სტატისტიკა გალერეა
სუპერლიგის 24-ე ტური დღეს თბილისში, 2 მატჩით დაიწყო.
ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთს ცხრილში ბოლო
2 ადგილზე მყოფნი – „ოლიმპი“ და „მგზავრები“ შეხვდნენ.
ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ
და სამჯერვე ოლიმპელებმა იმარჯვეს. შესაბამისად, ამ მატჩსაც თუ მოიგებდა, „ოლიმპი“
„მგზავრებთან“ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას გაინაღდებდა, რაც ერთნაირი ქულების
დაგროვების შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და თანაბარი გამოდგა.
ლიდერი 12-ჯერ შეიცვალა – ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხანაც – მეორე. მეორე პერიოდში
„მგზავრებმა“ 10-ქულიანი ლიდერობის მოპოვება მოახერხეს, თუმცა „ოლიმპმა“ 13:2 გაქცევა
მოაწყო და ლიდერობა დაიბრუნა. ასე თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა ბოლო წუთებამდე. გადამწყვეტ
ეპიზოდში „მგზავრებმა“ მეტი სიზუსტე და ხასიათი გამოავლინეს და ბოლო წუთზე გამარჯვება
გაინაღდეს.
საბოლოოდ 77:70 „მგზავრების“ სასარგებლოდ, რომელსაც
18 ქულითა და 8 მოხსნით კაშიმ რენსომმა ულიდერა. ოთო ფხაკაძემ 17 ქულა მოაგროვა, კორი
ალენის ანგარიშზე კი 16 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა. „ოლიმპში“ 17-17 ქულით
საუკეთესოები იყვნენ თრე ბურნეთი და ნიკოლ შნიტცელი.
ამ გამარჯვებით „მგზავრები“ ცხრილში გაუთანაბრდა „ოლიმპს“
და ამ გუნდებს შორის ლიგაში დასარჩენი ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):
ამ მატჩს ჩვენთვის და მეტოქისათვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა. გამარჯვებამაც ძალიან გაგვახარა და სამომავლო ბრძოლებისთვის რწმენა შეგვმატა.
ჩვენ ლიგაში დასარჩნად ვიბრძვით და წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლები გველის.
ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):
ვემზადებოდით, რომ დაცვაში მგზავრების შეტევები მოგვეგერიებინა, 5 ასეთი მომენტი გავუშვით, რომელიც შეგვეძლო შეგვეჩერებინა კარგი დაცვით. ყველაფერი რაც ვარჯიშებზე მოვილაპარაკეთ, ვფიქრობდით რომ შევასრულებდით, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