მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა კახეთის ფედერაციასთან ერთად დაიწყო

VIDEO

საქართველოს კალათბურთის ეროვნული
ფედერაცია იწყებს რეგიონების მწვრთნელთა გადამზადებისა პროგრამას. პირველ ეტაპზე,
აღნიშნული პროგრამა კახეთის კალათბურთის ფედერაციასთან ერთად განხორციელდება.

  კახეთის რეგიონის
მწვრთნელთა თბილისში ჩამოყვანას და სემინარებზე დასწრებას უზრუნველყოფს
საქართველოს  კალათბურთის
მწვრთნელთა კავშირი.
თელაველი, საგარეჯოელი, ახმეტელი, ლაგოდეხელი და სიღნაღელი მწვრთნელები
დაესწრებიან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების,
კლუბების
– „აკადემიის“, „ჰიუნდაის“ და „დინამოს“ ვარჯიშებს და გაივლიან როგორც
თეორიულ, ისე პრაქტიკურ სემინარებს.
 კახეთის შემდეგ
იგეგმება პროგრამაში შიდა ქართლის რეგიონის მწვრთნელთა ჩართვა. გორის საკალათბურთო
სკოლის წარმომადგენლები თბილისში რამდენიმედღიან სემინარებს გაივლიან და
საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელებთან ცოდნა-გამოცდილებას გაიღრმავებენ.

 

 პრესკონფერენციას
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა, მწვრთნელთა
კავშირის წევრები და პროგრამის პირველ ეტაპში მონაწილე მწვრთნელები ესწრებოდნენ. 
კახა შენგელია
(კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): სემინარები ხორციელდება
რეგიონის მწვრთნელებისთვის, რომლებიც დაესწრებიან ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა
თამაშებსა და ვარჯიშებს.  ასაკობრივ ნაკრებებში
მომუშავე მწვრთნელები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით დიდ გამოცდილებას იღებენ, რასაც
რეგიონის მწვრთნელებსაც გაუზიარებენ.  სემინარი
მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არ ჩატარდება  და
შევეცდებით მაქსიმალურად კვალიფიციური მწვრთნელები შევარჩიოთ.
ნოდარ ავალიშვილი
(კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): მწვრთნელთა
გადამზდების პროგრამა მთელ საქართველოს მოიცავს. პირველ
ეტაპზე პროგრამას კახეთის ფედერაცისთან ერთად ვახორციელებთ.  კახეთის რეგიონიდან ჩამოსულ მწვრთნელებს უტარდებათ
თეორიული და პრაქტიკული სემინარები მაღალკვალიფიციური მწვრთნელებისგან, რომლებიც მუშაობენ
 საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში
და კლუბებში. რეგიონის მწვრთნელები სხვადასხვა კლუბების მწვრთნელების
 მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნენ და  ვარჯიშებში ჩაერთნენ.
ოთარ ბრაგვაძე
(კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):  როდესაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად
განვიხილეთ კახეთის კალათბურთის განვითარების გეგმები, უპირველესი იყო მწვრთნელების
მომზადების საკითხი. რადგან  მათი კვალიფიკაციის გარეშე კალათბურთის განვითარება
წარმოუდგენელია.  სასიხარულოა რომ სემინარებში  მონაწილეობას იღებენ ნაკრების მწვრთნელები, რომლებიც ყველანაირად  გვეხმარებიან ჩვენი მწვრთნელების მომზადებაში.

 ვლადიმერ ბოისა (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
ვიცე პრეზიდენტი):  ყველას სჭირდება სემინარები
და კვალიფიკაციის ამაღლება, ეს არავისთვის იქნება ზედმეტი. აღნიშნული პროექტი ერთჯერადი
არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება.