კაკტუსმა ცხუმ-აფხაზეთსაც სძლია და ცხრილში გაუთანაბრდა

კაკტუსმა ცხუმ-აფხაზეთსაც სძლია და ცხრილში გაუთანაბრდა

სუპერლიგის მე-12 ტური ოლიმპიურ სასახლეში “კაკტუსისა” და “ცხუმ-აფხაზეთის” მატჩით დასრულდა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ბოლო პერიოდში ნაჩვენები პროგრესი განაგრძეს და მორიგი გამარჯვება იზეიმეს. რაც შეეხება “ცხუმ-აფხაზეთს”, პირველი წრის 6 მოგებით გამლევმა გუნდმა მეორე წრეში უკვე მეორე შეხვედრა წააგო. 

საკვანძო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც კაკტუსელებმა 22:11 მოიგეს. დიდი შესვენებისთვის საბრძოლო ანგარიში იყო და ცხუმ-აფხაზეთი 36:34 იგებდა, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით კაკტუსელებმა მოახერხეს მეტოქის გატეხვა და ბოლო პერიოდის წინ 9 ქულით გალიდრდნენ.

მოსალოდნელი იყო, რომ ბოლო პერიოდში თამაში ძალიან დაიძაბებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ცხუმელებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე რომ შეამცირეს, დასრულებამდე სამიოდ წუთი რჩებოდა, თუმცა დარჩენილ დროში ეი ჯეი სამბრიმ, სამაი ჯონსმა და ანზორ ნადირაძემ ზედიზედ მიითვალეს ქულები, კაკტუსი 70:59 დააწინაურეს და შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს. საბოლოოდ კაკტუსმა 70:61 (სტატისტიკა) იმარჯვა და სუპერლიგის ცხრილში 6-6 მოგებ-წაგებით ცხუმ-აფხაზეთსა და ოლიმპს გაუთანაბრდა. 

კაკტუსელთაგან საუკეთესო სამბრი გახლდათ, რომელმაც 12 ქულა, 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა. 15 ქულა და 7 მოხსნა სანდრო სანაძემ, ხოლო 15 ქულა და 4 მოხსნა სამაი ჯონსმა მოაგროვეს. ლევან მასხულია გამარჯვებულებს 14 ქულით შეეხიდა. ცხუმ-აფხაზეთში საუკეთესო შედეგი ეროვნული ნაკრების წევრმა, ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა – 9 ქულა, 12 მოხსნა, 3 დაფარება. 14 ქულა ჯოშუა მაკფოლის ანგარიშზეა.

სუპერლიგაში სანაკრებო ფანჯრის გამო შესვენებაა. თამაშები თებერვლის ბოლოს განახლდება.