მიხეილ ბერიშვილის და გიორგი ჯგერენაიას ოვერტაიმი
საკალათბურთო სუპერლიგას ორი დაუმარცხებელი გუნდი ჰყავს – “დინამო” და “არმია”. ამ ორივე გუნდს საკუთარი საკალათბურთო ბაზა გააჩნია და საქართველოში მომზადების საუკეთესო პირობები აქვს. არმიელების ძირითად ხუთულში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მიხეილ ბერიშვილსა და გიორგი ჯგერენაიას, რომლებიც ჩვენი რუბრიკის – “ოვერტაიმის” სტუმრები არიან.
– როგორ შეაფასებდით ახალ სეზონს? რა მოლოდინი გაქვთ წლევანდელი ჩემპიონატისგან?
მიხეილ ბერიშვილი: შარშან ლეგიონერების სიმრავლიდან გამომდინარე უფრო მაღალი დონის ტურნირი იყო, იმედია, მეორე წრიდან ჩემპიონატს ლეგიონერები შემოემატებიან და თამაშის ხარისხიც აიწევს. ჩვენი მიზანი წელს ჩემპიონობაა. ამ სეზონში უფრო თანაბარი გუნდები ასპარეზობენ. სასიხარულოა, რომ ,,ბათუმი” გაძლიერებულია, ,,დინამო” საჩემპიონო გუნდია, ,,ქუთაისი” ყოველთვის იყო გამორჩეული, შსს აკადემია, სოხუმი – თითოეული მათგანი სერიოზული მეტოქეა.
გიორგი ჯგერენაია: ყველაზე ძლიერი მათგან ალბათ ,,დინამოა”. რაც შეგვეხება ჩვენ, კარგად დავიწყეთ, რამოდენიმე მნიშვნელოვანი თამაში გადავაგორეთ, მაგალითად ბათუმთან… თუმცა ურთულესი მატჩები გვაქვს დარჩენილი და სეროზულად უნდა მოვემზადოთ. აქამდე ჩატარებულ თამაშებში მოსალოდნელი იყო ჩვენი გამარჯვება, თუმცა დარჩენილი სამი შეხვედრა საკმაოდ მძიმეა და კარგია, რომ საკმარისი დრო გვაქვს მოსამზადებლად.
– მიშა, რას იტყვით ახალ კლუბზე? რატომ აირჩიეთ ,,არმია” და როგორი ატმოსფეროა გუნდში?
მიხეილ ბერიშვილი: ,,ოლიმპში” ყველაფერი შეიცვალა – მწვრთნელი, ხელმძღვანელობა, მთლიანად გუნდი… შემოთავაზება ,,არმიიდან” იყო და აქ გადმოვედი… გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა, ბიჭებს ყველანაირი კომფორტი და პირობა გვაქვს შექმნილი ვარჯიშისთვის. ნამდვილი ოჯახივით ვართ.
-,,არმია” ლეგიონერების გარეშე ასპარეზობს უკვე მეორე სეზონია. რას ფიქრობთ ამაზე?
მიხეილ ბერიშვილი: ლეგიონერები ჩემპიონატში აუცილებელია, კონკრეტულად ჩვენ გუნდს რაც შეეხება, ,,არმია” კარგად არის შეთამაშებული და ლეგიონერი ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება… ზოგადად კი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რაც მეტი უცხოელი იქნება ჩემპიონატში, მით უფრო უკეთესია დონის ასამაღლებლად.
გიორგი ჯგერენაია: ვეთანხმები მიშას, საკალათბურთო სუპერლიგაში ლეგიონერები აუცილებლად უნდა ასპარეზობდნენ.
– როგორ შეაფასებდით ეროვნული ნაკრების ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე?
გიორგი ჯგერენაია: წელს ძალიან საინტერესო ნაკრები გვყავდა, ბიჭებმა სასიხარულოდ გამაკვირვეს, ორი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა ფაჩულიას და შენგელიას სახით და არ მეგონა, ასე კარგად თუ იასპარეზებდა ეროვნული ნაკრები. გამოჩნდა, რომ ნაკრების სისტემამ, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა, გაამართლა. წინ წამოიწია ბევრმა მოთამაშემ, რომლებმაც თავის თავზე აიღეს ლიდერობა და როლები გადაინაწილეს, მაგალითად გიორგი ცინცაძემ, რომელიც საუკეთესო იყო.
მიხეილ ბერიშვილი: მეც ასე ვფიქრობ, საუკეთესო მოთამაშები გვაკლდნენ, მაგრამ ბიჭებმა ძალიან წარმატებულად იასპარეზეს.
