სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის მე-6 ტური დრამატული და საინტერესო მატჩით
დასრულდა. „კაკტუსმა“ და „ოლიმპმა“ ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს და თითქმის მთელი
თამაშის განმავლობაში თანაბრად მიმდინარე მატჩი კაკტუსელთა ერთქულიანი გამარჯვებით
– 81:82 დასრულდა.
თამაში „კაკტუსის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ლეონიდ
ივატინის გაწვრთნილმა გუნდმა მალევე მოახერხა რეაბილიტირება და 8:21 ჩამორჩენის შემდეგ
თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნა. პირველი პერიოდი არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაკტუსმა“
23:20 მოიგო და ამის შემდეგ, ბოლო წამებამდე თანაბარი და გარდამავალი ბრძოლა მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი,
კაკტუსელებმა ტაილერ უაიტისა და ირაკლი ჩლაიძის შედეგიანი გარჯის წყალობით 8-ქულიან
უპირატესობას რომ მიაღწიეს – 80:72. „ოლიმპი“ პრესინგზე გადავიდა და ამან შედეგი გამოიღო.
ირაკლი მიქელაძემ სამქულიანი ჩააგდო, როგავამაც იყოჩაღა და საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა
– 81:81. ამას ოლიმპელი ლევან მასხულიას უნებლიე ჯარიმა მოჰყვა და ბექა ჩიკვილაძემ
2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. დარჩენილ ათიოდ წამში ოლიმპელ მიქელაძეს გამარჯვების ბურთის
ჩაგდების შანსი მიეცა, მაგრამ ფარქვეშ შეჭრილმა და მეურვეების ჩმოცილების შემდეგ ფარქვეშიდან
ბურთი ააცილა.
„კაკტუსს“ 24 ქულით ირაკლი ჩლაიძემ ულიდერა. 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა ჯონ ფლოვიესმა, ხოლო
„ოლიმპში“ 19 ქულით საუკეთესო იყო დავით როგავა. სუპერლიგის მორიგი, მე-7 ტური 25 და
26 ნოემბერს – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
ბრიჯმენის სახით დიდი ძალა გვაკლდა, რის გამოც ვერ მოვახერხეთ
ჩვენი თამაშის ჩვენება. გაგვიჭირდა, მაგრამ ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე მოვახერხეთ
მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება. შეიძლება ითქვას, ბოლო წამებზე გაგვიმართლა, თუმცა
„ოლიმპს“ მ=რომ მოეგო, ვიტყოდით, რომ ფორტუნა მის მხარეს იყო“.
ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):
რთული თამაში იყო, პირველი მეოთხედი დიდი ანგარიშით
წავაგეთ. როდესაც ასეთი თამაშია და ცდილობ მოწინააღმდეგეს დაეწიო, ეს ძალიან რთულია
ფსიქოლოგიურად. არაფერს ვიტყვი დანარჩენზე რაც კორტზე მოხდა დღეს, მაგრამ ვფიქრობ სანახაობრივად
კარგი თამაში გამოვიდა. წაგებით წავაგეთ, მაგრამ ჩვენ ბევრ მუშაობას გავაგრძელებთ საკუთარ
თავზე.