ლოგიკური ტური

ლოგიკური ტური

სუპერლიგის დღევანდელი ტური საინტერესო ვერ გამოდგა, რადგან
წყვილები ისე განაწილდა, რომ ერთმანეთს ცხრილის ზედა და ქვედა ნაწილში მყოფი
გუნდები შეხვდნენ. ყველა მატჩში მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გასული წლის ფინალისტი და დებიუტანტი,
ჭიათურის „მერანი“ შეხვდნენ. მატჩის ბოლოს დაფიქსირებული შედეგით ჭიათურელები
აშკარად კმაყოფილნი დარჩნენ – „მერანის“ გულშემატკივარმა ტაში დაუკრა იმერლებს.
არადა, „მერანმა“ 70:95 წააგო, მაგრამ წინა მარცხებისგან განსხვავებით, ეს
შედარებით ნაკლები სხვაობა გახლდათ და დებიუტანტ იმერლებსაც ეს მომენტი ახარებდათ.

ჭიათურელთაგან თავი ორმა კალათბურთელმა გამოიჩინა. საბა სვანიძემ 27,
ხოლო  ფარნაოზ გურულმა – 22 ქულა ჩააგდეს,
ხოლო დანარჩენებმა ათქულიან ზღვარსაც ვერ უწიეს.

აგრარელთაგან თავი ლიტვიდან მობრუნებულმა რევაზ ათანელიშვილმა
გამოიჩინა, რომელმაც 19 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ათანელაშვილი ლიტვურ
„პალანგაში“ იყო გასინჯვაზე, მაგრამ იქაურმა პირობებმა არ დააკმაყოფილა და სსაუ–ს
დაუბრუნდა. გამარჯვებულთაგან კარგად ითამაშა გუნდის კაპიტანმა ბექა წივწიბაძემ,
რომელმაც ქულებზე მეტი პასი მოაგროვა. მან 10 შედეგიანი გადაცემა გაიღო და ლიგის
საუკეთესო მეპასეთა შორის პირველი ადგილი გაიმუარა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთა „ავიამშენი“ და ახალგაზრდული
„სამედიცინო–აკადემია“ შეხვდნენ, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. გამოცდილი მოთამაშეებით
დაკომპლექტებულმა „ავიატორებმა“ პირველი ტაიმის შემდეგვე ცხადყვეს, რომ ამ მატჩში
მოგება მათ დარჩებოდათ. სერგო ათუაშვილის წინამძღოლობით „ავიამშენმა“ დიდი
შესვენებისთვის 25–ქულიანი ლიდერობა დაიბევა და თამაშსაც ინტრიგა დაეკარგა.
საბოლოოდ ლევან მოსეშვილის გუნდმა 26 ქულით მოიგო, სერგო ათუაშვილთან (28 ქულა, 16
მოხსნა) ერთად კი ორმაგი დუბლი „ავიატორთა“ ფორვარდმა გიორგი პირველაშვილმა
გააკეთა – 15 ქულა, 12 მოხსნა.

დამარცხებულთაგან საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილს 14 ქულა დაუგროვდა,
ხოლო იოსებ ლეჟავამ მედიკოს–აკადემიელთათვის 11 ქულა გაიღო.

„დინამოსა“ და მოქმედ ჩემპიონ „ენერჯი–ინვესტს“ შორის მატჩმა
რუსთავული გუნდის უდიდესი უპირატესობით ჩაიარა. თავდაპირველად ქვემოქართლელთა
ძირითადი მოთამაშეები გავიდნენ მოედანზე და საკუთარი გუნდს პირველი ტაიმი 47:12
მოაგებინეს. მესამე მეოთხედის შემდეგ სტუმრები უკვე 50 ქულით იგებდნენ.

რუსთაველთაგან ორმაგი დუბლი ჯოლივეტ ტუჯანიმ მიითვალა – 16 ქულა, 10
მოხსნა, გუნდის ბომბარდირი კი ახალგაზრდა ლევან ხმელიძე გახდა, რომელმაც 17 ქულა
მიითვალა.

საბოლოოდ რუსთაველებმა 96:47 მოიგეს და სუპერლიგას კვლავ
დაუმარცხებლად ლიდერობენ. პირველი წრისა და საერთოდ ამ წლის ბოლო  ტურში რუსთაველები შინ აგრარული უნივერსიტეტის
გუნდს შეხვდებიან. ეს მატჩი სამშაბათს, 29 დეკემბერს გაიმართება, ხოლო წინა დღეს,
28 დეკემბერს თბილისში, მე–9 ტურის 4 მატჩი გაიმართება.