სუპერლიგის მეხუთე ტური ბათუმის ,,ბასკოს“ დარბაზში
გაიხსნა. ზღვისპირულმა გუნდმა ,,ბათუმმა“ იმერლების
,,ქუთაისს“ უმასპინძლა.
გულშემატკივარმა საინტერესო თამაში იხილა, რაც მატჩის დაძაბულობამ
და გუნდების ბრძოლისუნარიანობამ განაპირობა.
შეხვედრის საწყისი წუთები გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა, თუმცა პირველი მეოთხედი ,,ქუთათურებმა“ მაინც თავიანთ სასარგებლოდ
24:20 დააფიქსირეს. მეორე პერიოდში დომინანტი კვლავაც იმერული გუნდი გამოდგა და მიუხედავად
ბათუმელთა დიდი მონდომებისა დიდ შესვენებაზე ,,ქუთაისი“ 6-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა.
დავით უსტიაშვილის
გუნდი მესამე მეოთხედშიც არ მოდუნდა და კვლავაც წინ გავიდა. მატჩს ინტრიგა მაინც შერჩა,
შეხვედრის ბოლო პერიოდში მასპინძლებმა უკანასკნელი ძალების მობილიზება მოახერხეს და ანგარიშში
სხვაობის აღმოფხვრას შეეცადნენ, თუმცა მიუხედავად ბოლო მეოთხედის 10-ქულიანი მოგებისა,
ბათუმი მაინც დამარცხდა – 70:75.
მოგებულთა მხრიდან, კვლავ ეროვნული ნაკრების წევრი, რიჩარდ
მათიაშვილი გამოირჩა, რომელმაც 21 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
მიხეილ კობეშავიძის შეგირდთაგან კი 17-17 ქულა
ავთანდილ ელიაშვილის და ნიკა რამიშვილის ანგარიშზეა, ფარზე კი საუკეთესო ლაშა კეშელავა
გახლდათ-16 მოხსნით.
მეხუთე
ტურის დარჩენილი თამაშები, თბილისის სპორტის სასახლეში, 17 ნოემბერს, სტარტს 11:45 საათიდან აიღებს. შეგახსენებთ, რომ
მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტელევიზია ,,აფხაზეთის ხმა“ შემოგთავაზებთ.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): თავდაპირველად შეხვედრა კარგად
დავიწყეთ და მატჩის მეორე ნახევარში სოლიდური, 18-ქულიანი უპირატესობაც მოვიპოვეთ,
თუმცა დარჩენილ დროში ანგარიშში სხვაობა შემცირდა და საბოლოოდ მატჩში 5 ქულის სხვაობით ვიმარჯვეთ. ვეცდებით მომავალ შეხვედრებში
მოპოვებული უპირატესობა აღარ გავანიავოთ და ბოლომდე შევინარჩუნოთ.
მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმი): საინტერესო მატჩი გამოდგა. ჩვენმა ბიჭებმა დღეს ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა სამწუხაროდ
ჩვენს გუნდს საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდა. ,,ქუთაისი“ ძლიერი გუნდია, სადაც არაერთი
მაღალი კლასის მოთამაშე ირიცხება და რთულია ასეთ მეტოქესთან ასპარეზობა. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და დღევანდელ მატჩში მაქსიმუმი გაიღეს.