიც უნდა მოგვარდეს, რადგან სხვა შემთხვევაში მშობელიც რთულ მდგომარეობაში ვარდება. ამ საკითხსაც აუცილებლად წამოვწევთ ხელმძღვანელობასთან  მომდევნო შეხვედრაზე.
– რა მოხდა გუშინდელ მატჩში შსს აკადემიასთან, რატომ გაგაძევათ მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ მოედნიდან?
 – მსაჯის უკმაყოფილო ვარ, გასაგებია, რომ  ჩემი შეცდომაც იყო, აღელვებული ვიყავი და თავი ვერ მოვთოკე, მაგრამ როცა სულ ჩემ მიმართ მოსდის შეცდომე, რთული ასატანია. ემოციურ ფონზე რთულია თავის გაკონტროლება.  ეს  აუცილებლად დარეგულირდეს მატჩის კომისრის მიერ. თუ მსაჯს სადავეები ხელიდან გაექცა, მას არაფერი უნდა გამოეპაროს. უფრო მკაცრი და ფხიზელი  დამოკიდებულებაა საჭირო კომისრის მხრიდან. ასე ბავშვები ითრგუნებიან და მათზე ეს ცუდად აისახება. გუშინ ბოლო სამ წამში მატჩი არ უნდა წაგვეგო და არც ჰიუნდასთან, რომელიც ჩვენზე სუსტი გუნდია,  დამარცხებას არ ველოდით.
 – მესამე წრე ახალი დაწყებულია, როგორ შეაფასებთ მეტოქე გუნდებს და რა მიზანი გაქვთ მიმდინარე სეზონში?
–  სუპერლიგის გუნდს რაც შეეხება, მალხაზ კოხრეიძის მოსვლის დროს გუნდი უკვე დაკომპლქტებული იყო და ვეღარ შეიცვლებოდა და ამ შემადგენლობით ჩავერთეთ ჩემპიონატში, ლეგიონრების გარეშე. მათი დამატების საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს, პლეიოფებზეც არ ვიცით, სათუოა. ბიჭები იბრძვიან და შედეგიანად ასპარეზობენ სხვა გუნდების შემადგენლობასთან  შედარებით, მიღწევებიც გვაქვს.
არ მიმაჩნია სწორად, რომ მოედანზე ერთდროულად 4 ლეგიონერი გამოდიოდეს, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს გუნდებმა. აქ უკვე არც მწვრთნელის სიძლიერე ჩანს, არც ქართველი მოთამაშეების. ეს იმის ბრალია, რომ კლუბებში არ მუშაობენ კალათბურთის მცოდნე სპეციალისტები და კარგად  არ იციან სპორტის ეს სახეობა. მწვრთნელის მუშაობა აუცილებლად უნდა გამოჩნდეს და დაფასდეს, რადგან ვარსკვლავებისგან შემდგარი გუნდით ყველა მოიგებს.
დუბლებს რაც შეეხება, ფინალი უნდა ვითამაშოთ.  ეს ჩვენი მინიმუმი მიზანია. მეტოქე გუნდები ძალიან შეკრულები არიან და ეს მწვრთნელების დამსახურებაა.  არ მიმაჩნია სწორად, რომ  შსს აკადემიამ სხვა გუნდებიდან საუკეთესო მოთამაშეები წამოიყვანა. სხვა გუნდები წლების განმავლობაში შრომობენ, ზრდიან ბავშვებს და შედეგიც უნდა მოიმკან.  ეს თემა უნდა დარეგულირდეს და გარკვეული მექანიზმი შეიქმნას,  მე მაგალითად, არავის გავატან ჩემს ბავშვებს. ჯობს საუკეთესო კალათბურთელები სხვადასხვა  გუნდში გადანაწილდნენ, ასე ჩემპიონატიც ძლიერი იქნება და ძლიერ გუნდთან თამაშით უფრო განვითარდები.  
 – ფინალში შსს აკადემიას ხომ არ ელოდებით?
–  ვერ გეტყვით, ჯერჯერობით  რეალური შესაძლებლობა მხოლოდ მას აქვს, მაგრამ ჩემპიონატი წინ არის და ყველას აქვს გაძლიერების საშუალება.