კავკასია ევროპის ჩრდილოეთის ლიგის მატჩში შვეიცარიულ პული ლოზანას რუსთავში უმასპინძლებს

კავკასია ევროპის ჩრდილოეთის ლიგის მატჩში შვეიცარიულ პული ლოზანას რუსთავში უმასპინძლებს

ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგაში (ENBL) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდისთვის ისტორიული დღე დადგა — „კსუ კავკასია“ ტურნირზე პირველ საშინაო შეხვედრას ატარებს. დღეს, 14 ოქტომბერს, 18:30 საათზე, რუსთავის სპორტის სასახლეში ქართული კლუბი შვეიცარიულ „პული ლოზანას“ (Pully Lausanne Foxes) უმასპინძლებს. ევროტურნირის სადებიუტო საშინაო მატჩი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული მოვლენაა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გუნდი მიმდინარე სეზონს საკმაოდ მაღალ დონეზე ატარებს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე „კავკასიას“ ღირსეული დებიუტი ჰქონდა. ხორვატიაში, ადგილობრივ „დუბრავასთან“ გამართულ პირველ ტურში ქართველმა კალათბურთელებმა შთამბეჭდავად ითამაშეს, მატჩის საწყისი 35 წუთის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე, დრამატულ ბრძოლაში 82:87 დათმეს შეხვედრა. იმ მატჩში ტომი ლუისმა (24 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა), აკაკი დვალიშვილმა (14 ქულა, 6 მოხსნა), გიორგი ტურძილაძემ (13 ქულა, 9 მოხსნა) და ლუკა მაზიაშვილმა (8 ქულა, 8 პასი) მაღალი კლასი გამოავლინეს, რამაც დაამტკიცა, რომ გუნდს ევროტურნირზე სერიოზული ამბიციები გააჩნია.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, საქართველოს სუპერლიგაში „კსუ კავკასია“ უბრალოდ დამაჯერებლად ასპარეზობს — 2-დან 2 მოგებითა და იდეალური ბურთების შეფარდებით სატურნირო ცხრილის სათავეშია. სასტარტო ტურში „ბლექ ფორტრესის“ დამარცხების შემდეგ, თბილისელებმა მეორე ტურში მოქმედ ვიცე-ჩემპიონ „ქუთაისს“ 32-ქულიანი სხვაობით (97:65) აჯობეს და შიდა ასპარეზზე სრული დომინაცია დაამტკიცეს.

დღევანდელი მეტოქე, შვეიცარიული „პული ლოზანა“ ტურნირზე ორ ჩატარებულ შეხვედრაში ორივეჯერ დამარცხდა და ჯგუფში პირველი გამარჯვების მოპოვებას რუსთავში შეეცდება. A ჯგუფის სატურნირო მდგომარეობის მიხედვით, „კავკასიას“ შანსი აქვს საშინაო გამარჯვებით სატურნირო პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს და პლეი-ოფისკენ სვლა გააგრძელოს. რუსთავის სპორტის სასახლეში დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირებაა მოსალოდნელი, სადაც გულშემატკივრის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.