სუპერლიგის მე-13 ტური 10 და 11 თებერვალსაა დაგეგმილი. ეს გახლავთ ბოლო ტური სანაკრებო ფანჯრის წინ და სამკვირიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატი პირველი მარტიდან განახლდება. მე-13 ტურის დღეს დაგეგმილი 3 მატჩიდან 2 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება, რომელთაგან ერთი შეხვედრა უკვე დასრულდა. სუპერლიგის ლიდერმა თსუ-მ ქულები დაკარგა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მზარდ “კავკასიასთან” 17 ქულის სხვაობთ – 82:99 (სტატისტიკა) წააგო.
უნივერსიტეტელები თამაშის მსვლელობისას 31 ქულითაც ჩამორჩებოდნენ (62:93), რაც მოქმედი ჩემპიონისგან და მიმდინარე გათამაშების ლიდერისგან გვარიანი მოულოდნელობა იყო. თსუ მთავარი მწვრთნელის, ლექსო ლაფანაშვილის გარეშე თამაშობდა, კალათბურთელებიდან კი მხოლოდ ნიკა ჩეჩელაშვილი აკლდა. პირველი პერიოდის 16 ქულით წაგების შემდეგ თსუ-მ თამაში შედარებით დაალაგა და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.
მესამე პერიოდი კი უნივერსიტეტელთათვის კატასტროფულად დაიწყო. კავკასიელებმა ლიდერობა გაიმყარეს და წივწივაძის გუნდის უპირატესობამ 25 ქულას გადააჭარბა. თსუ ეცადა, მაგრამ თამაშის სადავეების სათავისოდ შემოტრიალება ვეღარ შეძლო. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, კავკასიის გამართული თამაში გახლდათ. ზოგადად, ბექა წივწივაძის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებისა და შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კავკასიამ ძალიან მოუმატა. კავკასიელებმა სუპერლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგეს.
გამარჯვებულთაგან 24 ქულით, 8 მოხსნითა და 3 პასით საუკეთესო იყო ჯავაუნ დენიელსი. ლუკა მაზიაშვილმა 14 ქულა და 9 პასი მიითვალა, ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ილია ლონდარიძემაც 14-14 ქულა დააგროვეს. თსუ-ში 17 ქულით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. ნიკოლა ვუიოვიჩმა 12 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
თსუ-მ მიმდინარე სეზონში მე-3 მარცხი განიცადა. დაკარგული ქულებით უნივერსიტეტელებს გურჯაანის დელტა წამოეწია, თუმცა თსუ-სთან გასათანაბრებლად კახურ გუნდს ამ ტურის მატჩი შინ “ივერიონთან” აქვს მოსაგები.
მატჩის სრული ვიდეო-რეპორტაჟი