სუპერლიგის მორიგ, 23-ე ტურს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა დაგეგმილი ოთხიდან პირველი მატჩი, რომელშიც მარნეულის “დელტამ” “ბათუმს” უმასპინძლა და 11-ქულიანი სხვაობით – 88:77 დაამარცხა.
ეს გახლდათ პრინციპული მატჩი ორივე გუნდისთვის. ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “მარნეულს” ლიგაში დარჩენა ჯერ ოფიციალურად არ აქვს განაღდებული, “ბათუმი” კი ცხრილში დასაწინაურებლად იბრძვის, რათა პლეი ოფში რაც შეიძლება მეტ ოპონენტთან მოიპოვოს მოედნის უპირატესობა.
შეხვედრა მეტი მობილიზებით ჩაატარეს “დელტას” კალათბურთელებმა, რომლებმაც მატჩის დებიუტში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე, ბრძოლისა და გააზრებული თამაშის წყალობით შეინარჩუნეს. “მარნეულს” 25 ქულით დეანდრე რეიმ ულიდერა. ნიკოლას ნილმა ქვემოქართლელებს 23 ქულა შესძინა. ზვიად ანთაძის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა, ხოლო საბა ლობჯანიძემ – 15 მოაგროვა. “ბათუმში” 20 ქულითა და 10 მოხსნით ლეონიდ სტეპანიშინი გამოირჩა, სპენსერ კოლინსმა კი შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია – “მარნეულის” მთავარი მწვრთნელი:
“თამაშს მობილიზებულები შევხვდით. ბიჭები მზად აღმოჩდნენ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოგვაგებინა. მადლობა ჩვენი გუნდის წევრებს თავდადებული გარჯისთვის და იმედი გვაქვს, მომავალ მატჩებში ტემპს კიდევ უფრო მოვუმატებთ”.
ვლადიმერ ბოსნიაკი – “ბათუმის” მთავარი მწვრთნელი:
“მატჩის ბედი ერთმა ფაქტორმა გადაწყვიტა და ესაა საჯარიმო სროლები. ჩვენ 14 საჯარიმო ვესროლეთ, მეტოქემ კი – 35. ჯარიმების სიმრავლემ და საკუთარ ფარში მიღებულმა საჯარიმო ქულებმა ამ თამაშში წარმატების მიღწევის საშუალება არ მოგვცეს”.
მარნეული – ბათუმი
სტატისტიკა: 88:77