სტატისტიკა გალერეა2015 წლის ბოლო, სუპერლიგის მე-13 ტური გუშინ ქუთაისში
დრამატული მატჩით დაიწყო, სადაც „ბათუმმა“ ბოლო წამზე 1 ქულის სხვაობით – 74:73 დაამარცხა
„ქუთაისი“. ტური დღეს თბილისში გრძელდება, სადაც დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი უკვე
შედგა: „რუსთავმა“ იმ „აკადემიას“ მოუგო, რომელმაც სუპერლიგის ლიდერ „ბათუმს“ წინა
ტურში აჭარაში მოუგო.
დღევანდელი მატჩის მონაწილე გუნდების შემადგენლობებში ცვლილებები განხორციელდა.
წარუმატებლად მოასპარეზე (4 მოგება, 8 წაგება) „რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ
ბერუაშვილმა გუნდი დატოვა. „აკადემიამ“ კი „ვითადან“ წამოსული მერაბ ბოქოლიშვილი დაიმატა.
შედეგად კი ისე გამოვიდა, რომ რუსთაველებმა საკმაოდ იოლად – 86:73 დაამარცხეს „აკადემია“.
სუპერლიგის მიმდინარე გათამაშება დიდად არაპროგნოზირებადია.
„აკადემიამ“ წინა ტურში ლიდერი „ბათუმი“ სტუმრად რომ დაამარცხა, დღეს ცხრილში მეზობელ
„რუსთავთან“ უშანსოდ დამარცხდა. რუსთაველებმა გამართულად, სწორი კალათბურთი ითამაშეს
და გამარჯვებულის ვინაობა 3 მეოთხედის შემდეგ გაარკვიეს. პირველი პერიოდი 23:15, მეორე
– 22:19, ხოლო მესამე – 21:10 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 66:54 დაწინაურდნენ რუსთაველები.
ამის შემდეგ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და გუნდებმა ბოლო მეოთხედი ფორმალურად ჩაითამაშეს.
გამარჯვებულებს 23 ქულითა და 18 მოხსნით ულიდერა კაილ
ტურპინმა. 21 ქულა მოაგროვა მიხეილ ჭოჭუამ, სერბი ნიკოლა გაჩეშას ანგარიშზე კი 18 ქულა
დაგროვდა. აკადემიელები საუკეთესო იყო მორის ბრიგსი, რომელმაც 27 ქულა მიითვალა., ხოლო
კახა ტომარაძის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.
„რუსთავი“ 5 გამარჯვებით დაეწია
„ოლიმპს“, რომელიც მიმდინარე ტურის მორიგ მატჩში „დინამოს“ დაუპირისპირდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გელა წულაძე, „აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი: ძალიან ცუდად ვითამაშეთ. დაცვაშიც და შეტევაშიც ნაკლოვანებები გვქონდა. ჯარიმების პროცენტულობაც კი ცუდად წაგვივიდა. ბათუმთან მოგების შემდეგ ბიჭები დარწმუნებული იყვნენ იოლ გამარჯვებაში და სწორად არ ვიყავით მოტივირებულები.
ბადრი კიკვიძე (“რუსთავის” მწვრთნელი): კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, უპირატესობა თავიდანვე მოვიპოვეთ და თამაშის ბოლომდე შევინარჩუნეთ. საშუალება მოგვეცა შანსი ახალგაზრდა მოთმაშეებისთვისაც მიგვეცა. ბიჭებით კმაყოფილი ვართ, მათ ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის.