სუპერლიგის ბათუმში დაწყებული მე-11 ტური ტყიბულსა და ქუთაისში გაგრძელდა. დღეს, იმერეთის ქალაქებში ერთმანეთის მსგავსი მატჩები გაიმართა. ორივეგან მასპინძლებმა იმარჯვეს: ტყიბულის ორბმა რუსთავი დაამარცხა, ხოლო ქუთაისმა რაშს არ დაუტოვა შანსი. ორივე გამარჯვებულმა 112 ქულა ჩააგდო. დიდი შესვენებისთვის ქუთაისი 24 ქულით უგებდა რაშს, ხოლო ორბი 23-ით – რუსთავს. საბოლოოდ ქუთაისელებმა 23 ქულით იმარჯვეს, ხოლო ტყიბულელებმა – 20-ით.
ასევე გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ეს ორი მატჩი ერთმანეთს, რომლებსაც ისიც ჰქონდათ საერთო, რომ თუ არ ჩავთვლით პირველ ათწუთეულს, დაძაბულობა არ ყოფილა. ორივე მასპინძელმა დამაჯერებლად, ზედმეტი გართულებების გარეშე გაიმარჯვა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.
მთავარი ალბათ ის იყო, რომ ქუთაისი გამოცდილებითა და შემადგენლობით ობიექტურად აღემატება დებიუტანტ რაშს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს ბევრად მეტი ტიტული და ამბიცია აქვს. თან წინა საშინაო მატჩში, ქუთაისელებმა სუპერლიგის ლიდერი თსუ დაამარცხეს და დებიუტანტ რაშთან რომ მოგებას უმიზნებდნენ, რა თქმა უნდოდა. რაშმა რაც შეეძლო, შეეწინააღმდეგა, მაგრამ მძლავრ ქუთაისს ვერაფერი გამოსტყუა. საბოლოოდ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა 112:89 (სტატისტიკა) იმარჯვა და პირველი წრე 6 მოგებითა და 4 მარცხით დაასრულა.
რუსთავის წაგების ობიექტური მიზეზი ერთ-ერთი ლეგიონერის, ჯორდან ჰენდერსონის არყოფნა და თავის მხრივ, ტყიბულელთა გაძლიერებული შემადგენლობა გახლდათ. ორბს ისედაც გარრმჯე უცხოელები ჰყავს და პლუს ამას, ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა კიდევ ერთი ძლიერი მოთამაშე – მაიკლ ედვარდსი შეიმატა, რომელმაც წინა 2 მატჩში 14-14 ქულა ჩააგდო, ამჯერად კი რუსთავს 21 ჩაუგდო. რაც მთავარია, სამივე ამ შეხვედრაში ორბმა გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყიბულის გუნდს, რომელიც სუპერლიგის დებიუტანტია, 3-მატჩიანი წარმატებული სერია აქვს.
საბოლოოდ ორბმა რუსთავი 112:92 (სტატისტიკა) დაამარცხა და მოგებ-წაგებები გაითანაბრა. სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტური კვირას, თბილისში და გორში გასამართი მატჩებით დასრულდება.