გიორგი ჯგერენაია: მართალია ეს შედეგზე არ აისახა, მაგრამ ბოლო წამებზე წყდებოდა თამაშის ბედი და ნაკრების ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე დადებითად უნდა შეფასდეს. მომავალში გუნდს შენგელია და ფაჩულია დაემატებიან და ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.
– წლევანდელ სეზონში ,,არმიას” 18-წლამდელთა ასაკობრივ ჩემპიონატშიც გამოჰყავს გუნდი…
გიორგი ჯგერენაია: ეს ძალიან კარგი და მისასალმებელი ფაქტია, ბავშვობაში ჩვენ ამის მსგავსი პირობები არ გვქონია. ბავშვებისთვის ეს დიდი სტიმულია, ისინი ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ და დიდ გამოცდილებას იღებენ… ორმა მოთამაშემ – თორნიკე გაგუამ და გიორგი ქავთარაძემ სუპერლიგაშიც იასპარეზეს, მწვრთნელები ახალგაზრდებს ხელს უწყობენ და ყველანაირ სტიმულს აძლევენ, ბავშვების გაზრდისთვის და განვითარებისთვის ეს აუცილებელია.
მიხეილ ბერიშვილი: სტიმული მართლაც დიდია – სუპერლიგაში თამაში. სუპერლიგის სხვა კლუბებმაც, ვისაც ჯერ არ ჰყავს საკალათბურთო სკოლა, მაგალითი უნდა აიღონ. აუცილებელია ამის გაკეთება. კარგი მოთამაშეების დამატება და გუნდის შევსება სწორედ აქედან ხდება.
– მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის და რატომ დაიწყეთ კალათბურთის თამაში?
მიხეილ ბერიშვილი: 9 წლის ვიყავი, როცა კალათბურთზე მივედი ,,ვითაში”, შემდეგ კი საკალათბურთო აკადემია გაიხსნა და იქ გადავედი. გელა წულაძის და მიხეილ კობეშავიძის გაზრდილი ვარ. სანამ კალათბურთზე შევიდოდი, ჩოგბურთით ვიყავი დაკავებული. კალათბურთით ჩემი დაინტერესება ნოდარ ქორქიას დამსახურებაა, რომელიც მამაჩემის მეგობარი იყო. პირველად კალათბურთზე სწორედ მან მიმიყვანა. უნდა აღვნიშნო მამაჩემის როლი ჩემს საკალათბურთო კარიერაში, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც მოთამაშის ჩამოყალიბებაში და ამისთვის დიდი მადლობა მას.
გიორგი ჯგერენაია: ძალიან ღრმა ბავშვობიდან დავიწყე კალათბურთის თამაში, აღარც კი მახსოვს როდის. ჯერ მამა მავარჯიშებდა, რომელიც ასევე კალათბურთელი იყო, შემდეგ კი ვაჟა კვარაცხელიასთან ვთამაშობდი, სანამ უცხოეთში წავიდოდი.
– რომელი იყო თქვენს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური გამარჯვება?
გიორგი ჯგერენაია: მასხოვს 16-წლამდელთა გამარჯვება, როცა ”ა დივიზიონში” გადავედით. ბევრი დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო, მათ შორის საქართველოს ჩემპიონატშიც, კონკრეტულად ვერ გამოვყოფ…
მიხეილ ბერიშვილი: რა გითხრათ, ჩემპიონი ჯერ ვერ გავხდი. ვფიქრობ, მთავარი და დასამახსოვრებელი გამარჯვებების წინ გველოდება.
გიორგი ჯგერენაია: მეც ამის იმედი მაქვს.
– როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი სირთულე სპორტსმენის კარიერაში?
მიხეილ ბერიშვილი: პირველ რიგში, ტრავმა. ძალიან რთულია მოთამაშისთვის, განსაკუთრებით რეაბილიტაციის პერიოდი.
გიორგი ჯგერენაია: სპორტული ცხოვრება საკმაოდ რთულია, მუდმივად რეჟიმში და გრაფიკში გიწევს ყოფნა, მაგრამ იმდენად გვიყვარს კალათბურთი, რომ ყველაფერს ვთმობთ და ბევრ რამეზე უარს ვამბობთ.
-ვინ არის თქვენთვის გამორჩეული მოთამაშე და რომელია საოცნებო კლუბი?
