“კაკტუსმა” “დინამოს” დაძაბული მატჩი მოუგო

“კაკტუსმა” “დინამოს” დაძაბული მატჩი მოუგო

დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ სუპერლიგის ერთ მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთს “დინამო თბილისი” და “კაკტუსი” შეხვდნენ. ეს გახლდათ ამ გუნდების მე-4 და უკანასკნელი დაპირისპირება რეგულარულ ჩემპიონატში. ყველა აქამდელი მატჩი დინამოელებმა მოიგეს, ხოლო დღეს გამარჯვება “კაკტუსს” დარჩა – 91:86.

კაკტუსელთა გამარჯვებას დამატებით ელფერს ჰმატებს ის, რომ გუნდს 2 ლეგიონერი აკლდა. ტრავმების გამო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ამერიკელმა ფორვარდებმა – სიჯეი ჯონსონმა და ტერიკ ბრიჯმენმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “კაკტუსი” იმ გამონაკლისი გუნდების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ლეგინერებზე არ არიან დამოკიდებულნი. ამერიკელი დეანდრე პარკსის წინამძღოლობით ქართველმა კალათბურთელებმა ისე მონდომებითა და შემართებით ითამაშეს, რომ მოქმედი ჩემპიონი “დინამო” დაამარცხეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელებისთვის ეს წაგება შესაძლოა ცხრილში საბოლოოდ ცუდად აისახოს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურებია და ყველა გუნდი, ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დასაკავებლად იბრძვის, რათა პლეი ოფში რეგიონის გუნდთან დაპირისპირების შემთხვევაში მოედნის უპირატესობა ჰქონდეს.

რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, მისი უმეტესობა თანაბრად, რომ იტყვიან, ქულა-ქულაში წარიმართა. ლიდერი 12-ჯერ შეიცვალა და თანაბარი ანგარიშიც ამდენჯერვე დაფიქსირდა. კაკტუსელებმა მეორე პერიოდის ბოლოს უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ, თუმცა მესამე ათწუთეულში დინამოელებმა თამაში ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნეს და შეხვედრა კვლავ თანაბრად გაგრძელდა. ბოლო წუთებამდე გუნდები ერთმანეთის დევნით მივიდნენ – ხან ერთი გავიდოდა მცირედით წინ, ხან – მეორე. ბოლო წუთზე ყველაფერი ორმა შეტევამ გადაწყვიტა, როცა კაკტუსელებმა ჯერ შეტევაში მოიხვეჭეს დამაწინაურებელი ქულები, შემდეგ კი დაცვაში იყოჩაღეს. 

საბოლოოდ 91:86 – “კაკტუსმა” ზუსტად იმ ანგარიშით დაამარცხა “დინამო”, როგორაც ამ გუნდთან პირველი წრის მატჩი წააგო და უშუალო კონკურენტებთან მიმართებაში, სატურნირო თვალსაზრისით ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა. კაკტუსელთა უპირველესი ამოცანა ოთხეულში მოხვედრა გახლდათ, რაც ჟღენტის გუნდმა ფაქტობრივად შეასრულა, ხოლო დღევანდელი გამარჯვების შემდეგ “კაკტუსს” სამეულში შესვლაც თავისუფლად შეუძლია. პირველ ადგილზე მყოფი “ქუთაისის” შემდეგ ერთნაირი ქულებით მოდიან “”დინამო”, “რუსთავი” და “კაკტუსი” – სამივე მათგანს აქტივში 17 მოგება და 10 მარცხი აქვს. 

რაც შეეხებათ დღევანდელი მატჩის გამორჩულ მოთამაშეებს – დეანდრე პარკსმა 28 ქულით ბომბარდირობა არც ამჯერად დაუთმო ვინმეს. 23 ქულა ჩააგდო დავით ლომიძემ, ხოლო გიორგი ტურძილაძემ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩში ჩაატარა – 14 ქულა, 13 მოხსნა. ანატოლი ბოისამ 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. “დინამოში” 22 ქულით საუკეთესო იყო ალეკსანდრ მიტროვიჩი. 18 ქულა მიითვალა ნოდარ გოგოძემ. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ილია ლონდარიძემ.

სუპერლიგის მომდევნო მატჩები 11 აპრილს, თბილისი ოლიმპიურ სასახლესა და რუსთავში გაიმართება. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

ნოდარ გოგოძე, “დინამოს” კალათბურთელი:

“პირველ რიგში მივულოცავ “კაკტუსს” ამ გამარჯვებას, რომელიც წელს საკმაოდ კარგი და სათანადოდ მომზადებული გუნდია. მატჩი თავიდანვე დაძაბული იყო, რაც მოულოდნელი სულაც არ გახლდათ. ჩვენ კი ბოლო დროს რატომღაც არ ვართ ფორმაში და ჩვენს თამაშს ვერ ვაჩვენებთ, მაგრამიმედია, გამოვასწორებთ და მოვემზადებით პლეი ოფისთვის. 

არჩილ ჟღენტი, “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:

“რა თქმა უნდა, თბილისის “დინამო” ძლიერი მოწინააღმდეგეა. მიუხედავად იმისა, რომ გვაკლდა 2 წამყვანი მოთამაშე, გუნდის დანარჩენმა წევრებმა გაამართლეს, ყველამ ძალიან კარგად იბრძოლა და ამის ხარჯზე მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება”.

კაკტუსი – დინამო
სტატისტიკა: 91:86