სტატისტიკა
გალერეა ტურის მე-3 შეხვედრაში „აუტსაიდერმა“ „აკადემიამ“ „მგზავრებს“
უმასპინძლა. ბუბა ბერიშვილის მგზავრებმა ბოლო 3 მატჩი მოიგეს და ცხრილში ბოლო ადგილზე
მყოფ „აკადემიასთანაც“, ცხადია, მხოლოდ გამარჯვებას გეგმავდნენ.
„მგზავრებმა“ საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება შეძლეს
– 91:87. მცირედით, თუმცა აკადემიელები მთელი პირველი მეოთხედის მანძილზე იგებდნენ.
„მგზავრები“ კი ხან აბათილებდნენ ჩამორჩენას, ხანაც 1-2 ქულით წინ გადიოდნენ. დიდ შესვენებაზე
გელა წულაძის „აკადემია“ 7 ქულით გალიდერდა, თუმცა „მგზავრებმა“ მძლავრი მესამე პერიოდი
ჩაატარეს, რომელიც 27:18 მოიგეს და გადამწყვეტ პერიოდს 2-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ
– 64:62.
ბოლო ათწუთეულში რეჯი მერფის აქტიურობით „მგზავრებმა“
ბოლო წუთებზე ლიდერობა გაიმყარეს, თუმცა აკადემიელები, რომლებსაც ამერიკელი მორის ბრიქსი
წინამძღოლობდა, შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ. „აკადემიას“ იმედი ლევან გრძელიძის
2-მა ზუსტმა საჯარიმომ გადაუწურა, რომლის შემდეგ „მგზავრები 4 ქულით დაწინაურდნენ და
დარჩენილ 8 წამში დეფიციტის აღმოსაფხვრელად დრო აღარ ეყოთ.
მორის ბრიგსმა საბოლოოდ 44 ქულა დააგროვა, თუმცა არ
დაუფასდა. გამარჯვებულებს კი რეჯინალდ მერფიმ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა და 13 მოხსნა
მიითვალა. 18 ქულა მოაგროვა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ავთანდილ ლომინაშვილის ანგარიშზე
17 ქულა დაგროვდა.
ტურის დასკვნით მატჩში „რუსთავი“
და „ოლიმპი“ შეხვდებიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან რთული თამაში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა თამაშები მოვიგეთ, ვიცოდით რომ არც ამ თამაშის მოგება იქნებოდა ადვილი. შეცდომები ბევრი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ ისეთი მომენტები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა. მივულოცავ ბიჭებს ამ გამარჯვებას და ვეცდებით, რომ მომავალში უკეთესად ვითამაშოთ.
გელა წულაძე („აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): დასანანი თამაში წავაგეთ. თუ სტატისტიკას გადაავლებთ თვალს 30 ჯარიმა ავიღეთ და მხოლოდ 14 ჩავაგდეთ, აგრეთვე 4 ქულითაც წავაგეთ. ეს საოცრებაა: ვცდილობთ და ვბრძოლობთ მთელი თამაში და მაინც ვაგებთ. ბრძოლას კი ისევ გავაგრძელებთ და ადვილად არაფერს დავთმობთ მომავალ თამაშებშიც. ჩვენ ისევ დავდგებით ფეხზე.