“მგზავრებმა” ბათუმში იმარჯვა

“მგზავრებმა” ბათუმში იმარჯვა

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური დღეს ბათუმში დაიწყო. ადგილობრივმა გუნდმა “მგზავრებს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი პერიოდის შემდეგ 14 ქულით იგებდა, საბოლოოდ უშანსოდ წააგო. 

ბათუმელები ამ მატჩს 2 ახალი ლეგიონერით შეხვდნენ. “მგზავრებთან” დებიუტი ჰქონდათ ზღვისპირელთა ამერიკელ კალათბურთელებს – კეისი შეპარდს და დეიან იეფტიჩს, რომლებიც “ბათუმში” 21-21 ქულით საუკეთესონი იყვნენ, თუმცა მათმა გარჯამ გასამარჯვებლად არ იკმარა.

თავად განსაჯეთ: პირველი პერიოდი მასპინძლებმა 28:14 მოიგეს, რის შემდეგაც “მგზავრების” ჯერი დადგა და ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე მეოთხედი 28:15, ხოლო მესამე – 30:14 მოიგი და ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ბოლო ათწუთეულის წინ სტუმრები 15 ქულით იგებდნენ და მოგების რეალური შანსი ხელიდან არც გაუშვიათ.

საბოლოოდ “მგზავრებმა” 89:76 იმარჯვა და მე-9 ტურის თავზე სუპერლიგის ცხრილში 5 გამარჯვებით მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. გამარჯვებულთაგან 19 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 19 ქულა მიითვალა ადრიან ბოუიმ, ხოლო ჯეიკობ არმსტრონგმა შეხვედრა 16 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.  6 ცდიდან ჩაგდებული 5 სამქულიანით (მთლიანობაში 17 ქულა) რეზო ჩაჩანიძემ სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. “ბათუმში შეპარდ-იეფტიჩის 21-21 ქულის კვალზე 10 ქულით სტეფან ანდრეევიჩი გამოირჩა. 

სუპერლიგის მე-9 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20 იანვარს გაიმართება. 

ბათუმი – მგზავრები
სტატისტიკა: 76:89

ფოტოები: Instagram/Basketball Club Batumi