მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების მეორე ეტაპი ბათუმიდან დაიწყო

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების მეორე ეტაპი ბათუმიდან დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპი დღეს ბათუმში დაიწყო. ფედერაციის მიერ მოწვეულმა სერბმა და ხორვატმა მწვრთნელებმა, რომლებსაც ასისტენტობას არჩილ ჟღენტი უწევდა, ბათუმელ და ფოთელ მწვრთნელებს სემინარები ჩაუტარეს. აღნიშნულ თემებზე გამოცდები დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც მწვრთნელები აღნიშნული პროგრამის მეორე ეტაპის ლიცენზიებს მიიღებენ. 
აღნიშნული ლიცენზია 14-18 წლების ასაკის მოზარდებთან მუშაობის საშუალებას და კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდის გამოყვანის საშუალებას იძლევა. ბათუმის შემდეგ ანალოგიური სემინარები გაიმართება ქუთაისსა და თბილისში, რომლებსაც შესაბამისი რეგიონების კალათბურთის მწვრთნელები დაესწრებიან.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით პირველი ეტაპი გასულ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 200-ამდე მწვრთნელმა მიიღო და მათგან 161-მა  მინი-კალათბურთსა და 14-წლამდელებში მუშაობის ლიცენზიაც დაიმსახურა.
მომავალში იგეგმება მესამე და უკანასკნელი ეტაპი, რომელიც იმ მწვრთნელთათვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც 18 წლისა და უფროს ასაკებში, მათ შორის სუპერლიგის გუნდებში მუშაობენ.