მარგვეთის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ბათუმში | თსუ-მ დელტა ჩამოიტოვა

მარგვეთის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ბათუმში | თსუ-მ დელტა ჩამოიტოვა

სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ბოლოსწინა, 21-ე ტურის კიდევ 2 გამართული მატჩის შემდეგ ისედაც მჭიდრო ცხრილში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდა, თუმცა რამდენიმე საკვანძო რამ გაირკვა და ჩვენც ამ ეპიზოდებზე გავამახვილოთ ყურადღება. 

თავდაპირველად ის 2 მატჩი და მისი შედეგები ვთქვათ, რომელიც დღეს ჩატარდა. გურჯაანში ლიდერთა მატჩში თსუ-მ დელტა დაამარცხა, ხოლო აჭარაში გამართულ აუტსაიდერთა მატჩში მარგვეთმა ბათუმი დაამარცხა. დრამატიზმით უფრო სავსე ბათუმში ჩატარებული მატჩი გახლდათ, თუმცა თანმიმდევრობას მივყვეთ და თავდაპირველად გურჯაანი-თსუ-ს ამბები ვთქვათ.

უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-მ პირველი წრის მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ზედმეტი გართულების გარეშე აჯობა დელტას. მართალია, მატჩში რამდენჯერმე 3-4 ქულამდე შემცირდა თსუ-ს ლიდერობა, თუმცა სტუმრებმა საბოლოოდ მაინც დამაჯერებელი სხვაობით – 83:70 (სტატისტიკა) იმარჯვეს.

უნივერსიტეტელებს ჯერ კიდევ არ დაბრუნებიათ 2 სტაბილური მოთამაშე – ნიკოლა ვუიოვიჩი და ნიკა ჩეჩელაშვილი, თუმცა მწყობრშია გიორგი ცინცაძე, რომელმაც დღევანდელ მატჩში მითვლილი ორმაგი დუბლით გამარჯვებაში სოლიდური წვლილი დაიდო. ცინცაძის ანგარიშზე 11 ქულა და 10 პასი დაგროვდა. თსუ-ში კიდევ ორმა მოთამაშემ შეასრულა ორმაგი დუბლი, რომელთაგანაც ალექსანდრე ფევაძის მონაგარი შთამბეჭდავია – 19 ქულა, 19 მოხსნა. ვილი ისიანის ანგარიშზე 12 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. გურჯაანელთაგან 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტი – 13 ქულა ტერი კოლინსის ანგარიშზეა.

ამ მატჩით დელტამ დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი (ბოლო ტურში ისვენებს), რომლის ანგარიშზეც 14 გამარჯვება და 6 მარცხია. თსუ-ს დარჩა 1 მატჩი, რომელშიც ბათუმს უმასპინძლებს და რომც წააგოს, მაინც გურჯაანელთა წინ დაასრულებს რეგულარულს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი დელტა და თსუ ერთმანეთს პლეი ოფში (ნახევარფინალში შეხვედრის შანსია მხოლოდ) შეხვდებიან, მოედნის უპირატესობა უნივერსიტეტელებს ექნებათ. 1 მატჩი დარჩა ქუთაისსაც, რომელიც თბილისში რაშს 14 აპრილს, ბოლო ტურში ხვდება და თუ გაიმარჯვებს, რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს, ხოლო თუ დამარცხდა, პირველზე თსუ დაჯდება (თუ ბათუმს სძლია).

კიდევ უფრო მეტი ვარიანტები არსებობს ცხრილის ქვედა ნაწილში, სადაც სუპერლიგაში დარჩენისთვის თავგანწირული ბრძოლა მიმდინარეობს. სწორედ თავგანწირვად შეიძლება შეფასდეს ის შემართება, რითაც ზესტაფონელებმა ბათუმში ითამაშეს. მარგვეთმა, რომელიც 2 ტურის წინ განწირულად ჩანდა, ჯერ ლიდერ დელტას მოუგო, რითაც გურჯაანელებს ეს სტატუსი დააკარგვინა, ხოლო დღეს ბათუმშიც იმარჯვა და ფაქტობრივად სუპერლიგის საგზური შეინარჩუნა. თუმცა არის შანსი, რომ მარგვეთი მე-10-ზე გავიდეს და “ა” ლიგის ფინალისტთან საკვალიფიკაციოში მოუწიოს თამაშმა, მაგრამ ამის შანსი, ძალიანაც არ უნდა, მაგრამ უფრო მეტად ზესტაფონელებთან დღეს დამარცხებულ ბათუმს აქვს.

სანამ ამ შანსებს განვავრცობთ, აღვნიშნავთ, რომ მარგვეთმა ბათუმი ბოლო წუთებზე გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით (და მაიკლ მეისის საკვანძო სამქულიანით) 91:83 (სტატისტიკა) დაამარცხა და ცხრილში გაუთანაბრდა. მარგვეთისა და ბათუმის მსგავსად 7 მოგება აქვს კავკასიას, რომელიც ამ ტურის მატჩს ხვალ რუსთავთან თამაშობს და თუ გაიმარჯვებს, რუსთავი ოფიციალურად, დასრულებამდე 1 ტურით ადრე დაკარგავს სუპერლიგაში დარჩენის შანსს. ხოლო თუ კავკასია წააგებს, მოგება-წაგებებით მარგვეთსა და ბათუმს გაუთანაბრდება და ასეთ შემთხვევაში ასეთ სურათს მივიღებთ:

ამ სამი გუნდიდან ბოლო ტურში ყველაზე უხერხული მეტოქე ბათუმს ელის. აჭარული გუნდი თბილისში თსუ-ს ხვდება, ხოლო მარგვეთი ზესტაფონში გორის ივერიონს მასპინძლობს. ორივემ რომ იმარჯვოს, ურთიერთშეხვედრებში მარგვეთი ბათუმს ჯობს, ისევე როგორც კავკასიას, რომელიც ბოლო ტურში გაუ-ს ეთამაშება. ერთი სიტყვით, ბოლო ტურში რომ ამ სამივე (კავკასია, ბათუმი, მარგვეთი) გუნდმა იმარჯვოს, მარგვეთი პლეი ოფში (მე-8 ადგილზე) გავა, ხოლო ბათუმს – გადათამაშება მოუწევს. თუ სამივემ ერთნაირი შედეგი არ აჩვენა, ზესტაფონს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს გადათამაშება, თუ თავად დამარცხდება და კავკასია-ბათუმი მოიგებენ.

თუმცა ეს პროგნოზები შესაძლოა, სულ ფუჭი აღმოჩნდეს, თუ კავკასია ხვალ რუსთავს დაამარცხებს: ასეთ შემთხვევაში კავკასია ოფიციალურად დარჩება სუპერლიგაში, ხოლო რუსთავი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, “ა” ლიგაში დაქვეითდება, მე-10 ადგილს კი ბათუმი ან მარგვეთი დაიკავებს.