კალატოზიშვილის ოსტატური სროლით ბათუმმა ზესტაფონი სირენის თანხლებით დაამარცხა

კალატოზიშვილის ოსტატური სროლით ბათუმმა ზესტაფონი სირენის თანხლებით დაამარცხა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2007 წლიდან სუპერლიგის სახელით თამაშდება, დღეს, ბათუმში დრამატული მატჩით დაიწყო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა აჭარულმა კლუბმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა და ლუკა კალატოზიშვილის უიშვიათესი ტიპის სროლით, საფინალო სირენის თანხლებით, 78:76 (სტატისტიკა) დაამარცხა. 

სანამ აღნიშნულ მომენტზე გეტყვით, სუპერლიგის ფორმატს შეგახსენებთ. ყველაფერი ისეა, როგორც გასულ სეზონში. 11 გუნდი ერთ ჯგუფშია თავმოყრილი და რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში ორ წრედ ითამაშებს. შესაბამისად, თითო გუნდი 20 მატჩს, თითოეულ მეტოქესთან გასვლა-სახლის პრინციპით გამართავს და 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა.

მეოთხედფინალიდან ფინალამდე, პლეი ოფის ყველა სტადიაზე სერია 3 მოგებამდე იქნება. თითოეულ ტურში 5 მატჩი შედგება, ერთი გუნდი კი დაისვენებს. პირველ ტურში სუპერლიგის დებიუტანტი, “ა” ლიგის გამარჯვებული “VSA-BAsketball” ისვენებს, წინა ჩემპიონატის მონაწილე ათივე გუნდი კი 3 დღეზე გადანაწილებულ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ვთქვით, პირველივე შეხვედრა დრამატული იყო, რომლის ბედიც ერთმა სროლამ გადაწყვიტა. ბათუმი ბოლო პერიოდში 18 ქულას – 69:51 იგებდა, მაგრამ საქმე ისე გაუხდა, რომ საბოლოოდ ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით იმარჯვა. ზესტაფონელებს რომ შანსი გამოუჩნდათ, უპირველესად სანდრო სანაძის დამსახურებაა, რომელმაც შეხვედრა 34 ქულით დაასრულა. მასთან ერთად ვახტანგ გაფრინდაშვილის დამსახურებაა, რომ ანგარიში ბოლოსწინა წუთზე გათანაბრდა და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლო წამებზე იშვიათი ეპიზოდი გათამაშდა.

დასრულებამდე 4 წამზე ოდნავ მეტი რჩებოდა, ბათუმელებმა თამაში გვერდითა ხაზიდან რომ განაახლეს. ბურთი ოთარ ბულიავამ მიიღო, რომელსაც მჭიდროდ მეურვეობდა ზესტაფონელთა ამერიკელი ლეგიონერი. ბულიავამ ბრუნით ესროლა, ბურთი აშკარად სუსტი ტრაექტორიით წავიდა და ფარამდე ვერ მიაღწევდა, მას მახვილგონიერი ლუკა კალატოზიშვილი რომ არ მიშველებოდა. რომ დაინახა, ბურთი კალათს სცდებოდა, კალატოზიშვილი ახტა და ბურთს ჰაერში ხელი მიარტყა, რომელიც საფინალო სირენის თანხლებით კალათში ჩაეშვა – 78:76 ბათუმის სასარგებლოდ. 

პირველი ტურის 3 მატჩი ხვალ, თბილისი არენაზე და გორში გაიმართება, ხოლო ბოლო შეხვედრა 13 ოქტომბერს გურჯაანში, დელტასა და ქუთაისს შორის ჩატარდება.