კაკტუსმა დაამტკიცა, რომ წინა მატჩში მეგასთან დამარცხება შემთხვევითობა იყო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც ჩემპიონატი 3 გამარჯვებით დაიწყო და წინა ტურში პირველი მარცხი განიცადა, მორიგ ტურში ტიტები დაამარცხა და სუპერლიგის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი გაამართლა. კაკტუსელებმა საკმაოდ მძლავრ მეტოქეს დამაჯერებლად მოუგეს – 94:65 (სტატისტიკა).
ტიტებს ჩავარდნა აქვს. ბესიკ ლეჟავას გუნდმა სუპერლიგაში მე-3 მარცხი განიცადა, გამარჯვება კი მხოლოდ ერთი აქვს. დღევანდელ მატჩში ტიტებს წარმატების შანსი თითქმის არც ჰქონია. პირველი პერიოდი კაკტუსმა 30:18 მოიგო, მეორეში კი ტიტებმა თამაში ოდნავ გამოასწორეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს. გარდამტეხი გამოდგა მე-3 პერიოდი, რომელიც კაკტუსმა 14 ქულით მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 24 ქულით დაწინაურდა.
მატჩის ბედი გარკვეული იყო და დარჩენილ 10-წუთეულში გასარკვევი მხოლოდ საბოლოო ანგარიში გახლდათ. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო რაიან ალენმა, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 15 ქულა მაილს დენიელსმა მოაგროვა, მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე კი 14 დაგროვდა. ტიტებში 16 ქულით ბომბარდირი კვენტინ დევისი გახდა. 13 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ორდანე კანდას ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-5 ტურის ერთი შეხვედრ დღეს რუსთავში, 18:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს სუპერლიგის 2 დაუმარცხებელი გუნდი – რუსთავი და კავკასია შეხვდებიან.