სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო. რეგულარული ჩემპიონატის შედეგებიდან გამომდინარე, პირველივე წყვილში გვარიანი მოულოდნელობა დაფიქსირდა. მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თსუ-მ, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა, კავკასიასთან 84:89 (სტატისტიკა) წააგო. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავკასია პლეი ოფში ბოლო მომენტში შევიდა, რომელმაც რეგულარულში მე-7 ადგილი დაიკავა. კავკასიელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ, რაც, ცხადია, საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული მოზრდილი ნაბიჯია, თუმცა სერია 3 მოგებამდე გრძელდება და სახელმწიფო უნივერსიტეტელებიც არაფერს დათმობენ.
წარმატების მისაღწევად, ლექსო ლაფანაშვილს მომავალ მატჩებში ტაქტიკის შეცვლა და ზოგადად, თსუ-ს გუნდური თამაშის გამოსწორება მოუწევს. სხვაგვარად მოქმედ ჩემპიონს გაუჭირდება თუნდაც მეშვიდეადგილოსნის პლეი ოფიდან გაგდება. დღევანდელ მატჩში კავკასიამ ბევრად გუნდურად და შესაბამისად, გამართულად ითამაშა, რითაც გამარჯვება დაიმსახურა. თსუ თავიდანვე ჩამორჩა, მაგრამ გუნდის ლიდერების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ახერხებდა ფონს გასვლას.
ეროვნული ნაკრების წევრმა, კახა ჯინჭარაძემ 4 სამქულიანი ჩააგდო, რასაც ალექსანდრე ფევაძემ და ტაირი ბოიკინმა თითო მოაყოლეს და თსუ-მ პირველი პერიოდი 28:25 მოიგო. ამ მომენტიდანაც კარგად ჩანს, რომ თსუ-ს უჭირდა კომბინაციების განხორციელება, რადგან ათწუთეულში მითვლილი ქულების უმეტესობა სამქულიანებზე მოდის. 5 ჩაგდებული სამქულიანის მიუხედავად, თსუ-მ პერიოდი მხოლოდ 3 ქულით მოიგო. ანუ კავკასიაც უხვად იხვეჭდა ქულებს და პერიმეტრთან ერთად სამწამიან ზონასაც კარგად იყენებდა.
კავკასიის მწვრთნელისთვის ტაქტიკა მარტივი განსაჭვრეტი იყო: პერიმეტრი უნდა გადაეკეტა, დაცვა უფრო აგრესიული გაეხადა და შეტევაში მუხტი და შედეგიანობა შეენარჩუნებინა. ჩვენ არ ვიცით, ამ კომპონენტებზე გაამახვილა თუ არა ბექა წივწივაძემ პირველ შესვენებაზე ყურადღება, თუმცა ფაქტია, რომ თამაში კავკასიის მხრიდან სწორედ ამ მანერით გაგრძელდა და თან შედეგიანადაც. ჯინჭარაძემ დარჩენილ დროში მხოლოდ 1 სამიანი ჩააგდო, ბოლო პერიოდამდე თსუ-მ მხოლოდ კანტი-კუტად მიითვალა შორი სროლები, ხოლო კავკასიელთა დაცვის ჯებირი უმეტეს შემთხვევებში ეფექტური იყო.
შედეგმაც არ დააყოვნა, ნიკოლოზ გაფრინდაშვილის, ილია ლონდარიძის, ჯასტინ ფორესტის და აიზია ელისის შედეგიანობით კავკასიამ მეორე პერიოდი 29:14 მოუგო თსუ-ს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 54:42. მესამე პერიოდში სცენარი არ შეცვლილა. ორივე გუნდი თანაბრად მიიწევდა წინ, შესაბამისად, სხვაობა არ მცირდებოდა და მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე 15 ქულით დაწინაურებული კავკასია უტევდა. ფორესტმა შეტევაში ბურთი დაკარგა, თსუ-მ კი საპასუხო შეტევაში, პერიოდის დასრულებამდე 4 წამით ადრე სამქულიანი (ნოდარ გოგოძე) ჩააგდო. უნივერსიტეტელებმა მეტოქეს ბურთის გამოტანა არ აცალეს, იქვე ჩაუჭრეს და ტაირი ბოიკინმა შორეული ორქულიანით მესამე პერიოდს წერტილი დაუსვა – 69:59 კავკასიის სასარგებლოდ.
ეს აფეთქება თსუ-მ ვერ გამოიყენა. თამაში რომ თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა, კავკასიელთა დაცვის, რამდენიმე სამქულიანის და მწვრთნელის მიერ აღებული დროული წუთშესვენებების გამო იყო. ასე მივიდა თამაში ბოლოსწინა წუთამდე, როცა გიორგი ცინცაძემ სამქულიანი ჩააგდო, ჯინჭარაძემ შედეგიანი გარღვევა განახორციელა და როცა ვილი ისიანმაც ჩააგდო, კავკასიის ლიდერობიდან 3 ქულა დარჩა – 82:79.
ეს იყო შანსი, რომელიც თსუ-მ ვერ გამოიყენა. მართალია, თსუ-მ დაცვაში ბურთი აიღო, თუმცა ცინცაძემ სამიანი ვერ ჩააგდო და ბურთი კავკასიას გადაეცა. ტაქტიკური ჯარიმა 2 ქულად ჯასტინ ფორესტმა აქცია (84:79), თსუ კი შეტევისთვის განკუთვნილ დროში ვერ ჩაეტია და საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე ლუკა მაზიაშვილის ჩაგდებული 2-დან 1 საჯარიმო კავკასიისთვის გამარჯვების გასანაღდებლად საკმარისი აღმოჩნდა.
გამარჯვებულებს 18 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით ფორესტმა ულიდერა. 18 ქულა და 6 მოხსნა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა დააგროვა. ილია ლონდარიძემ 15 ქულა მიითვალა, აიზია ელისის ანგარიშზე კი 11 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე – 28 ქულა, 10 მოხსნა. ცინცაძემ 17 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.
სერიის მეორე შეხვედრა ხვალ, 20 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისი არენაზე გაიმართება.