მიხეილ ბერიშვილი: მთელი ისტორიის მანძილზე ჩემთვის ჯორდანი იყო და ყოველთვის იქნება კალათბურთის მეფე. ისე, ლებრონ ჯეიმსი მომწონს. საოცნებო გუნდი გამორჩეულად არ მაქვს, ნბა-ს ნებისმიერ გუნდში თამაში უდიდესი წარმატებაა.
გიორგი ჯგერენაია: ბავშვობიდან ყოველთვის ნბა-ში მოხვედრის ოცნება გვქონდა. თუმცა საოცნებო კლუბი ევროპული “რეალია”, ბავშვობიდან მიყვარდა ეს გუნდი. საყვარელი მოთამაშე არ მყავს, მაგრამ ეროვნული ნაკრებიდან მომწონს ვიქტორ სანიკიძე და საერთოდ, ისეთ მოთამაშეებს გამოვარჩევდი, რომლებთანაც ჩემს თავს და თამაშის სტილს მეტნაკლებად ვაიგივებ.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მიხეილ ბერიშვილი: კონკრეტულად დაგეგმილი არაფერი გვაქვს. ყოველ ზაფხულს ახალი ხელშეკრულება, ახალი კლუბი, სეზონის დასრულებას ველოდებით ხოლმე… ამიტომ კონკრეტულად ვერ ვგეგმავ, თუმცა სურვილი და ამბიცია, თამაშის უცხოეთში გაგრძელებისა, რა თქმა უნდა არის.
გიორგი ჯგერენაია: დავეთანხმები მიშას, სურვილები ნამდვილად გვაქვს უფრო სერიოზულ და მაღალი დონის ჩემპიონატებში ვიასპარეზოთ. ასევე, ნაკრებში თამაში ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია.
– კალათბურთის გარდა, სპორტის რომელიმე სახეობა მოგწონთ?
მიხეილ ბერიშვილი: ფეხბურთი მიყვარს და ,,ბარსელონას” დიდი გულშემატკივარი ვარ. ასევე ძალიან მიყვარს ნარდი და ტურნირებზე სულ გამოვდივარ ხოლმე.
გიორგი ჯგერენაია: ზოგადად, სპორტის ბევრი სახეობა მომწონს, თუმცა ამერიკულ ფეხბურთს გამოვარჩევდი, ამ ბოლო დროს ბოქსის ყურებაც აქტიურად დავიწყე.
– როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
გიორგი ჯგერენაია: თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, როგორც ყველა ახალგაზრდა. ვერაფრით გაგაკვირვებთ, ვერც ცეკვით და პიანინოზე დაკვრით J
მიხეილ ბერიშვილი: მეც ძირითადად მეგობრებთან ვერთობი.
– როგორ ფიქრობთ, რა აკლია დღეს ქართულ კალათბურთს ყველაზე მეტად?
გიორგი ჯგერენაია: პირველ რიგში აღვნიშნავდი თამაშების ნაკლებობას. ასევე, ჩემპიონატს აკლია ფინანსები, გულშემატკივრები და უკვე ლეგიონერებიც. ცუდია, რომ ტელევიზიით არ გადაიცემა მატჩები, ამ გზით ბევრი ადევნებდა ჩემპიონატს თვალს და მოთამაშეებსაც გვქონდა საშუალება, საკუთარი თამაში გაგვეანალიზებინა.
მიხეილ ბერიშვილი: მოვუწოდებთ გულშემატკივარს, რომ აუცილებლად იარონ თამაშებზე, მათი გამხნევება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მაყურებლით სავსე დარბაზში თამაშს სულ სხვა ემოცია და ხიბლი აქვს. დავამატებდი ტრანსლაციის უქონლობას. ადრე ყველა უყურებდა ტელევიზიით. რაც უფრო მეტი ხალხი გაიცნობს კალათბურთს, მით უკეთესია. ჩემი ახლობლები ყოველთვის უყურებდნენ თამაშებს და ბევრი საზღვარგარეთიდანაც გვგულშემატკივრობდა. საწყენია, რომ ახლა ამის საშუალება აღარ აქვთ.
– რა რჩევებს მისცემდით დამწყებ კალათბურთელებს? როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?
გიორგი ჯგერენაია: აირჩიონ თავიაანთი გზა და არ იფიქრონ, რომ რაიმე არ შეუძლით. დასახული მიზანი აუცილებლად ბოლომდე მიიყვანონ, ამისთვის დიდი შრომაა საჭირო.
მიხეილ ბერიშვილი: ვეთანხმები გიორგის. ნიჭი და გამართლება სპორტში მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი შრომაა, რომელიც აუცილებლად დაუფასდებათ.